ნოემბერი 10, 2011

ტელეკომპანია „თრიალეთი“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა 2011 წლის 9 ნოემბერს შიდა ქართლში საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტორი ოპერატორების მონიტორინგი ჩაატარა. შემოწმდა სამი საკაბელო კომპანია: შპს „კოსმოსი“, შპს „ტვ გორი“ და საკაბელო ოპერატორი „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთი“ (და არა ტელეკომპანია „თრიალეთი“).

„ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ტარნზიტზე ავტორიზაცია 2010 წლის 16 თებერვალს აქვს გავლილი, კომპანია საკუთარი საკაბელო ქსელით 40 არხის რეტრანსლირებას ახორციელებს.  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ყველა პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები იმ სამაუწყებლო არხებზე, რომელთა რეტრანსლირებასაც ახორციელებს. „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არც ერთი ხელშეკრულება წერილი წარმოდგენილი არ აქვს. გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ოპერატორი „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთი“ პირველად შეამოწმა და მათ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ გაეფორმებინათ ყველა საჭირო ხელშეკრულება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საკაბელო ოპერატორების მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს. საქართველოს ტერიტორიაზე საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაცია 122 იურიდიულ პირს აქვს გავლილი, შესაბამისად მონიტორინგი სხვადასხა რეგიონში სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება. ამას ადასტურებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნებული უამრავი გადაწყვეტილება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელის, ბადრი ნანეტაშვილის განცხადება, სულ მცირე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. კომისიას რჩება შთაბეჭდილება, რომ ბ–ნ, ნანეტაშვილი ცდილობს, მისი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა შეუსრულებლობა გადაფაროს პოლიტიკური განცხადებებით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები