მარტი 20, 2017 16:39

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის №818/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

მიღების თარიღი მარტი 09, 2017

ნომერი: 138 / 22


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9   გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის  მიზნით   კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის №818/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიამ 2016 წლის 18 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება N 757/11 „შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ აღნიშნა, რომ  „ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების და  „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილების მიხედვით შპს „მაგთიკომი“ ფიქსირებული მისამართიდან ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში დადგენილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაკისრებული აქვს  სპეციფიკური ვალდებულებები. შესაბამისად,  შპს „დელტა კომმისა” და შპს „დელტა ნეტის“, როგორც შპს „მაგთიკომთან“ აფილირებული ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით  კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9  გადაწყვეტილებებში აუცილებელია ცვლილების შეტანა.  

კომისიამ 2016 წლის 15 დეკემბრის  N818/23  გადაწყვეტილებით „ კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით, საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2017 წლის 26 იანვარს. კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N57/19 გადაწყვეტილებით  ზეპირი მოსმენის სხდომა გადაინიშნა 2017 წლის 9 მარტს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N817/11 გადაწყვეტილებით „შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის  მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“  შპს „დელტა კომმს“ თანხმობა მიეცა, შპს „დელტა-ნეტთან“ და შპს „ა-ნეტთან“ შერწყმაზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N56/11 გადაწყვეტილებით „შპს „დელტა კომის"  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს  „მაგთიკომის“  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ თანხმობა მიეცა შპს „მაგთიკომს“,  შპს „დელტა კომმის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის   შეძენაზე.

კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა დ. გოგიჩაიშვილმა  2017 წლის 9 მარტის კომისიის სხდომაზე  აღნიშნა, რომ  შპს  „მაგთიკომმა“   2017 წლის 6 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/2184-17) კომისიას აცნობა, რომ შპს „მაგთიკომსა“ და შპს „დელტა კომმს“ შორის გაფორმებული „საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების“ ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელდა შპს „დელტა კომმის“ კუთვნილი საცალო და კორპორატიული აბონენტებისთვის მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებული აქტივების შპს „მაგთიკომზე“ გადაცემა  და 2017 წლის პირველი მარტიდან  შპს „მაგთიკომი“ ახორციელებს საცალო და კორპორატიული აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდებას. რადგან შპს „დელტა ნეტის“ , შპს „დელტა კომმის“ და შპს „ა ნეტის“ აბონენტების  შპს „მაგთიკომის“ ქსელში გადაყვანა/მიგრაცია განხორცილდა, ამიტომ 2017 წლის პირველი მარტიდან აბონენტებს მხოლოდ შპს „მაგთიკომი“ ემსახურება. შესაბამისად, შპს „დელტა ნეტისთვის“,  შპს „დელტა კომმისთვის“ და „ა ნეტისთვის“ კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური  ვალდებულებების დაკისრება აღარ არის  აუცილებელი, რადგან ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებს  აღარ ჰყავთ საცალო აბონენტები, ხოლო შპს „მაგთიკომს“ კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის  №620/19 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელით საცალო  მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  წინასწარ რეგულირების ფარგლებში უკვე დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ  შეწყდეს კომისიის  2016 წლის 15 დეკემბრის №818/23  გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაიწყო კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9   გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის  მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია იზიარებს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის  არგუმენტაციას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა თაობაზე, და მიზანშეწონილად მიიჩნევს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და  IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:                                                                                          

1. შეწყდეს კომისიის  2016 წლის 15 დეკემბრის №818/23  გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის  მიზნით;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდეზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                        ე. ასანიძე  

კომისიის წევრი                                                                       გ. ფრუიძე 

კომისიის წევრი                                                                       მ. ქათამაძე 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები