წვდომის მენიუ

თებერვალი 29, 2016 12:44

სს „ჯი ენ ენ“-ს ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს  სს „ჯი ენ ენ“-ს ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო 3408.22 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სს „ჯი ენ ენ“-ი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპერატორი იყო, რომელიც კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად (http://analytics.gncc.ge/) მომსახურებას  2015 წლის მარტის თვემდე დაახლოებით 11 500 აბონენტს აწვდიდა. ამავე წლის აპრილში კომპანიის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და 245 აბონენტი შეადგინა. დაახლოებით იგივე სურათი შენარჩუნდა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. კომისია დაინტერესდა, თუ რამ განაპირობა კომპანიის აბონენტების ასეთი მაშტაბური შემცირება. ასევე, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კომისიის რეგლამენტის“ შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო საკუთარი აბონენტებისთვის ეცნობებინა მომსახურების შეწყვეტის თაობაზე ერთი თვით ადრე, კომისია სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ ამ ვალდებულების შესრულების შესახებაც ითხოვდა მტკიცებულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელების პროცესში უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია, ავტორიზებული პირი კი ვალდებულია შესაბამის ვადაში უზრუნველყოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა. კომპანიამ, კომისიის წერილობითი მოთხოვნების მიუხედავად, არ უზრუნველყო აბონენტების კლებასთან დაკავშირებული შესაბამისი ახსნა-განმარტებების წარმოდგენა კომისიაში, რის გამოც 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილებით კომპანია წერილობით გაფრთხილდა და დაევალა ზემოთხსენებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

სს „ჯი ენ ენ“-მა წერილობითი გაფრთხილების შემდეგაც, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში საპასუხო ინფორმაცია არ წარმოადგინა კომისიაში, რის გამოც 2016 წლის 25 თებერვალს გამართულ სხდომაზე კომპანიას უკვე ფინანსური სანქცია 3408.22 ლარის ოდენობით დაეკისრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები