მაისი 15, 2012

ვიზიტი საფრანგეთის მარეგულირებელ ორგანოში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სიხშირეთა მართვის დეპარტამენტის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის და სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენლები საფრანგეთის აუდიოვიზუალური  მაუწყებლობის უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდნენ. კომისიის ვიზიტი საფრანგეთის დედაქალაქში  ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - ”მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში 2011-2012” - ფარგლებში, სრული დაფინანსებით განხორციელდა. 

სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კომისიის წარმომადგენლები ფრანგი კოლეგების გამოცდილებას ციფრული მაუწყებლობის დანერგვის სფეროში იზიარებდნენ. შეხვედრებზე მხარეები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები განიხილეს, ასევე, ისაუბრეს ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ. საფრანგეთის აუდიოვიზუალური  მაუწყებლობის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლებმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადართვის პროცესის ტექნიკური ნაწილიც განიხილეს და სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საფრანგეთმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი 2011 წელს დაასრულა, ამიტომ მათი გამოცდილება საქართველოსთვის უდავოდ საინტერესოა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები