იანვარი 08, 2014

ტელეკომპანია „სამეგრელოს“ ლიცენზიის გაუქმების საკითხი 22 იანვარს განიხილება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს ,,სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

სხდომას ტელეკომპანია სამაგერლოს დირექტორი, დარეჯან კვარაცხელია ესწრებოდა, რომელმაც კომისიის წევრებს საკუთარი პოზიცია გააცნო.

შეგახსენებთ, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ მონიტორინგზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ტელეკომპანია „სამეგრელო“, რომელიც ფლობს სამაუწყებლო ლიცენზიებს ქ. ზუგდიდში და ქ. სენაკში, 2013 წლის 4 ივლისიდან, 132 დღის განმავლობაში არ ახორციელებდა მაუწყებლობას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „სამეგრელოს“ სამაუწყებლო ლიცენზიების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

კომისია, საკითხის არსებითი განხილვის სხდომას 2014 წლის 22 იანვარს 16:00 საათზე გამართავს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები