წვდომის მენიუ

ოქტომბერი 05, 2016 13:08

თუშეთს ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ტელემაუწყებლობა აქვს

საქართველოში ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელის მოცვის არეალის გაფართოვების პროცესი გრძელდება. ეროვნული სატელევიზიო ქსელის მფლობელმა შპს „ტელერადიო ცენტრმა“ თუშეთში, კერძოდ, აბანოს ქედზე ახალი სარელეო სადგური დაამონტაჟა. ასევე, სოფელ ომალოში დამონტაჟდა ახალი ციფრული მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო სადგური, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს.

ომალოს მცხოვრებლებს საშუალება აქვთ მიიღონ შემდეგი ქართული არხების გადაცემები: პირველი არხი (მაღალი და სტანდარტული ხარისხით),  მეორე არხი, აჭარის ტელევიზია.

ტელემაუწყებლობის მისაღებად აუცილებელია სეტ ტოპ ბოქსი და დეციმეტრული დიაპაზონის ანტენა.

თუშეთში მიწისზედა ღია საეთერო ტელემაუწყებლობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შეწყდა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის და მკაცრი კლიმატური პირობების გამო სატელევიზიო სიგნალის გადამცემი მოწყობილობების ფუნქციონირება წლების განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელის ჩრდილოვანი ზონების დაფარვის მიზნით სამუშაოები უკვე დასრულებულია და გადამცემები ჩართულია შემდეგ გეოგრაფიულ პუნქტებში: ანანური, ბარისახო, გუდაური, სნო, ფასანაური, ქვეშეთი, წიფორი, ჭართალი (მცხეთა-მთიანეთი); კასპი (შიდა ქართლი), მრავალძალი (რაჭა), ურთა (სამეგრელო) და ტალახა (გურია). სამუშაო პროცესი გრძელდება შემდეგ გეოგრაფიულ პუნქტებში: არბოშიკი (კახეთი), არხოტი, მაღაროსკარი, ჩარგალი, მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), კოჯორი (თბილისი), მანგლისი (ქვემო ქართლი), მუწდი (სვანეთი), პანკისი (კახეთი), პატარა ონი (რაჭა), ღოდორა და ხარაგაული (იმერეთი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები