შპს ”მობიტელისთვის” ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2012
მიღების თარიღი ივნისი 29, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (07.06.2012 №6/346-12) მიმართა შპს ”მობიტელმა” კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფისთვის პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის დამისამართების პრეფიქსის მინიჭების თაობაზე.
კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით” გათვალისწინებული პორტირების ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისთვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 4 ციფრიანია. ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე;
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”მობიტელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე და კომისიის 2012 წლის პირველი ივნისის №385/24 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურს VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; შესაბამისად, შპს ”მობიტელს” დამისამართების პრეფიქსი ესაჭიროება სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიანიჭოს შპს ”მობიტელს” დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-8 (შვიდი-ოთხი-ცხრა-რვა), ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”მობიტელს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-8 (შვიდი-ოთხი-ცხრა-რვა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”მობიტელისთვის” ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი