წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: გ-24-1 / 464

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2024 14:34

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2024

შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  კომისიის  2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 (ცალკე მდგომი) აუქციონში, კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის№გ-24-8/461   გადაწყვეტილების   შესაბამისად, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს  „მაგთიკომი“   (ს/კ204876606).

ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396   გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „მაგთიკომს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 29 419 205 (ოცდაცხრა მილიონ ოთხასცხრამეტი ათას ორასხუთი) ლარის 30%-ს - 8 825 761.50 (რვა მილიონ რვაასოცდახუთი ათას შვიდასსამოცდაერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 2 241 464 (ორი მილიონ ორასორმოცდაერთი ათას ოთხასსამოცდაოთხი) ლარი ანუ  - 6 584 297.50 (ექვსი მილიონ ხუთასოთხმოცდაოთხი ათას ორასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ 2024 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 6 584 297.50 (ექვსი მილიონ ხუთასოთხმოცდაოთხი ათას ორასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილ იქნა კომისიაში იმავე დღეს. (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-64598).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-7  მუხლის  მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე   გამოაქვეყნოს ინფორმაცია  მომავალი სხდომის, მისი  ჩატარების  ადგილის, დროისა  და დღის  წესრიგის  თაობაზე,  ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას  –  აგრეთვე სხდომის დახურვის    შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად   გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის  მე-5  პუნქტით  გათვალისწინებული  წესების  დაუცველად.  ამ  შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს “მაგთიკომმა” 21 სექტემბრის სააუქციონო სხდომაზე თხოვნით მიმართა კომისიას იმავე დღეს გაეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები იმ სიხშირულ რესურსზე რომელ აუქციონებშიც კომპანია გამოცხადდა გამარჯვებულად, ვინაიდან გეგმავს უახლოეს პერიოდში მიაწოდოს მომხმარებელს 5G სერვისები, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 2024 წლის 21 ოქტომბერს   გამოაქვეყნა   კომისიის   №53   დღის   წესრიგის   პროექტი,   რომელშიც   შეტანილ   იქნა  შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის სამი საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2024 წლის 21 ოქტომბერს 15:00 საათზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. დარჩენილი ნაწილის გადახდა კი უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის  დამადასტურებელი  დოკუმენტი  კომისიას  წარმოუდგინოს გადახდიდან  2  სამუშაო დღის ვადაში.

კომისიის 21 ოქტომბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №გ-24-8/454 გადაწყვეტილებით შპს “მაგთიკომი” გამოცხადდა გამარჯვებულად მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში და მასზე გაიცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F110 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, Uplink 713–718 მჰც და Downlink 768–773 მჰც რესურსის ფარგლებში და 50 მჰც სიხშირული რესურსი 3410-3460 მჰც რესურსის ფარგლებში, სპექტრის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე ასევე მომავალში ამავე დიაპაზონებში სპექტრის უწყვეტი განაწილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ლიცენზია გაიცეს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსზე, Uplink 718–723 მჰც და Downlink 773–778 მჰც რესურსის ფარგლებში. კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 472-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  კომისიის 2005  წლის 12  დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-8/461 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ (ს/კ 204876606) მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F111 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 718–723 მჰც და Downlink 773–778 მჰც რესურსის ფარგლებში;

ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი;

დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10   იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“.   ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის   ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს  მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე,  რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 მჰც დიაპაზონისთვის).

ე.ბ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (15)01-ით განსაზღვრული პირობები ასევე    კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.

ე.გ) დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ვ) შპს „მაგთიკომმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F111 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი   რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 20 593 443.50 (ოცი მილიონ ხუთასოთხმოცდაცამეტი ათას ოთხასორმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს     ცენტრალურ     სახელმწიფო     ბიუჯეტში     გადახდა     შემდეგი  რეკვიზიტებისა  და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

1 716 120.29 ლარი - 2024 წლის 21 ნოემბრამდე;

1 716 120.29 ლარი - 2024 წლის 21 დეკემბრამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 იანვრამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 თებერვლამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 მარტამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 აპრილამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 მაისამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 ივნისამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 ივლისამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 აგვისტომდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 სექტემბრამდე;

1 716 120.29 ლარი - 2025 წლის 21 ოქტომბრამდე;

ზ) შპს „მაგთიკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

თ) ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის ვადაში კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №გ-24-8/454 გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც შპს „მაგთიკომი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში) გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F110 ლიცენზიის გაუქმება (გარდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა) გამოიწვევს წინამდებარე ლიცენზიის (რომელიც გაცემულია კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-23-8/461 გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლითაც შპს „მაგთიკომი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის№გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 (ცალკე მდგომ) აუქციონში) გაუქმებას;

შენიშვნა: ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შეინარჩუნოს კომისიის 2024 წლის 20  სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით  გამოცხადებული  №3-№21 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზია/ლიცენზიები, თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F110 ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებები გადავა კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3-№21 აუქციონების საფუძველზე გაცემული ლიცენზია/ლიცენზიებში და მოხდება ლიცენზი(ებ)ის მოდიფიცირება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მაგთიკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების პირველი  პუნქტის  „ა“,  „ბ“,  „დ“  და  „ე“  ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

8. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

9. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, “ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები