ოქტომბერი 26, 2012

„სტერეო +“ სამი ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „სტერეო+“–ს სანქცია დაეკისრა სამი ათასი ლარის ოდენობით.

2012 წლის 18 ოქტომბერს შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელის, დავით ზილფიმიანის მომართვის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა, რომელსაც თავად „სტერეო +“–ის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ზილფიმიანიც ესწრებოდა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სტერეო+“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, „მეცხრე არხის“ სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა ე.წ „ღია ლინკის“ საშუალებით, ღია ეთერში. „სტერეო+“ ამ მომსახურებას NF13 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა. საგულისხმოა, რომ NF13 ლიცენზიით გაცემული სიხშირული ზოლი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულია   მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის. ამ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მოსახლეობამდე სამაუწყებლო სიგნალის ე.წ. „ღია ლინკით“ საჯარო გავრცელება წინააღმდეგობაში მოდის  NF13 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან, „რადიოსიხშირეთა განაწილების ეროვნულ გეგმასთან“ და ასევე „ITU“ რეგლამენტთან რასაც „სტერეო +“ ახორციელებდა.

აღნიშნული დარღვევის გამო შპს „სტერეო +“–ს ერთხელ უკვე დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება, თუმცა კომპანიამ კვლავ განაახლა მისი კუთვნილი ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

საკითხის საჯარო განხილვას ესწრებოდა, როგორც შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი, ასევე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი, კახა ბექაური. სხდომაზე ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა.

ყველა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ კომისიამ შპს „სტერეო+“–ის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები