ComCom-მა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულ ქუთაისის 45-ე სკოლას მედიალაბორატორია მოუწყო
ComCom-მა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, უფროსკლასელების კატეგორიაში გამარჯვებულად ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლა გამოავლინა და თანამედროვე მედიალაბორატორიით, კერძოდ: ინტერაქციული დაფით, ლეპტოპით, მობილურის შტატივით, მიკროფონით და ლედ განათებით დააჯილდოვა. ამასთან, სკოლაში მოეწყო საერთო სივრცე, სადაც ყველა მოსწავლე ტექნიკის გამოყენებას და მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნას შეძლებს. მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოდ ბევრი, 500-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. თითოეულ მონაწილეს კი ComCom-მა სერტიფიკატი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ქ. ქუთაისის #45 საჯარო სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. სკოლას გამარჯვება ,,მედიაწიგნიერების კლუბის“ წევრების მიერ ოლიმპიადისთვის შექმნილმა ვიდეორგოლმა მოუტანა, სადაც მოსწავლეები მსჯელობენ თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს შშმ პირი თანამედროვე სამყაროს ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორიც დეზინფორმაციაა. მედიაწიგნიერების კლუბი სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ ცნობიერებას იმაღლებენ.
კონკურსში სკოლის სახელით I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ჩაერთნენ, რომელთაც ერთი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. გუნდებს ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა შეემუშავებინათ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“. ორი გამარჯვებული და ათი საუკეთესო ნამუშევარი ComCom-ის მედიაწიგნიერების პლატფორმაზეა განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის კატეგორიაში გამარჯვება თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ მოიპოვა, რომელსაც ComCom-მა თანამედროვე მედიალაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი გადასცა.
მედიაწიგნიერების ოლიმპიადა UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.