კომუნიკაციების კომისიასა და ICANN-ს შორის ურთიერთთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი
კომუნიკაციების კომისიასა და მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას (ICANN) შორის დომენურ სახელთა სისტემის (DNS) ეკოსისტემის განვითარებისა და ეროვნული დომენური სახელების (IDNs) პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში ინტერნეტის მმართველობის, WHOIS-ის, უნივერსალური მიმღებლობისა და დომენურ სახელთა სისტემის დაცულობის თაობაზე ICANN-ისა და კომისიის ერთობლივი პროექტების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების განხორციელება იგეგმება, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN), რომელიც 1998 წლის 21 ნოემბერს ჩამოყალიბდა, სრულად პასუხისმგებელია ინტერნეტის ტექნიკურ ფუნქციებზე, კოორდინაციას უწევს ერთიანი საყოველთაო ინტერნეტის ფუნქციონირებასა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერნეტის გაფართოებისა და განვითარების საქმეში.
საქართველო, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლობით, 2009 წლიდან ICANN-ის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის წევრია. ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით ICANN-სა და კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება: აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დომენურ სახელთა სისტემის დაცულობის გაძლიერებას, რაც ინტერნეტის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
ICANN-სა და კომუნიკაციების კომისიას შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ ფაილში.
