„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2022 15:46

მიღების თარიღი ივნისი 09, 2022

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2022 წლის  9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
 
მუხლი 1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ (სსმ III, 23.03.2006 წ., №39, მუხლი 468)  შევიდეს   შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. მომხმარებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებელთან დაცული ინფორმაცია

1. მომსახურების მიმწოდებელთან დაცული უნდა იყოს მომხმარებლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

ბ) აბონენტისთვის გადაცემული ან მის მიერ გამოყენებული აპარატურის/მოწყობილობის მონაცემები;

გ) მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება/ხელშეკრულებები ან მასთან დაკავშირებული გარიგებები;

დ) გადახდების შესახებ ინფორმაცია;

ე) მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, გამავალი/შემავალი სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერი).

2. თუ სპეციალური კანონმდებლობით მონაცემთა შენახვის სხვა ვადა არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია ინახება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან 4 წლის განმავლობაში, ხოლო „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია  მომსახურების გაწევიდან ან ქმედების განხორციელებიდან 4 წლის განმავლობაში.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შენახვის ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების ავტომატური განადგურება. ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს.“.

მუხლი 2
1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მასთან დაცული ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მონაცემები  მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, გამავალი/შემავალი სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერი), რომელთა შენახვის ვადა გასულია დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის გაანადგუროს დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მონაცემები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, რომელთა შენახვის ვადა გასულია დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის გაანადგუროს არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, თუ მონაცემები დაცულია ელექტრონული სახით, ხოლო არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, თუ მონაცემები დაცულია მატერიალური სახით.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარე   კახი ბექაური
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები