წვდომის მენიუ

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაციის განცხადებების და შესაბამისობის დეკლარაციის ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე

ნომერი: გ-23-22 / 40

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2023 23:24

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაციის განცხადებების და შესაბამისობის დეკლარაციის ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე

2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (დოკუმენტის ნომერი 2482-Xრს-Xმპ, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2022). შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის (რომელიც შესწორდა 2018/1808/EU დირექტივით) შესაბამისად შევიდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. დასახელებული კანონით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის რეგულირებას დაექვემდებარა მომსახურების ახალი სახეები - გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ22“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება განმარტებულია როგორც „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეულ დროს“. ხოლო „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს4“ ქვეპუნქტით, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება განიმარტება როგორც „მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანი ან არსებითი ფუნქციონალი არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზებას, კერძოდ, ჩვენებას, მონიშვნასა და თანამიმდევრობას, განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით“.

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება ექვემდებარება ავტორიზაციას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში: „კომისია“) მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია. ამავე კანონის 451 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს პირთა ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურების ახალი სახეების-გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის სათანადო ორგანიზებისათვის და, ზოგადად, ამ მომსახურებების სრულყოფილი რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია დამტკიცდეს აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაციის განცხადებების ფორმები და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრს დაემატოს შესაბამისი მონაცემები ამ მომსახურებების მიმწოდებლების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურების სფეროში (რომელიც მოიცავს გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებასაც) ავტორიზაციის მსურველმა პირმა ავტორიზაციის განაცხადს უნდა დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისად საჭიროა, რომ დამტკიცდეს გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზებული პირის მიერ შესავსები შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371  მუხლის თანახმად შესაბამისობის დეკლარაციაში სხვა მონაცემებთან ერთად ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან „მაუწყებლობის შეახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 371 მუხლი ეხება ავტორიზაციის მსურველ ყველა პირს, ხოლო 37-ე მუხლი კი მხოლოდ მაუწყებლებს, გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველ ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზებული პირის მიერ შესავსები შესაბამისობის დეკლარაციის ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული თავისებურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8, 362, 451 მუხლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“   32-ე მუხლის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის განცხადების ფორმები (დანართები №1, №2, №3, №4, №5 და №6);

2. დამტკიცდეს გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზებული პირის მიერ შესავსები შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (დანართი №7);

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმები დაემატოს კომისიის მიერ წარმოებულ ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს (გ. ასანიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმების დამატების უზრუნველყოფა კომისიის მიერ წარმოებულ ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების და გადაწყვეტილებით დამტკიცებული გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის განცხადების ფორმების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება   ძალაშია   მისი   კომისიის   ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების მომენტიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი);

ვახტანგ აბაშიძე               თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები