დეკემბერი 06, 2013

ტელეკომპანია „სამეგრელოს“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ტელეკომპანია „სამეგრელო“, რომელიც ფლობს სამაუწყებლო ლიცენზიებს ქ. ზუგდიდში და ქ.სენაკში, 2013 წლის 4 ივლისიდან, 132 დღის განმავლობაში არ ახორციელებდა მაუწყებლობას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „სამეგრელოს“ სამაუწყებლო ლიცენზიების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები