წვდომის მენიუ

შპს „სელფი მობაილისთვის“ შპს „ეარსისტემსთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 287

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2024 17:06

მიღების თარიღი ივნისი 20, 2024

შპს „სელფი მობაილისთვის“ შპს „ეარსისტემსთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე

კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ მომჩივანი: შპს „სელფი მობაილი“

მოპასუხე: შპს „ეარსისტემს“

დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა

კომისიის სხდომის თარიღი:  2024 წლის 30 მაისი, 13 ივნისი, 20 ივნისი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს    კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში:  „კომისია“)  შპს „ეარსისტემსის“ წინააღმდეგ  განცხადებით  (შ-24-6/2455 23.05.2024) მიმართა  შპს „სელფი მობაილმა“. განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „სელფი მობაილი“ შპს „ეარსისტემსს“ 2020 წლის 15 ივნისიდან დღემდე უწევს   ურთიერთჩართვის მომსახურებას მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ეარსისტემსს“ შპს „სელფი მობაილის“ მიმართ ეკისრება დავალიანება 62 002, 89 ლარის ოდენობით.

2.შპს  „სელფი მობაილის“ განცხადების თანახმად, შპს „სელფი მობაილმა“ 2023 წლის 1-ელ ნოემბერს  წერილობით  მიმართა შპს „ეარსისტემსს“ და  მოითხოვა დავალიანების დაფარვა, ასევე გააფრთხილა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში შპს „სელფი მობაილი“ მიმართავდა   კომისიას ურთიერთჩართვის   შეჩერების მოთხოვნით, თუმცა დავალიანება  დღემდე არ არის დაფარული.

3.შპს    „სელფი მობაილი“ ითხოვს შპს „ეარსისტემსთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებას.

4.„შპს  „ეარსისტემსის“  წინააღმდეგ  შპს  „სელფი  მობაილის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის  განხილვის  დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის 2024 წლის 30 მაისის Nგ-24-16/236 გადაწყვეტილებით დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 13 ივნისი, 15:00 საათი.

5.   კომისიის 2024 წლის 13 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ეარსისტემსის“ წარმომადგენელი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. კომისიის სხდომა გადაიდო 2024 წლის 20 ივნისის სხდომისთვის.

6. 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენელი ი. ესართია, შპს „ეარსისტემსის“ წარმომადგენელი მ. გოგობერიძე და განაცხადეს, რომ მორიგება ვერ შედგა.

2. მოპასუხის პოზიცია

7.   შპს „ეარსისტემსის“ წარმომადგენელმა მ. გოგობერიძემ კომისიის 2024 წლის 30 მაისის და 20 ივნისის სხდომებზე აღნიშნა, რომ სს „ეარსისტემსს“  ნამდვილად აქვს შპს „სელფი მობაილის“ დავალიანება და დაადასტურა დავალიანების ოდენობა, ასევე აღნიშნა, რომ კომპანია დავალიანების სრულად დაფარვას ვერ შეძლებს 2025 წლის დასაწყისამდე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3  პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის  ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

9.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

10. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  36-ე  მუხლის მიხედვით, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

11. შპს „სელფი მობაილის“ განცხადება (შ-24-6/2455 23.05.2024).

12. შპს „სელფი მობაილსა“ და შპს „ეარსისტემსს“ შორის 2020 წლის 15 ივნისსა და 2023 წლის 31 მარტს  ურთიერთჩართვასთან   დაკავშირებით   გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები.

13. შპს „სელფი მობაილის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერა, მხარეთა შორის  გაწეული     მომსახურებისა  და წარმოშობილი   ვალდებულებების დადასტურების თაობაზე.

14. კომისიის  აპარატის  კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის 20.06.2024 N24-10-1147 სამსახურებრივი ბარათი.

15. კომისიის 2024 წლის 30 მაისის და 20 ივნისის სხდომებზე შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენლის ი. ესართიასა და შპს „ეარსისტემსის“ წარმომადგენლის მ.გოგობერიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

16. შპს  „სელფი  მობაილისა“  და  შპს  „ეარსისტემსის“  შესახებ  მონაცემები  კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს „სელფი მობაილი“ და შპს „ეარსისტემს“ არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები.

მტკიცებულება: შპს „სელფი მობაილისა და შპს „ეარსისტემსის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

18. შპს „სელფი მობაილსა“ და შპს „ეარსისტემსს“  2020 წლის 15 ივნისსა და 2023 წლის

31 მარტს გაფორმებული აქვთ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულებები. მტკიცებულება: ხელშეკრულებები (15.06.2020, 31.03.2023).

19. მხარეებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე შპს „ეარსისტემსს“ ერიცხება შპს „სელფი მობაილის“ მიმართ დავალიანება 62 002, 89 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: 1. შპს „სელფი მობაილსა“ და შპს „ეარსისტემსს“ შორის 2020 წლის

15 ივნისსა და 2023 წლის 31 მარტს ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები. 2. შპს „სელფი მობაილის“ მიერ წარმოდგენილი  ელექტრონული  მიმოწერა,  მხარეთა  შორის  გაწული მომსახურებისა და წარმოშობილი ვალდებულებების დადასტურების თაობაზე. 3. კომისიის  2024  წლის  30  მაისის  და  20  ივნისის  სხდომებზე  შპს  „ეარსისტემსის“ წარმომადგენლის  მ.გოგობერიძის  მიერ  მიცემული ახსნა-განმარტებები დავალიანების აღიარების თაობაზე.

20. კომისიის  აპარატის  კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის 20.06.2024 N24-10-1147 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, კომისიაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ეარსისტემსს“ არ ჰყავს ბოლო მომხმარებელი და 2021 წლის ნოემბრიდან კომისიაში წარმოადგენს ინფორმაციას მხოლოდ არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (Bulk SMS) მომსახურებაზე.

მტკიცებულება:  კომისიის  აპარატის  კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 20.06.2024 N 24-10-1147 სამსახურებრივი ბარათი.

3. სამართლებრივი შეფასება

21. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

22. შპს „ეარსისტემსის“ მიერ აღიარებულია და უდავოა, მოქმედი ურთიერთჩართვის შედეგად, შპს „ეარსისტემსის“ შპს „სელფი მობაილის“ მიმართ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 62 002, 89 ლარის ოდენობით.

23. გარდა ამისა, როგორც კომისიის მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან ირკვევა, შპს „ეარსისტემსსა“ და შპს „სელფი მობაილს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერების შემთხვევაში, არ დაზარალდებიან ბოლო მომხმარებლები, ვინაიდან შპს „ეარსისტემსს“ ბოლო მომხმარებლები არ ჰყავს.

24. ამრიგად,  კომისია  მიიჩნევს,  რომ  არსებობს  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე თანხმობის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

25. ამასთან, შპს „ეარსისტემსს“ უნდა მიეცეს ვადა შპს „სელფი მობაილის“ მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად, 10 სამუშაო დღის ოდენობით.

26. შპს  „სელფი  მობაილს“  უნდა  მიეცეს  თანხმობა  შპს „ეარსისტემსთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის  შეჩერებაზე,   კომისიის  მიერ განსაზღვრულ  ვადაში შპს „ეარსისტემსის“ მიერ შპს „სელფი მობაილის“ მიმართ არსებული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში,  დავალიანების სრულად დაფარვამდე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის  საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,

გაწყვიტა:

1. შპს „სელფი მობაილის“ მოთხოვნა შპს „ეარსისტემსთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,სელფი მობაილს” მიეცეს თანხმობა  შპს ,,ეარსისტემსთან“  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე, შპს „ეარსისტემსის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შპს „სელფი მობაილის“ მიმართ მოქმედი ურთიერთჩართვიდან წარმოშობილი ვალდებულების, კერძოდ, 62 002, 89 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ამ დავალიანების სრულად დაფარვამდე.

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება. 

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები