შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 428

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2023 16:01

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2023

შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის   აპარატის   კონკურენციის   ხელშეწყობისა   და   ბაზრის   რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათის (23-10-1477, 11/08/2023) საფუძველზე , კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „კავკასუს  ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  2006 წლის 20 აპრილის  №5  დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული  პირების  მიერ  ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (23-10-1477, 11/08/2023) თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის    2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს  დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური  წლის  დასრულებიდან   6 თვეში,  შესაბამისად,  არაუგვიანეს   1 ივლისისა. შპს   „კავკასუს ონლაინს “, როგორც  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების მქონე პირს, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად  აღრიცხვის  ვალდებულება,  რის საფუძველზეც მას  განცალკევებული  აღრიცხვის აუდირებული  ანგარიშგება  კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს  2023 წლის  1 ივლისისა. გამომდინარე იქედან, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება დღემდე არ არის კომისიაში წარმოდგენილი, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.

შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 24 აგვისტო, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები: ეკატერინე მიქელაძე, გიორგი გუნთაიშვილი და ალექსანდრე სალარიძე. ე.მიქელაძის განმარტებით, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაწყებული აქვს აქტივების გადაფასება, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს. ვინაიდან აქტივების გადაფასება გავლენას ახდენს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულების შესრულებაზე, კომპანიის თხოვნაა, აღნიშნული ანგარიშის წარმოსადგენად განესაზღვროს ვადა 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (23-10-1477, 11/08/2023);

2. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის ე.მიქელაძის მიერ კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება;

3. შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „კავკასუს ონლაინი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

2. „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის  კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს 513/9 გადაწყვეტილების, „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების  შესახებ“  კომისიის  2015  წლის  29  იანვრის  N57/9  გადაწყვეტილებისა  და „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „კავკასუს ონლაინი“ ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო  ძალაუფლების  მქონე  პირად  და  ამავე  გადაწყვეტილებებით  განსაზღვრულ შესაბამის ბაზრებზე და დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, რის საფუძველზეც შპს „კავკასუს ონლაინს“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.

მტკიცებულება: 1. „ინტერნეტის  ქსელით  მომსახურების  საბითუმო  ბაზრის გაფართოებული კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს 513/9 გადაწყვეტილება, კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილება და  კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N 671/9 გადაწყვეტილება; 2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათის (23-10-1477, 11/08/2023). 3. გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2022 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ არის წარმოდგენილი.

მტკიცებულება: 2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (23-10-1477, 11/08/2023).

4. შპს „კავკასუს ონლაინს“ მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.   ამავე   კანონის   44-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს    კანონმდებლობის,  მათ   შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად    განაწილების    მეთოდოლოგიური    წესების“ მე-14  მუხლის  პირველი პუნქტის  შესაბამისად,  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება,  სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა    მოამზადოს  და კომისიაში    წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით  დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული  უფლებამოსილება  -  გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2022 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის 2023 წლის პირველ ივლისამდე წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და  კომისიის  2006 წლის 20 აპრილის  №5  დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, რაც მისი სანქცირების საფუძველია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „კავკასუს ონლაინს“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება. ამავდროულად, შპს „კავკასუს ონლაინს“ დარღვევის აღმოსაფხვრელად უნდა განესაზღვროს ვადა - 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“  მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   შპს „კავკასუს ონლაინს“ დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  კომისიის  2006  წლის 20  აპრილის  №5  დადგენილებით  დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.

2. დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინს“ 2022 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე.

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას (ო.ვოტ)  აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

4.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.  ხუხუნაიშვილი) შპს „კავკასუს  ონლაინის“  წერილობითი  გაფრთხილების  თაობაზე  ინფორმაციის  კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებისა)  დაევალოს     კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები