ივნისი 19, 2012

ციფრული მაუწყებლობა – ახალი ერა სატელევიზიო სივრცის ტექნოლოგიურ განვითარებაში

მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა გადასულია ციფრულ მაუწყებლობაზე. ეს პროცესი დასავლეთ ევროპაში და ამერიკის შერთებულ შტატებში გასული საუკუნის 90–იან წლებში დაიწყო და განვითარებულ ქვეყნებში ანალოგური ფორმატის მაუწყებლობა ციფრული მაუწყებლობით შეიცვალა.

წინა საუკუნის ბოლო ოცწლეულში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს დაანახა, რომ  სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტური შესაძლებლობები არსებობდა.

დღეს საქართველოში ანალოგური ტელერადიომაუწყებლობა გვაქვს. ანალოგიური ქსელის პირობებში ერთ სიხშირულ 8 მეგაჰერციან ზოლში შესაძლებელია მხოლოდ ერთი პროგრამული არხის გადაცემა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით  შესაძლებელი გახდება სიხშირული სპექტრის გამოთავისუფლება, ანუ, ე.წ. „ციფრული დივიდენდის“ მიღება და იმ სიხშირულ არხში, რომელშიც, ანალოგური მაუწყებლობის პირობებში, მხოლოდ ერთი სამაუწყებლო არხის გატარება იყო შესაძლებელი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ    მეტი პროგრამული არხის გადაცემა იქნება შესაძლებელი.

ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის ამოწურვადი რესურსის უფრო ეფექტური და მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა ქვეყანას,  რასაც მოჰყვება საბაზრო კონკურენციის განვითარება, დაინერგება მრავალი ახალი ინოვაციური ტექნოლოგია (მაგალითად, მე–4 თაობის ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო სისტემები) და მომსახურება. მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ბევრად მაღალი ხარისხის სატელევიზიო გამოსახულებითა და ხმოვანი ინფორმაციით, პერსონალური და მობილური ტელევიზიით და ინტერაქტიული მომსახურებებით.

გარდა იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ბევრი პოზიტიური მოაქვს ყვეყნისთვის, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაც არის. ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირმა (ITU) ციფრულ მაუწყებლობაზე გადამსვლელი ქვეყნები სამი რეგიონად დაყო. საქართველო პირველ რეგიონში მოხვდა, მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან და თურქეთთან ერთად. ჟენევის კონფერენციაზე 2006 წელს მიღებული შეთანხმების თანახმად ე.წ. პირველი რეგიონის ქვეყნები და ირანის ისლამური რესპუბლიკა, 2015 წლის 15 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდნენ.  პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მაუწყებლობისთვის გამოყოფილი სიხშირეები დაუცველი აღმოჩნდება – ანალოგური ფორმატის სიხშირეები მეზობელი ქვეყნების ციფრული სიგნალით გადაიფარება და ქვეყანა მაუწყებლობის გარეშე დარჩება.

ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირმა (ITU) საქართველოში დღეს, ანალოგური მაუწყებლობის პირობებში, არსებული 25 სამაუწყებლო ზონა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის  ათ სამაუწყებლო ზონად დაყო. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად ყველა სამაუწყებლო კომპანია ვალდებულია სამაუწყებლო ზონის 90% მოიცვას. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს ავტომატურად უფართოვდებათ გეოგრაფიული არეალი.

მართალია, ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრული ფორმატის ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ციფრული საეთერო-სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის ქსელებით მომსახურება გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა კონკრეტული სისტემები, მათ შორის თანამგზავრული და საკაბელო.

დღეს არსებულ ანალოგურ მაუწყებლობასთან შედარებით ციფრულ ფორმატში მაუწყებლობას შემდეგი უპირატესობების გააჩნია:

  • უკეთესი გამოსახულება – ტერესტრიალური ციფრული ტელევიზიის (TDT) სისტემის გამოყენებით შესაძლებელია მაღალი გარჩევითუნარიანობის ტელევიზიის (HDTV) ტრანსლირება, რომლის გამოსახულების ხარისხი (გარჩევითობა) ანალოგური ტელევიზიის სისტემასთან შედარებით დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი ერთი და იგივე სიხშირული ზოლების გამოყენებისას. მას ასევე შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ფართო ეკრანიანი ფორმატის გამოსახულება პროპორციულობის კოეფიციენტით 16:9 ტრადიციული ტელევიზიის გამოსახულებასთან შედარებით, რომელთაც აქვთ  კვადრატთან დაახლოებული 4:3 პროპორციულობის კოეფიციენტი.
  • უკეთესი აუდიო ხარისხი – ტერესტრიალური ციფრული ტელევიზიის (TDT)  სისტემას შეუძლია გადასცეს კომპაქტური დისკის შესაბამისი ხარისხის მქონე სტერეო და მრავალარხიანი აუდიო სიგნალი. მას ასევე შეუძლია გამოიყენოს მრავალჯერადი აუდიო არხები მრავალენოვანი პროგრამების იმპლემენტაციისთვის.
  • პარაზიტული ზედდებისა და დამახინჯებისაგან თავისუფალი გამოსახულება -სატელევიზიო ეკრანზე არ ჩნდება პარაზიტული ზედდებისა და სხვა ფორმის დამახინჯებები (მაგალითად, მეზობელი არხების ინტერფერენცია, ტონის ინტერფერენცია, იმპულსური ხმაური).
  • მაღალი სპექტრალური და ენერგეტიკული ეფექტურობა -  ტერესტრიალური ციფრული ტელევიზიის (TDT) სისტემაში შემავალ თითოეულ არხს შეუძლია გადასცეს დაახლოებით 18 ანალოგური ტელევიზიის შესაბამისი სტანდარტული ხარისხის პროგრამა. ამასთან ერთად   TDT სისტემა მოიხმარს გაცილებით დაბალ გადაცემის სიმძლავრეს იმავე დაფარვის არეალისათვის.
  • მომხმარებლისათვის ”მეგობრული” ინტერფეისის არსებობა - ტერესტრიალური ციფრული ტელევიზიის (TDT)  სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონულ პროგრამულ მეგზურს (electronics program guide, EPG), რომელიც გამოიყენება სატელევიზიო პროგრამების და არხების არჩევის გასაიოლებლად. დროში წანაცვლებული გამოყენების სერვისით იოლად შეიძლება განხორციელდეს წინასწარ არჩეული პროგრამების ჩაწერა.
  • სხვა მედია საშუალებებთან მარტივი ინტერფეისის არსებობა - ვინაიდან TDT სისტემა წარმოადგენს მაღალი სიჩქარის მქონე ”ვირტუალურ ციფრულ მილსადენს”, მას შესაძლებელია ჰქონდეს უხილავი ინტერფეისები სხვა საკომუნიკაციო სისტემებთან და კომპიუტერულ ქსელებთან. ასევე იოლად შეიძლება დაინერგოს არაწრფივი რედაქტირება, ინფორმაციის შენახვა დანაკარგების გარეშე და შეღწევადობა ვიდეო მონაცემთა ბაზებთან.
  • მულტიმედია მომსახურებები და მონაცემთა გადაცემა - ვინაიდან TDT სისტემა წარმოადგენს სრულად ციფრულ სისტემას მას შუძლია მომხმარებელს მიაწოდოს მულტიმედია მომსახურებები და  ასევე უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემა. ასევე შესაძლებელია ინტერაქტიური მომსახურებების დანერგვა.
  • პირობითი დაშვება - ტერესტრიალური ციფრული ტელევიზიის (TDT)  სისტემაში შესაძლებელია განხორციელდეს მიმართვა თითოეული მომხმარებლისადმი კონტენტის სამართავად და დამატებითი მომსახურებისათვის.
  • ფიქსირებული, მობილური და პორტატული მომსახურების უზრუნველყოფა - სიგნალების მიღების შესაძლებლობების გათვალისწინებით TDT სისტემას შეუძლია უზრუნველყოს ფიქსირებული მიღებისას მონაცემთა მაღალსიჩქარიანი გადაცემა, პორტატული მიღების შემთხვევაში (დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას) - საშუალოსიჩქარიანი  გადაცემა, ხოლო ავტომობილში ჩამონტაჟებული მიმღებით (მაღალი სიჩქარით გადადგილებისას) - დაბალსიჩქარიანი გადაცემა.
  • ერთსიხშირიანი ქსელების (single frequency network, SFN) გამოყენება - იმის გათვალისწინებით, რომ TDT სისტემას აქვს ძალზე მაღალი იმუნიტეტი მულტიპლიკაციური (სხვადასხვა გზებით გავრცელებული სიგნალებით გამოწვეული) ხელშეშლების მიმართ, შესაძლებელია რომ  TDT გადამცემების ერთობლიობამ იფუნქციონიროს ერთსა და იმავე რადიო სიხშირეზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დაფარვისა და მომსახურების უკეთეს ხარისხს და ასევე აამაღლებს რადიოსიხშირული სპექტრის  გამოყენების ეფექტურობას.
  • პუბლიკაციები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება.

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები