მარტი 13, 2012

ზღვრული ტარიფი საერთაშორისო ოპერატორებისთვის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის (ზარის განხორციელების) ქვედა ზღვრული ტარიფი დააწესა. ახალი ტარიფის თანახმად 2012 წლის 1 მაისიდან  მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში (მობილურ ქსელში) საზღვარგარეთიდან შემომავალი ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი (კავშირის განხორციელება) 10 აშშ ცენტის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრულმა ტარიფმა 5 აშშ ცენტი შეადგინა.

კომისიამ 2005–2011 წლებში საერთაშორისო ტრაფიკის შემომავალი და გამავალი ზარების, ასევე ამ ზარების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლების და გადახდილი თანხების დინამიკა შეისწავლა. შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემომავალი ტრაფიკი (ზარების მოცულობა) მკვეთრად აღემატება გამავალ ტრაფიკს (გამავალი ზარების მოცულობა), რაც ადეკვატურად არ აისახებოდა  ქართული კომპანიების შემოსავლებზე.

კვლევის თანახმად, 2011 წელს საერთაშორისო ზარების განხორციელების შედეგად საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებაზე ავტორიზებული პირების საერთო მოგებამ 3.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომისია ვარაუდობს, რომ იგივე მომსახურებაზე მოგების მაჩვენებელი 20 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო ოპერატორებს ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფი განუსაზღვრა. რის შედეგადაც, მოხდება ტერმინაციის ფასების დაახლოება რეგიონში და ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე ფაქტიურად  არსებულ ფასებთან, ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების მაქსიმლური შეზღუდვა განხორციელდება, ასევე, საქართველოს კომპანიებს დამატებითი შემოსავლების მიღების საშუალება მიეცემათ და  შეიქმნება ჯანსაღი კონკურენტული გარემო.

 სატარიფო ცვლილება არ ეხება საქართველოდან განხორციელებულ საერთაშორისო ზარების საფასურს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები