სექტემბერი 28, 2012

ტელეკომპანია „ეკომს“ სანქცია დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „ეკომს“ სანქცია დაეკისრა.

,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების თანახმად 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტი არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს.

შპს ,,ეკომს“ 2012 წლის 19 აგვისტოს შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია კომპანიის ოთხი კვირის სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი, შესაბამისად კომისიაში შექმნილი მედია მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა შეფერხდა და ვერ მოხერხდა ამ კომპანიის სამაუწყებლო ბადის დამუშავება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტის თანახმად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ  აღნიშნული ინფორმაცია.

საკითხის საჯარო განხილვის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, შპს „ეკომს“ სანქციის სახით, წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები