წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-22-19 / 455

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2022 14:09

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020378. ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ვ) იურიდიული პირისთვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზაციის მსურველმა იურიდიულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასევე, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებათა განხორციელება კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადების ფორმაში. კერძოდ იურიდიული პირის მიერ წარმოსადგენ განცხადების ფორმაში უნდა აისახოს ზემოაღნიშნული ცვლილებები.

კომისია ასევე აღნიშნავს რომ 2022 წლის 20 ოქტომბერს მიღებულ იქნა დადგენილება №5 ,,ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. კერძოდ განხორციელდა ცვლილებების შეტანა კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს № 7 დადგენილების დანართ 3-ში და აღნიშნული დანართი ჩამოყალიბდა განახლებული რედაქციით. დადგენილება ამოქმედდა 2022 წლის 21 ოქტომბერიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020378. ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №2 თან ერთვის);

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები