მარტი 24, 2014

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ლიცენზია გაუქმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

საჯარო სხდომას ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ესწრებოდა.  ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა, რამაზ სამხარაძემ კომისიას მადლობა გადუხადა, რადგან 2014 წლის 20 მარტს გამართულ სხდომაზე სამხარაძემ საკითხის განხილვის არსებითი სხდომის გადადება ითხოვა, რაც კომისიამ დაუკმაყოფილა. სამხარაძე ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებით შეხვედრას გეგმავდა.

შეგახსენებთ, კომისიამ ეს საკითხი კონტროლზე  მას შემდეგ აიყვანა, რაც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა 2013 წლის 19 აგვისტოს  ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და ამავე დღეს 21:00 საათზე, „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი,  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.

სწორედ ამ გარემოებების გათვაისწინებით, დღევანდელ სხდომაზე კომისიამ სამი წევრის შემადგენლობით (აკაკი სიხარულიძე, სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი  მოსეშვილი) ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის წევრი, კახი ბექაური სხდომას არ დასწრებია.

საჭიროა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გარდა, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით ავტორიზაცია აქვს გავლილი მაუწყებლობაზე, რაც საკაბელო ქსელების გამოყენებით მაუწყებლობის ნებართვას იძლევა. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები