ComCom-მა „ტვ 25“ და „ფარვანა“ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემების განუთავსებლობისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ტვ 25“ ეთერში ახალი ამბების პროგრამის განუთავსებლობისთვის, ხოლო „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის განუთავსებლობის გამო წერილობით გააფრთხილა. აღნიშნული ტელევიზიები საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს წარმოადგენენ, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, ვალდებულნი არიან ეთერში ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა განათავსონ.
ComCom-ის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული მაუწყებლების მიერ ავტორიზაციის პირობები და კანონმდებლობის მოთხოვნები არ სრულდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ 25“-ს და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი შინაარსის დარღვევისთვის არ დაკისრებია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.
