ნოემბერი 09, 2012

ტელეკომპანია „მაესტრომ“ მისთვის არასასურველი სიუჟეტი არ გაუშვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა, ილია კიკაბიძემ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2012 წლის 7 ნოემბერს მიმართა.

მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე კომისიამ საჯარო ინფორმაციის გაცემის  კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადა გამოიყენა.

2012 წლის 8 ნოემბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოვიდა და მოითხოვა, წინა დღეს გამოთხოვილი ინფორმაციის ადგილზე გაცნობა, რისი კანონიერი უფლებაც ჰქონდა. კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს’ გადამღებ ჯგუფს მათი მოთხოვნის შესაბამისად ტელეკომპანია „GMG“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყველა ხელშეკრულება გააცნო, რომელიც „GMG“-ს სამაუწყებლო პროდუქციაზე ნებართვებს ასახავდა.

გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა ტელეკომპანია „GMG“-ს ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის თარიღები, ხელშეკრულებების შინაარსი და ასევე, ის ფაქტი, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების 80%-ს ჩაბარებაზე  კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გიორგი რატიშვილი აწერს ხელს. დანარჩენს კი ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები. აქვე დავამატებთ,  GMG“-ს მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები კომისიიდან არაერთ კომპანიას გაუთხოვია გიორგი რატიშვილის მუშაობის პერიოდშიც.

ამის შემდეგ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჯგუფმა კომისიის კანცელარიაში შემოსული წერილების ჟურნალში სათითაოდ გადაამოწმა და გადაიღო ამ ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის თარიღები.

ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემთხვევაში საზოგადოებისთვის საინტერესო ორ კითხვას გაეცემოდა პასუხი: პირველი, რომ კომისიის კანცელარიის ჟურნალში წერილები წინა რიცხვით არ ტარდება და თითოეულ წერილს აქვს რეგისტარციის ნომერი, ასევე ჩაბარების შესახებ დამადასტურებელი ხელმოწერა და თარიღი. მეორე, რომ ბატონმა გიორგი რატიშვილმა იცრუა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, როდესაც განაცხადა, რომ მას ტელეკომპანია „GMG“-ს ხელშეკრულებებზე ხელი არ მიუწვდებოდა.

თუმცა სიუჟეტი ეთერში არ გასულა. ძალიან ვწუხვართ, რომ ზოგიერთი ტელეკომპანია ივიწყებს ობიექტურობის დაცვის პრინციპს. 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები