შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2024 11:58
მიღების თარიღი ივლისი 25, 2024
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“.
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1288;10.07.2024).
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 25 ივლისი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-1288;10.07.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
2. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. კომისიამ 2024 წლის 3 აპრილის Nგ-24-04/880 წერილით (იხ. შესწავლილი მტკიცებულებები) შეახსენა მედიამომსახურების სფეროში მოქმედ ყველა ლიცენზიის მფლობელსა და ავტორიზებულ პირს აღნიშნული ვალდებულების თაობაზე.
3. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ აუდიტის დასკვნა კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2024 წლის 18 ივნისს გაეგზავნა Nგ-24-04/1295 წერილი (იხ. შესწავლილი მტკიცებულებები) და ეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. მაუწყებელმა აღნიშნული წერილის მიღება დაადასტურა 2024 წლის 18 ივნისს.
4. მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ აუდიტის დასკვნა 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგაც კომისიაში არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას.
5. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 25 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-24-03/1510; 22/07/2024), რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება, ასევე, საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-radio-kompania-pirvel-radios7.page). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
8. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
11. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1288; 10.07.2024).
12. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნილი წერილი (N გ-24-04/1295;18/06/2024) და შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ 2024 წლის 18 ივნისის წერილის მიღების დასტური.
13. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წერილი (Nგ-24-04/880; 03/04/2024) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებს და ლიცენზიის მფლობელებს.
14. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება (N გ-24-03/1510; 22/07/2024) კომისიის 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
15. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
16. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ რადიომაუწყებელია.
მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
17. კომისიამ მედიამომსახურების სფეროში მოქმედ ყველა ლიცენზიის მფლობელსა და ავტორიზებულ პირს, მათ შორის, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ წერილობით დამატებით აცნობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (Nგ-24-04/880; 03/04/2024) წერილი.
18. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა წერილი და ეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, კერძოდ, აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წერილი (N გ-24-04/1295; 18/06/2024).
19. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ აუდიტის დასკვნა წერილის მიღებიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგაც არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1288; 10.07.2024).
3. სამართლებრივი შეფასება
20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ ვალდებული იყო კანონით დადგენილ ვადაში წარმოედგინა აუდიტის დასკვნა.
21. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ აუდიტის დასკვნა კანონით დადგენილ ვადაში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
22. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ 2024 წლის 1 მაისამდე აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
23. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ იგივე/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე და 71-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი