ივნისი 02, 2014

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

დღეს, 2 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობას ორი კომპანია შპს „მუქსი“ და შპს  „სტერეო +“ იღებს. სხდომაზე კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა.

შპს „მუქსმა“  □ A+0 ლოტზე წარმოადგინა განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ კომპანია, მხოლოდ ერთი რადიოსიხშირულის სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძვის. MUX – A ლიცენზიის ფარგლებში შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ეროვნული ტელემაუწყებლობის გავრცელება. ასევე, ამ რადიოსიხშირული სპექტრის ფარგლებში შესაძლებელია საქართველოს 20 გეოგრაფიულ ერთეულში (head end) სხვადასხვა ადგილობრივი მაუწყებლობის გავრცელებაც.

შპს „მუქსის“ საკონკურსო დოკუმენტაციაში სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის ნაცვლად, წარმოდგენილი ჰქონდა ასლი. კომისიამ შპს „მუქსს“დედნის წარმოსადგენად დამატებით ხუთდღიანი ვადა განუსაზღვრა.

კონკურსში მონაწილე მეორე კომპანიამ შპს „სტერეო+“მა განაცხადი სამ ლოტზე წარმოადგინა კომისიაში, თუმცა დალუქული საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნამდე ერთ ლოტზე განაცხადი უკან გაითხოვა და საბოლოოდ □A+B+2 და □ B+2 ლოტებზე დატოვა განაცხადები.

□A+B+2 ლოტით შპს „სტერეო+“ ეცდება ოთხი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მოიპოვოს. MUX – A ლიცენზიის ფარგლებში შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ეროვნული ტელემაუწყებლობის გავრცელება. ასევე, ამავე ლიცენზიის ფარგლებში საქართველოს 20 გეოგრაფიულ ერთეულში (head end) სხვადასხვა ადგილობრივი ტელემაუწყებლის გავრცელებაც არის შესაძლებელი.  MUX - B  ლიცენზიაც ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა და განსაზღვრულია უფრო მეტად ქვეყნის მაშტაბით ეროვნული ტელემაუწყებლების გავრცელებისთვის. ამავე განაცხადის ფარგლებში შპს „სტერეო +“ გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს დამატებით ორ ლიცენზიას MUX – C  და MUX – D, რითაც ეროვნული დაფარვის ქსელების ფორმირებაა შესაძლებელი და განსაზღვრულია სამაუწყებლო სიგნალის გასავრცელებლად როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვის (Pay TV).

მეორე განაცხადი შპს „სტერეო+“-ს □ B+2 ლოტზე აქვს წარმოდგენილი. თუ კომპანია ამ ლოტის ფარგლებში გახდა გამარჯვებული, სამ ლიცენზიას მიიღებს, ანუ MUX - B  ეროვნული დაფარვის ქსელის ფარგლებში ღია ეთერით ტელემაუწყებელთა გავრცელებას უზრუნველყოფს, MUX – C  და MUX – D ლიცენზიების ფარგლებში კი, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შესაძლებელია სამაუწყებლო სიგნალის გავრცელება როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვის (Pay TV).

შპს „სტერეო+“-ს ორივე განაცხადის დოკუმენტაცია სრულყოფილად აქვს წარმოდგენილი.

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე კომისია კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დასკვნას წარმოადგენს. ამავე სხდომაზე კონკურსთან დაკავშირებით კონკურსანტებს და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა.  უშუალოდ საკონკურსო სხდომა, სადაც გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება, 2014  წლის 1 ივლისს  13:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გამოიტანა კონკურსზე. თითოეულ ლიცენზიას დაახლოებით თხუთმეტი ეროვნული დაფარვის ტელემაუწყებლის გატარების შესაძლებლობა აქვს.

საკონკურსო პირობების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge)

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები