ComCom-მა „ილიონი“ ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ილიონი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, 11:00 საათზე, „ილიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა „დილის პოლიტიკური ლაივი“, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო ლექსიკას წამყვანის მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაში გამოყენებული უცენზურო ლექსიკა არ იყო კონტექსტით გამართლებული.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემები 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას წარმოადგენს, შესაბამისად, კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 06:00-დან 23:00 საათამდე ეთერში მათთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „ილიონის“ ეთერში უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო 11:00 საათიან გადაცემაში, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა კანონმდებლობა დაარღვია.
ტელეკომპანია „ილიონი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, შესაბამისად კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.