ივნისი 27, 2024 17:23

ComCom-მა შშმ პირებისთვის აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა. რეგულაციები მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ კონტენტი შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ.

შშმ პირების აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის წესის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლებისთვის აღნიშნული ვალდებულებები 2029 წლიდან შევა ძალაში და 2033 წლამდე, კოდექსითა და რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტების სრულად დანერგვა დაევალებათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 22 დეკემბერს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, კომისიას დაევალა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროექტი კომისიის ვებ-გვერდზე 1 თვის განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და დაინტერესებულმა პირებმა შენიშვნებისა და კომენტარების წარმოდგენა უკვე შეძლეს, რომელთა ნაწილიც ComCom-მა გაიზიარა, ნაწილზე კი შესაბამისი დასაბუთებული განმარტებები გაკეთდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები