მარტი 16, 2012

ხუთ სამაუწყებლო კომპანიას გაფრთხილება დეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ხუთ სამაუწყებლო კომპანიას სანქცია, გაფრთხილება დაეკისრა. სამაუწყებლო კომპანიებმა შპს ”ევროპა პლუს თბილისიმა”, შპს „აფხაზეთი TV”-მ, შპს ”კორტესი-გიდაგომ”, შპს ”სპექტრმა” და შპს ”ფოლკ-რადიომ” შესაბამისობის დეკლარაციები კანონით დადგენილ ვადაში  არ წარმოადგინეს კომისიაში და ასევე, არ განათავსეს თავიანთ ვებ. გვერდებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილის თვეში მიიღო მედიაგამჭვირვალობის გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც, ერთის მხრივ, აიკრძალა სამაუწყბელო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისთვის, ამავე ცვლილებების თანახმად, ყველა მაუწყებელს დაევალა 2012 წლის 1 იანვრამდე შეევსო შესაბამისობის დეკლარაცია, წარმოედგინა კომისიაში და ასევე, გამოექვეყნებინა საკუთარ ვებ. გვერდზე. რის შედეგადაც, საჯარო ხდება სამაუწყებლო კომპანიების დამფუძნებლების და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების შესახებ განცხადება 2011 წლის დეკემბრის თვეში გაავრცელა მასობრივი ინფომაციების საშუალებებით და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველა სამაუწყებლო კომპანიას მათი ვალდებულებები.

თუმცა, ზემოთ ხსენებულმა კომპანიებმა არ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში. შედეგად საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხუთივე კომპანიის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. მათ დაეკისრათ წერილობითი გაფრთხილება, ასევე დაევალათ 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისობის დეკლარაციების წარმოდგენა კომისიაში და ასევე, საკუთარ ვებ. გვერდებზე გამოქვეყნება.

გადაწყვეტილებების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები