ComCom-მა ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ შეხვედრები გამართა

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრებზე განხილული იყო ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის გამიჯვნის მეთოდები, ასევე, ტროლებისა და ბოტების გარჩევის ხერხები. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ როგორც პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიებისა თუ დეზინფორმაციის საფრთხეებს, ისე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. შეხვედრები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა გუნდური დავალების შესრულების გზით კონკრეტული მაგალითების ანალიზსა და განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.