ტელეკომპანიებს „მეცხრე არხი“, „მაესტრო“ და „იმედი“ სანქცია არ დაეკისრებათ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 11 აპრილს გამართულ სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი განიხილა.
პოლიტიკური პარტია ტელეკომპანიებისთვის – „მაესტრო“, „იმედი“ და „მეცხრე არხი“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვდა, რადგან ხსენებულმა ტელეკომპანიებმა წინასაარჩევნო პოლიტიკური უფასო რეკლამისთვის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არ დაუთმეს საეთერო დრო.
საჯარო სხდომას, ესწრებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ასევე ტელეკომპანიების „იმედი“ და „მეცხრე არხის“ წარმომადგენლები. ტელეკომპანია „მაესტროც“ გაფრთხილებული იყო სხდომის ჩატარების შესახებ, თუმცა მისი წარმომადგენელი სხდომას არ დასწრებია.
საჩივრის განხილვის პროცესში ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.
სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების და კომისიის მაუწყებლობის რეგულირების და სამართლებრივი დეპარტამენტების პოზიციების მოსმენის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსში“ შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლების ვალდებულება. თუმცა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ეს დეფინიცია განმარტებულია. რადგან კანონი იცნობს მაუწყებლის გეოგრაფიული არეალის მხოლოდ ორ, ადგილობრივ და ეროვნულ მაუწყებლობას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დღევანდელი რედაქცია თანამგზავრული მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელს აძლევს საშუალებას სამაუწყებლო სიგნალით საქართველოს მოსახლეობის 90%–ზე მეტი უზრუნველყოს, რაც ამ მაუწყებელს ხდის ეროვნულ მაუწყებლად.
გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია, რომ შუალედური არჩევნების პროცესში წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო საეთერო დროის გამოყოფა მხოლოდ ადგილობრივი მაუწყებლის ვალდებულებაა და არა ეროვნული მაუწყებლების, და თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის აღება მხოლოდ სალიცენზიო მოსაკრებელის, ორი ათასი ლარის გადახდით არის შესაძლებელი, იქმნება საფრთხე, რომ კანონით განსაზღვრული წინასაარჩენო პერიოდში პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო საეთერო დროის გამოყოფა არც ერთი მაუწყებლის ვალდებულება აღარ იქნება. კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ეჭვქვეშ აყენებს კანონის აღსრულებას, და ამით, ასევე საშუალებას აძლევს ადგილობრივ მაუწყებლებს თავი აარიდონ კანონით განსაზღვრული წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო საეთერო დროის გამოყოფას.
მიუხედავად ამ მოსაზრებისა, კომისიამ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, შემდგარიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. თუმცა, გამომდინარე ამომრჩეველთა ინტერესებიდან, რომ არჩევნების დღისთვის თითოეულმა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, კომისიამ რეკომენდაციის სახით მოუწოდა ყველა ეროვნულ მაუწყებლებს, მათ შორის ტელეკომპანიებს „იმედი“, „მეცხრე არხი“ და „მაესტროს“ გამოყონ საეთერო დრო უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამისთვის.