ოქტომბერი 26, 2012

ტელეკომპანია „ტელეარხი –25“–ს სანქცია დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „ტელეარხი–25“–ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო სანქცია დაეკისრა.

მედიგამჭვირვალობასთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად ყველა მაუწყებელს დაევალა შესაბამისობის დეკლარაციის საკუთარ ვებგვერდზე ატვირთვა და ასევე, კომისიაში წარმოდგენა. ამავე კანონის თანახმად მაუწყებელთა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ყველა  მაუწყებელი ვალდებულია ცვლილების შესახებ აცნობოს კომისიას ათი დღის ვადაში და ასევე, ატვირთოს საკუთარ ვებგვერდზე. სწორედ ეს დარღვევა დაუფიქსირდა ტელეკომპანია „ტელეარხი–25“–ს, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდა, რაც ტელეკომპანიას არც საკუთარ ვებგვერდზე გამოუქვეყნებია და არც კომისიაში წარმოუდგენია.

საკითხის საჯარო განხილვაზე, ტელეკომპანია „ტელეარხი–25“–ს წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც დაადასტურა დარღვევის არსებობა.

კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „„ტელეარხი–25“–ს წერილობითი სანქცია, გაფრთხილება დაეკისრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები