წვდომის მენიუ

ივლისი 08, 2025 14:35

ComCom-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენცია „Capacity Eurasia 2025“-ში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სიჭინავა, სტამბოლში გამართულ „Capacity Media”-ის საერთაშორისო კონფერენციას - „Capacity Eurasia 2025“ - დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წევრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ორი კონტინენტის დამაკავშირებელი ახალი ციფრული ჰაბები“, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს გააცნო საქართველოს პოზიციონირება როგორც რეგიონული ციფრული დამაკავშირებელი ჰაბის და ამ პროცესში, ComCom-ის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

სესიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ორი კონტინენტის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნების ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების საკითხების განხილვას ისახავდა, ეკატერინე იმედაძემ განაცხადა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელსაც აქვს პირდაპირი წყალქვეშა კავშირი ევროკავშირთან, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს ნეიტრალურ, სტაბილურ და უსაფრთხო მონაცემთა მიმოცვლის პლატფორმად. გარდა ამისა, მან ისაუბრა ComCom-ის ინიციატივებზეც, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ხარისხიანი და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ღია წვდომასა და ციფრულ ინკლუზიურობას:  „მარეგულირებლის როლი გადაიზრდება ზედამხედველობიდან - შესაძლებლობების შემქმნელის ფუნქციაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი მხრივ ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება ღია, ინკლუზიური და სანდო; რეგულირების მოდელი კი - მოქნილი, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული.“ - აღნიშნა მან და აუდიტორიის ყურადღება მომავლის პერსპექტივებზეც გაამახვილა: „როდესაც ციფრული ხიდები შენდება კონტინენტებს შორის, ჩვენი, როგორც მარეგულირებლის ამოცანაა, რომ ეს ხიდები იყოს არა მხოლოდ სწრაფი და ეფექტიანი, არამედ ინკლუზიური, სანდო და მდგრადი. საქართველო მზად არის გახდეს ასეთი ხიდი - ერთიანი ციფრული მომავლის შემქმნელი.“ - განაცხადა ComCom-ის წევრმა. აღსანიშნავია, რომ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო და პოლიტიკის სფეროს ლიდერები იღებდნენ.

ღონისძიება ასევე დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას, როგორებიცაა: ალტერნატიული დაკავშირების გზების განვითარება; კავშირგაბმულობის კუთხით არსებული სხვადასხვა გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური ვითარების გავლენის შეფასება რეგიონში არსებულ მონაცემთა ცენტრებზე; ტელეკომუნიკაციების ბაზრის გაძლიერების მიზნით AI-ის განვითარებაში ინვესტიციების წახალისება; ქსელის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით ტელეკომ კომპანიებისა და სერვისების ტრანსფორმაცია; წყალქვეშა გზების, ბოჭკოვანი კაბელების, თანამგზავრული ქსელებისა და რეგიონის დაკავშირებადობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის  განვითარება და სხვა.

„Capacity Eurasia 2025“ კონფერენციის მიზანია ევრაზიის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებიდან ტელეკომ ოპერატორების, ინდუსტრიის წარმომადგენლების, ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე უწყებების და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების გაერთიანება და ევრაზიის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების განხილვა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები