წვდომის მენიუ

შპს”42 პარალელისთვის” ქ. ქუთაისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 255 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2017 18:10

მიღების თარიღი აპრილი 13, 2017

შპს”42 პარალელისთვის” ქ. ქუთაისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 9 მარტის №140/10 გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად   გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „42 პარალელი“. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, შპს „42 პარალელს“ განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  20%-ის - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი ლარი და 00 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „42 პარალელს“ 2017 წლის 9 მარტის №140/10 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2017 წლის 4 აპრილს. შპს „42 პარალელის“ მიერ 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 90% - 7,290.00 (შვიდი ათას ორასოთხმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარი და  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილ იქნა იმავე დღეს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2934-17).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლების, და კომისიის 2017 წლის 9 მარტის №140/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „42 პარალელს“ კერძო მაუწყებლობის №B191 ლიცენზია შემდეგი  სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური/შემეცნებით/გასართობი)  რადიომაუწყებლობა;

დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 13 აპრილის ჩათვლით;

ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ქუთაისი

97.5

FM

V

წრიული

500

42°16'49" N 42°44'10" E

45

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2.  მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;

3. შპს ”42 პარალელი” ვალდებულია:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები;

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

რ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ს) უზრუნველყოს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „42 პარალელისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „42 პარალელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „42 პარალელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ) მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ), ვ), ზ), მე–2, მე-3 და მე–5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები