წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ

ნომერი: 95 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2016 12:30

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

2015 წელს საკომუნიკაციო და სამაუწყებლო აბაზრებზე გაჩნდა მომსახურების ახალი სახეობები, მაგალითად ციფრული მაუწყებლობა და მეოთხე თაობის მობილური კავშირი, რომელთა ანალიზის მიზნითაც აუცილებელია მომსახურების ამ სახეობების შესაბამისი სპეციფიკის ამსახველი ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცება.

საქართველო გაწევრიანებულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ITU), რაც მას მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს.  კომისიამ, როგორც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, აღნიშნულ ორგანიზაციაში ყოველწლიურად უნდა წარადგინოს განსაზღვრული ინფორმაცია ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ანახლებს წევრი ქვეყნების მხრიდან წარმოსადგენ ინდიკატორებს - ჩნდება ახალი ინდიკატორები, უქმდება ინდიკატორები, რომელთაც აქტუალობა დაკარგეს,  ხდება არსებული ინდიკატორების დაზუსტება. მაგალითად, ახალ ინდიკატორებს განეკუთვნება მობილური ქსელის LTE/WiMax და  M2M (machine to machine) აქტიური აბონენტების რაოდენობა, მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის  აბონენტების ქვეკატეკორიების დეტალიზაცია, LTE/WiMax ტექნოლოგიებით დაფარული მოსახლეობის მოცვის პროცენტული მაჩვენებელი და ა.შ. აქედან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ აუცილებელია განახლებული ინფორმაციის ასახვა სტატისიკური ანგარიშგების ფორმებში.

ინდიკატორების განახლებული ჩამონათვალი შესაბამისი დეფინიციებით დამტკიცდა 2015 წლის 2 დეკემბერს მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების  მე-13 სიმპოზიუმზე (WTIS-2015) იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირების უფლებამოსილების უფრო ეფექტიანად შესრულების მიზნით, მიზანშეწონილია  ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის მეტი დეტალიზება და სისტემატიზაცია. აღნიშნული დაზუსტებული მონაცემები, კომისიას საშუალებას მისცემს  წინასწარ უკეთ შეაფასოს ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე არსებული კონკურენციისათვის საფრთხის შემქმნელი ტენდენციები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციებისა სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის პროცესში გამოიკვეთა სტატისტიკური ფორმების ნაწილის სრულყოფის აუცილებლობა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმათა უმრავლესობა სრულად ვერ პასუხობს საკომუნიკაციო ბაზარზე კომისიის წინაშე მდგომ ამოცანებს,  რის გამოც კომისიას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და დამტკიცდეს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები მეტწილად ახალი პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.

კომისიას მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა უნდა დაევალოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს,  ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისია ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ფორმების შევსება უნდა მოხდეს იმ პირების მიერაც, რომლებიც გაივლიან ავტორიზაციას ან/და გახდებიან ლიცენზიანტები ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ გადაწყვეტიელბით განსაზღვრული სტატისტიკური ფორმების შევსების ვალდებულება აისახოს ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებებში, ხოლო ახალ ავტორიზებულ პირებს განემარტოთ, რომ კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად, ავტორიზაციის გავლის შემდგომ დაეკისრებათ სტატისტიკური ფორმების წარმოდგენის ვალდებულება  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირის და ასევე ყველა მაუწყებელის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შედარებადობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს უნდა დაევალოთ 2016 წლის მონაცემების კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის მე-4  და მე-5 პუნქტების შესაბამისად,   კომისიამ    კენჭისყრის შედეგად ხმათა  უმრავლესობით   (მომხრე: ვ. აბაშიძე, ე. ასანიძე, გ. ფრუიძე, კ. ბექაური.  წინააღმდეგი: მ.ქათამაძე):

გადაწყვიტა:

  1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები;
  2. დამტკიცდეს ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული  ფორმები (დანართი N1);
  3. ცნობილ იქნას N1 დანართი  ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
  4. ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  5. დაევალოთ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირებს 2016 წლის იანვრის მონაცემების კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების N1 დანართის შესაბამისად;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 11 თებერვლიდან;
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
  8. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი. ხარებავა):

ა) ახალი ავტორიზებული პირებისთვის/ ლიცენზიის მფლობელებისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გადაცემა;

ბ) ახალი ავტორიზებული პირებისთვის/ ლიცენზიის მფლობელებისთვის კომისიის სტატისტიკური ბაზის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა;

გ)  წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გევრდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება და ყველა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის გაგზავნა;

  1. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ვახტანგ აბაშიძე                   

კომისიის წევრი                                                                                    კახა ბექაური

 კომისიის წევრი                                                                                   ელისო ასანიძე

 კომისიის წევრი                                                                                    გიორგი ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                                                   მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები