მაისი 28, 2014

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღება დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობას ორი კომპანია შპს „მუქსი“ და შპს  „სტერეო +“ იღებს.

კონკურსანტემბა დოკუმენტაცია დალუქულ მდგომარეობაში წარმოადგინეს, ამიტომ ჯერ უცნობია კონკურსზე გამოტანილი ათი ლოტიდან თითოეულმა კონკურსანტმა რომელ ლოტზე წარმოადგინა განაცხადი.

მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა 2014 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე გაიხსნება კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია. კომისია, დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს კონკურსანტთა დისკვალიფიკაციის საკითხს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ, დისკვალიფიკაციის საფუძველი არ არსებობს და დოკუმენტაცია ხარვეზით არის წარმოდგენილი, განისაზღვრება გარკვეული ვადა ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად და დოკუმეტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად. სხდომა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება დასწრების შესაძლებლობა.

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის (ლიცენზიების) მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსთან დაკავშირებით ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება, 2014  წლის 1 ივლისს  13:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გამოიტანა კონკურსზე. თითოეულ ლიცენზიას დაახლოებით თხუთმეტი ეროვნული დაფარვის ტელემაუწყებლის გატარების შესაძლებლობა აქვს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები