ნოემბერი 16, 2018 15:36

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები (29.09.2018 – 28.10.2018)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 41 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. 

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს:

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები;

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მედია მონიტორინგს 29 მონიტორი ახორციელებს. მონიტორინგში კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ, რომლებიც მონიტორინგის დაწყებამდე სპეციალურად მომზადნენ.

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში, ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირების საგანია ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია სწავლობს ყოველ კონკრეტულ საკითხს და ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მონიტორიგნის შედეგებში მოცემულია ინფორმაცია ახალი ამბების პროგრამებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მონიტორინგის შედეგებში ცალ-ცალკეა ჩაშლილი საინფორმაციო გამოშვებებში სალომე ზურაბიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ დათმობილი დრო.

მონიტორიგნის შედეგებში ინფორმაცია ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც. კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

წინასაარჩევნო გარემო, დარღვევები და რეკომენდაციები:

საანგარიშო პერიოდში კომისიის მხრიდან სამი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:

-   საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტის დარღვევა;

-   წინასაარჩევნო დებატების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები;

-   კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია;

საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების საკითხები – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას, მაუწყებელმა  შემდეგი ინფორმაცია უნდა მიუთითოს: ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი, ან დამფინანსებელი; კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; საველე კვლევის ჩატარების დრო; გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; რა არეალში, ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ეფუძნება, თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი, ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; შერჩევის ზომა; ცდომილების ფარგლები; ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას სავალდებულო ინფორმაცია არ მიუთითა და, შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა შემდეგი მაუწყებლების მიმართ: შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ტელერადიო კომპანია თრიალეთი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „სტუდია მაესტრო“, ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წარედგინა შესაბამის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს.

კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებათავისუფალი საქართველოსპრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივრები განიხილა. საჩივრებში სამი ძირითადი მოთხოვნა იყო წარმოდგენილი: წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განუთავსებლობა, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროგრამებსა და არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ გადაცემებში (მათ შორის ახალი ამბების პროგრამები) მონაწილეობის უზრუნველყოფა.

კომისიამ აღნიშნულ საკითხზე 2018 წლის 18 და 25 ოქტომბერს საჯარო სხდომაზე იმსჯელა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განუთავსებლობის გამო შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის ოქმები შეადგინა. რაც შეეხება დებატების პროგრამაში მონაწილეობის საკითხს, მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას კომისია საარჩევნო პერიოდის გასვლის შემდგომ დაუბრუნდება და იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლების მიერ უზრუნველყოფილი არ იქნება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის დებატების პროგრამაში მონაწილეობა, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს. ამასთან,  მხარეს განემარტა, რომ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროგრამებსა და არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ გადაცემებში მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის შეტანა ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისიწინებულ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში[1].

წინასაარჩევნო დებატები – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. საანგარიშო პერიოდის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მთელ რიგ მაუწყებლებს ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა–განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა[2]. მაუწყებლებისაგან მიღებული პასუხების შესწავლის შედგომ კომისია გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია - საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.

სააგნარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა, ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში წარდგენილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არ ემსახურებოდა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ანთავსებდნენ. 

საანგარიშო პერიოდში (28.08-29.08) აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მხრიდ:

  1. მიხეილ ანთაძე - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ რეკლამებს.
  2. ზვიად ბაღდავაძე - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“ -  ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ და გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  3. ზვიად იაშვილი - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ და გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  4. ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ -  ანთავსებდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშემშლელ და გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  5. ირაკლი გორგოძე - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - ანთავსებდა დავით ბაქრაძის არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  6. ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – ანთავსებდა გრიგოლ ვაშაძის არჩევისათვის ხელისშემშლელ რეკლამებს.
  7. ვახტანგ გაბუნია – „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ – ანთავსებდა კახა კუკავას არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  8. აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – ანთავსებდა კახა კუკავას არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.
  9. გელა ხუციშვილი – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ანთავსებდა კახა კუკავას არჩევისთვის ხელისშემწყობ რეკლამებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ კანონებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ. კომისიას მიაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო რეკლამის ამგვარი გამოყენება არღვევს სამართლიანობის პრინციპს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი დრო ეთმობოდათ.

ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლის მოთხოვნით კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ მიმართა. კერძოდ, ორგანიზაცია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ზემოაღნიშნული ფორმით წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიისაგან გამოითხოვა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ განხორციელებული ფასიანი და უფასო სატელევიზიო რეკლამის განთავსების შესახებ. კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018 წლის 17 ოქტომბერს წერილობით მიაწოდა.

საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოგამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის დროის გაზრდასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება ეჭვქვეშ აყენებს მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას და შეიცავს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიისათვის აღნიშნული განცხადება მიუღებელია. კერძოდ:

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ 3 საათში 7,5 წუთს შეადგენს, 17 სექტემბრიდან გაზარდა. “რუსთავი 2“-მა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე უფასო პოლიტიკურ რეკლამას ყოველ 3 საათში 10 წუთი, 2018 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე - 14 წუთი, ხოლო 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე კვლავ 10 წუთი დაუთმო.

ვინაიდან, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტის გაზრდის თაობაზე, კომისიამ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პლურალიზმისთვის არ შექმნილიყო საფრთხე, რეკომენდაციით მიმართა მაუწყებლებს გაეთვალისწინებინათ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და მოუწოდა უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაენაწილებინათ თითოეულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამზე მეტი არ ყოფილიყო, რაც ემსახურება ყველა კვალიფიციური და არა ერთი  საარჩევნო სუბიექტის ინტერესებს, როგორც ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უთითებდა.

საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდას, ასევე, შესაძლოა გამოეწვია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახებოდა შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კიდეც ერთი განცხადება წინასაარჩევნო რეკლამას ეხებოდა, რომლის თაობაზეც კომისიას მაუწყებლებმა შეკითხვებით მიმართეს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე რამდენჯერმე დეტალური განმარტება გაკეთდა (28.09.2018[3]; 01.10.2018[4]), კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ განმარტებაა საჭირო.

რეკლამის, რომლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონით იკრძალება არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განთავსება. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადო და არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება.

კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“ წერილობით მიმართეს, სადაც მაუწყებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ მათთან წარდგენილი ვიდეორგოლების კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მათი უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით განთავსებასთან დაკავშირებით, კომისიის პოზიციას ითხოვდნენ.

კომისიამ 25 სექტემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი - პასუხი მაუწყებლების შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიებს შეახსენებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს სამაუწყებლო წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებთან მიმართებით.

შესაბამისად, უსაფუძვლო იყო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის გაგზავნილ წერილებში საუბარი იყო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განხილვაზე,    თითქოს კომისიამ უკვე იმსჯელა კონკრეტულ რგოლებთან დაკავშირებით და გარკვეული სახის დირექტივებიც გაუგზავნა მაუწყებლებს.

კომისიის მიერ გაკეთებული განცხადებები და მაუწყებლებთან გაგზავნილი წერილი ემსახურება იმ მიზანს, რომ წინასაარჩევნო მედია გარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და არ ჰქონდეს ადგილი ვინმეს მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.  ამასთან, მათი მიზანია რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პრევენცია, რაც ვერ შეფასდება როგორც ტელევიზიებისა და ოპოზიციური პარტიების ქმედებების შეზღუდვა, მითუმეტეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.

მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს საკითხი. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო რეკლამებთან დაკავშირებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევის საკითხის განხილვა არავითარ შემთხვევაში არ სცდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან, კომისიის მიერ კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება დაუშვებელია შეფასდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.

საპრეზიდენტო კანდიდატები არაპოლიტიკურ გადაცემებში - კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის, ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები, ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება. 

მაუწყებლების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა შემდეგ არაპოლიტიკურ გადაცემებში მიეცათ:  

რუსთავი 2: გრიგოლ ვაშაძე და შალვა ნათელაშვილი მონაწილეობდნენ გადაცემაში „ვანოს შოუ“.

„ტელეიმედი“:  საანგარიშო პერიოდში ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდა გადაცემაში „ღამის შოუ“, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა გადაცემაში „რა დროს ძილია“ და „იმედის დილა“ , დავით ბაქრაძე მონაწილეობდა გადაცემაში „რა დროს ძილია“ და „იმედი დღე“, კახა კუკავა მოანწილეობდა გადაცემაში „იმედის დღე“.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება კომისიის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშის ფარგლებში.   



[1] საჩივართან დაკავშირებით მაუწყებელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საჩივრის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, ეს უკანასკნელი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას ღებულობს საჩივრის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში.

[2] კომისიის 2018 წლის 07 ნოემბრის N04/3626–18 წერილი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები