მაისი 14, 2014

თბილისში ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) ორდღიანი კონფერენცია იმართება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენციას, 2014 წლის 15 მაისს 09:00 საათზე, სასატუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) გენერალური დირექტორი, ლუის იურგე რომერო სარო და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აკაკი სიხარულიძე მისასალმებელი სიტყვით გახსნიან.

ორდღიანი სემინარის მსვლელობისას ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ხელმძღვანელობა მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების (LTE) დანერგვის და განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ, ასევე, საუბარი იქნება უსადენო ფართოზოლოვან ქსელთან დაშვების მომსახურების პერსპექტივაზე. ევროპელი ექსპერტები მედია კონტენტის გავრცელების ბაზარის მომავალზე და მომდევნო თაობის ქსელების (NGN)  შესაძლებლობებზეც ისაუბრებენ.

კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს წარმომადგელნები დაესწრებიან. სემინარს, ასევე წამყვანი მაუწყებლები, ინტერნეტპროვაიდერები, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებიც დაესწრებიან. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები