წვდომის მენიუ

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატ ორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-21-10 / 274

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2021 14:34

მიღების თარიღი მაისი 20, 2021

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატ ორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“)   აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მომხმარებელთათვის გარანტირებულია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება), კერძოდ, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად,, ავტორიზებული პირი ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი, რომელიც არის კომისიის მიერ, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი, ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებას და ცენტრალიზებული მეთოდით კოორდინაციას უწევს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესს.

კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების’’ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის   ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ატარებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს და კომისიის მიერ დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულთან აფორმებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებას.

2016 წლის 21 აპრილის N259/10 გადაწყვეტილების საფუძველზე სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა  ცენტრალური  ბაზის  ადმინისტრატორის  შესარჩევ  კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდნენ კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები „Mediafon Datapro” და „Mediafon“–ი ერთობლივად მოქმედი, როგორც – „MEDIAFON”–ი. 2016 წლის 17 ივლისს, კომისიასა და   აღნიშნულ კომპანიებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების თაობაზე, რომლის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორმა იკისრა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შექმნისა და ადმინისტრირების ვალდებულება, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებისა“ და ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის N819/10 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. შესაბამისად, კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები „Mediafon Datapro” და „Mediafon“–ი ერთობლივად მოქმედი, როგორც – „MEDIAFON” საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად  ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებას და ცენტრალიზებული მეთოდით კოორდინაციას უწევს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესს.

სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებს   „Mediafon Datapro“-ს და ,,Mediafon”-ს (ერთობლივად მოქმედი როგორც ,,MEDIAFON”-ი) შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურება 2021 წლის პირველ ივლისს.

კომისია  ასევე  აღნიშნავს,  რომ  2010  წლის  6  ივლისის  N3  დადგენილებით  დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე–9 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი, საკონკურსო წესით, მომდევნო ვადით ვერ მოიპოვებს ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას. აგრეთვე, აღნიშნული მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე, ან კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 11 მარტს კომისიამ წერილობით მიმართა   კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას „Mediafon Datapro“-ს   (№გ-21-06/662) და   შესთავაზა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე და გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე. 2021 წლის 28   აპრილის Nშ-21-8/1910 და Nშ-21-6/1937 წერილებით კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები „Mediafon Datapro“  და   ,,Mediafon”-ი, დაეთანხმნენ  კომისიის  შეთავაზებას    და გამოთქვეს თანხმობა გააგრძელონ  2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რათა შენარჩუნდეს პორტირების უწყვეტობის პრინციპი.

ამდენად, საკონკურსო პირობებით სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისთვის განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მოქმედ ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა უნდა გაგრძელდეს 2022 წლის 2 აპრილამდე.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ 2021 წელს გამოცხადებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის მიერ შექმნილმა   სააბონენტო   ნომრების   პორტაბელურობის   მონაცემთა   ცენტრალური   ბაზამ   უნდა შეინახოს ადმინისტრატორთან არსებული, მათ შორის, მისთვის როგორც კომისიის, ასევე, დონორი და მიმღები ოპერატორების მიერ გადაცემული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების ქსელში იყო და არის ჩართული სააბონენტო ნომერი. შესაბამისად, საკონკურსო პირობების დაცვით პორტირების ურუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მოქმედ ადმინისტრატორთან 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და მოქმედ ადმინისტრატორს ვალდებულებად განესაზღვროს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის დღეს 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს გადასცეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან მონაცემები   (არქივი)   იმის   შესახებ,   თუ  რომელი   ელექტრონული   საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული  პირების ქსელში იყო და არის ჩართული სააბონენტო ნომერი (საქართველოში სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდზე).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით  დამტკიცებული  „სააბონენტო  ნომრების  პორტაბელურობის  დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამოცხადდეს   სააბონენტო   ნომრების   პორტაბელურობის მონაცემთა   ცენტრალური   ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი (შემდგომში „კონკურსი“) 2021  წლის 20 მაისიდან;

2.  დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პირობები (დანართი N1 - შემდგომში „საკონკურსო პირობები“);

3.  საკონკურსო  პირობების  მე–4 პუნქტი  –  „დამატებითი  პირობები  და  მასთან  თანდართული დოკუმენტაცია“ 2021 წლის 21 ივნისამდე დაინტერესებული პირებისგან მიღებული წინადადებების საფუძველზე შეიძლება დაექვემდებაროს გადახედვას და მასში შეტანილ იქნეს ცვლილებები;

4.  დამტკიცდეს საკონკურსო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალექსანდრე ქარუმიძე - საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე, კომისიის აპარატი, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;

ბ) თამარ გოშუა - წევრი, საბჭოს მდივანი, კომისიის აპარატი, სამართლებრივი დეპარტამენტი; გ) ქეთევან რეხვიაშვილი - წევრი, კომისიის აპარატი, ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

დ)    ციალა    უჯმაჯურიძე    -    წევრი,    კომისიის    აპარატი,    სპექტრის    და    ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი;

ე) მიხეილ ჯღამაძე - წევრი,  კომისიის აპარატი, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსი

ვ)  დავით ძიძიგური  - წევრი, შპს „მაგთიკომი“ ( Nშ-21-6/1255) ;

ზ)  ირაკლი ესართია    - წევრი, შპს „ვიონი საქართველო“ (Nშ-21-6/1176); თ)  კახა სანაშვილი  - წევრი, შპს „ახალი ქსელები“  ( Nშ-21-6/1228  );

ი)    ლევან ბუჩუკური  - წევრი, სს „სილქნეტი“    (Nშ-21-6/1267);

კ) ლევან   დათუნაშვილი -   წევრი,   შპს   „საქართველოს   ცენტრალური   კავშირგაბმულობის კორპორაცია“  (Nშ-21-6/1271);

ლ)   ზურაბ ქარცხავა   -    წევრი (დამოუკიდებელი ექსპერტი) სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო“ (Nშ-21- 6/1538).

5.     პორტირების     პროცესის     შეუფერხებლად     და     უწყვეტად     განხორციელების     მიზნით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება გაუგრძელდეს სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის მოქმედ ადმინისტრატორს 2022 წლის 2 აპრილამდე;

6. უზრუნველყოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტმა (ს. ქარუმიძე) სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის მოქმედ ადმინისტრატორთან შეთანხმებით სააბონენტო   ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან მონაცემების (არქივი) 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორისთვის გადაცემასთან დაკავშირებით;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროობის უზრუნველყოფა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტისა და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის გამოქვეყნება. გადაწყვეტილების ოფიციალურ       ტექსტსა    და    ინგლისურენოვან    თარგმანს    შორის    არსებული    შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ ტექსტს;

8. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (ლ. ბერიძე) კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სოციალური ქსელებით გავრცელება;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-7 და მე-8 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძეს).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე  წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები