წვდომის მენიუ

ნოემბერი 20, 2024 18:35

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე ComCom-მა კომპლექსური კვლევის შედეგები წარადგინა

კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, საერთაშორისო კონფერენციაზე „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ აუდიტორიას ComCom-ის მიერ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგები წარუდგინა. პანელურ სესიაზე „კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა რეგულირებად ბაზრებზე - ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები“, ეკატერინე სიჭინავამ აღნიშნა, რომ კვლევის ფარგლებში შეფასდა როგორც ფიქსირებული, ისე მობილური მომსახურებების ბაზარი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, არის არაკონკურენტული და საჭიროებს წინასწარ რეგულირებას. მისივე თქმით, კვლევის შედეგად „მაგთიკომი“ როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოვლინდა. ეკატერინეს განცხადებით, კომუნიკაციების კომისიამ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით,  „მაგთიკომი“ მიმდინარე წლის ივლისში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად სცნო და მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, სპეციფიკური ვალდებულებები განუსაზღვრა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური სესია „კარტელთან ბრძოლა დაუცველ ბაზრებზე - ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები“, რომლის ფარგლებშიც, ComCom-ის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა, ლევან მაისურაძემ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიამომსახურებების სფეროში ანტიკონკურენტული თანამშრომლობის აღკვეთაზე ისაუბრა და ამ კუთხით, საქართველოს კანონმდებლობა თუ პრაქტიკული მაგალითები მიმოიხილა. საუბრისას, ლევან მაისურაძემ ყურადღება გაამახვილა მაუწყებლების მიერ „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევის პრეცედენტზეც, რომელიც დაკავშირებული იყო მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებების ბაზართან და ამ მიმართულებით, ComCom-ის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პანელური სესია თემაზე „მომხმარებელთა უფლებების დაცვა რეგულირებად ბაზრებზე - ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები“, სადაც მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, გვანცა ჩხეიძემ მიიღო და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ComCom-ის მიდგომები და განხორციელებული სამუშაოები მიმოიხილა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, უკვე მესამედ იმართება,  რომლის ფარგლებშიც, კონკურენციის სამართალი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები