წვდომის მენიუ

შპს „სეზონი ტვ”-სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 491

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2024 16:38

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2024

შპს „სეზონი ტვ”-სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: სს „სეზონი ტვ“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561მუხლის მე-2 პუნქტის დამე-5  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1953, 02.10.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 17 ოქტომბერი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-1953,02.10.2024)  საფუძველზე  კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული   წარმოება  შპს „სეზონი  ტვ“-ს  მიერ   „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2.მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საერთო ეროვნული ავტორიზებული მაუწყებლის შპს „სეზონი  ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის  შემოწმება.  შემოწმების  შედეგად  გამოირკვა, რომ  შპს „სეზონი  ტვ“-ის  ეთერში ყოველ დღე, შაბათ-კვირის  გარდა,  21:00  საათზე  განთავსებულია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“. 2024 წლის 26 სექტემბერს 21:00 საათზე მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განთავსებული თოქ შოუ „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას. კერძოდ, გადაცემაში როგორც წამყვანის, ისე მიწვეული სტუმრის მიერ გამოყენებულ იქნა უცენზურო ლექსიკა, რომელიც არ იყო კონტექსტით გამართლებული.

3.კომისიის მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის თანახმად, აღნიშნული პროგრამა განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. ამასთან, პროგრამა ეთერში გავიდა 21:00 საათზე (შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტები ფიქსირდება 21:17-დან 21:32-ის ჩათვლით). „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა დაუშვებელია ეთერში განთავსდეს 6-დან 23 საათამდე. შესაბამისად, დეპარტამენტის მოსაზრებით, შპს „სეზონი ტვ“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები.

4.შპს „სეზონი ტვ“-ს მიერ ამ გადაწყვეტილების პირველ პარაგრაფში მითითებული შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 17 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით  ეცნობა შპს „სეზონი ტვ“-ს.

5.კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „სეზონი ტვ“-ს წარმომადგენელი გ. ახლოური, რომელმაც განმარტა, რომ გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული ლექსიკა განეკუთვნება ქართულ ენაში დამკვიდრებულ ლექსიკას, ხოლო, რაც შეეხება სტუმრის მიერ გამოყენებულ შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გადაცემის წამყვანმა რამდენჯერმე მოუწოდა სტუმარს კორექტული საუბრისკენ, თუმცა უშედეგოდ.

II.მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი“, ასევე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედიამომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი“;

7.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის  საფუძველზე  ტელემაუწყებლობის  ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი“, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, „ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია“.

8.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების  პლატფორმის  მომსახურების სფეროში მოქმედი  საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან  არასრულწლოვნის  დაცვა“. ამავე  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას“. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვებს. კერძოდ, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი აკეთებს დათქმას, რომ მაუწყებელი ვალდებულია 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;

10.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და  პროგრამები  სამაუწყებლო  ბადეში განათავსოს  ამ  მუხლით  დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად“. თავის მხრივ, ამავე კანონის 562 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია.

11.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების  მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.“

12.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში  კომისია  უფლებამოსილია  დამრღვევი  წერილობით  გააფრთხილოს.  კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის  აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

13.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1953, 02.10.2024)  - თანდართული დოკუმენტაციით;

14.შპს „სეზონი ტვ“-ს 2024 წლის 26 სექტემბრის სამაუწყებლო ბადე;

15.კომისიის შეტყობინება შპს „სეზონი ტვ“-ს და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

16.შპს „სეზონი  ტვ“-ს შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

17.შპს „სეზონი ტვის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

18.შპს “სეზონი ტვ“-ს წარმომადგენლის გ. ახლოურის მიერ კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება.

2.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

19.შპს ,,სეზონი ტვ“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის  მონაცემები შპს „სეზონი ტვ“-ს შესახებ.

20.შპს  „სეზონი  ტვ“-ს  2024  წლის  26  სექტემბრის  ეთერში  21:00  საათზე  განთავსებული  იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“.

მტკიცებულება: შპს „სეზონი 2024 წლის 26 სექტემბრის სამაუწყებლო ბადე.

21.კერძოდ, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს 21:17 საათზე გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ წამყვანისა და მიწვეული სტუმრის მიერ გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზები: წამყვანი - „აი მაგ თბილი სავარძლიდან გადაინაცვლებ გლდანის იზოლატორში შე სააკაშვილის ბ*ზო შენა, შე ძუკნა“. ასევე მიწვეული სტუმარი გრიშა ონიანი იყენებს შემდეგ ფრაზებს: „მე ეხლა კინწურაშვილმა დამბლოკა? შენ კი მო***ყან დედის ტ**კი, შენ მე დამბლოკე შენი დედას შე**ცი“. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში გადაცემის წამყვანი მცდელობის მიუხედავად არ აჩერებს მოწვეულ სტუმარს, სიცილით ხვდება სტუმრის მიერ გაჟღერებულ უცენზურო ლექსიკის შემცველ ფრაზებს და ასევე, სიცილით აგრძელებს მის მოსმენას. მოწვეული სტუმარი მოუწოდებს წამყვანს, რომ აცალოს რის თქმასაც აპირებს ან აღარ მოიწვიოს გადაცემაში და აგრძელებს,: „მე შენი დედა მო***ან, ის ვიღაც დვალიშვილი, რომ წერს მთელს საქართველოს მო***ყან დედის ტ**კიო, ვისაც სტალინი უყვარსო და იმ სტალინსაც მო***ყან კარგის ტ**კიო, ის არ დაბლოკე და ჩემი გავკარი დაბლოკე? შენ გაგკრა მთელმა ქვეყანამ, შე ჩათ**ხო, შე ნაბ***რო შენა. მე როგორ შევეხო შენს მკვდარზე როგორ ვილაპარაკო, შენ უნდა გაგიდოს კაცმა ფეხქვეშ და ისე უნდა გათრიოს, შენ ჩათ**ხის თესლო შენა. ასევე, იმავე გადაცემაში 21:30 საათზე მოწვეული სტუმარი, გრიშა ონიანი საუბრობს სტალინზე და მიმართავს მერაბ დვალიშვილს სიტყვებით: „უნდა განგიმარტოთ, რომ მისი ბიოგრაფია არ იწერება, როგორც ადამიანის, არამედ როგორც წმინდანის, ჰაგიო წმინდანია გრაფია კი ვწერ, ესე იგი წმინდანზე ვწერ. თქვენს ბინძურ ხელებს ნუ შეახებთ სიწმინდეს და მის მრევლს ნუ გააკრავთ ელგებეტე თემში თქვენს დაღლილ ფალოსს. თქვენი გალანძღული ქართველი ხალხის უმრავლესობის და არა მცირე უმცირესობის გამოკლებით ხმამაღლა შემიძლია გამოვაცხადო, მოვა საქმე შენს ოქროს ქამარზე და ვიხმარე შენი ასანთის კოლოფზე დიდი უხმარი და ნახმარი ადამიანები შენი დედა მოვ**ან შენი. და უნდა მივაყოლო რომ დღეიდან შენი ქამარი კარგად დაახვიე და უკანალში გაიკეთე, რომ არაფერი არ გაგეპაროს, ქართველი ხალხის უმრავლესობა მას პატივს აღარ სცემს და შენ კიდე აღიარებული იქნები როგორც ქვეყნის, ხალხის და სპორტის მოღალატე. ფუი შენს კაცობას, გაგკარით ყველამ, მთელ საქართველომ, შენს ოჯახს, შენს ცოლშვილს და შენს შემქმნელს და შენს დამბადებელს.

კინწურაშვილო რა არის აქ დასაბლოკი? რა მიწერია აქ? რატო ამოიღე შენი დედა მოვ**ან“. გადაცემის წამყვანი სიცილით ხვდება სტუმრის განცხადებას და აღნიშნავს: „კინწურაშვილი და დვალიშვილი კარგი პარა იქნება“.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით (N24-10-1853, 02.10. 2024) წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები.

22.შპს „სეზონი ტვ“-ს მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

23.მტკიცებულება: კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემები.

3.სამართლებრივი შეფასება

24.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭებითა და დროითი შეზღუდვის გათვალისწინებით დაგეგმოს სამაუწყებლო ბადე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ უნდა განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევს პროგრამას (ანონსს) რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია. ამრიგად, პროგრამა, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს კონტექსტით არ არის გამართლებული დაუშვებელია მაუწყებლის ეთერში განთავსდეს 6 საათიდან 23 საათამდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.“ ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამის გავრცელებას, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს ასევე 23:00 საათის შემდეგ.

25.როგორც კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, შპს „სეზონი ტვ“-ს ეთერში განთავსებული პროგრამა განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. კერძოდ, პროგრამის სტუმრისა და წამყვანის მიერ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი ლექსიკა - არაერთი უცენზურო სიტყვა და გამონათქვამი (დეტალურად იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 21-ე პარაგრაფი).

26.იმის  შესაფასებლად,  იყო  თუ არა  შეურაცხმყოფელი  ლექსიკის  გამოყენება  კონტექსტით გამართლებული, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული პროგრამის ბუნება და პროგრამის არსის გადმოცემაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის ფუნქცია. მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას მაშინ, როდესაც ეს განპირობებულია  პერსონაჟის  მახასიათებლებით  და  ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით   (იხ. კომისიის  გადაწყვეტილება „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ (№გ-20- 18/966, 31.12.2020). კომისია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით ასეთ პროგრამებში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება არ არის კონტექსტით გამართლებული (იხ. „შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ" კომისიის გადაწყვეტილება გ-22-18 / 523, 09.12.2022). ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება მოხდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში და, შესაბამისად, არ იყო კონტექსტით გამართლებული.

27.აღსანიშნავია,  რომ  შეურაცხმყოფელი ლექსიკა განთავსდა შპს  „სეზონი  ტვ-ის“  პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიის პრაქტიკა მიუთითებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562  მუხლების გათვალისწინებით მაუწყებელი ვალდებულია გაატაროს გონივრული და ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად. ასეთ გონივრულ ღონისძიებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პროგრამის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის (ან მაუწყებლის სხვა წარმომადგენლის) ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც წამყვანი შეაწყვეტინებს მესამე პირს (სტუმარს, რესპოდენტს) არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელებას და გაემიჯნება მის შინაარსს. ასეთივე ეფექტურ და გონივრულ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს სათანადო ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით გასული გადაცემის დაყოვნების შესაძლებლობას (ე.წ. “Broadcast delay”) და მაუწყებელს შესაძლებლობას მისცემს რეალურ დროში ჩაერიოს და ეთერში არ განათავსოს ისეთი მასალა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება როგორც პირდაპირ, ასევე, ჩანაწერის  მეშვეობით, ეთერში გადაცემულ ტელერადიოპროდუქციაზე და მოიცავს ნებისმიერი ტიპისა და კატეგორიის პროგრამას. გარდა ამისა, მაუწყებელს აქვს ვალდებულება, გაატაროს სათანადო ეფექტური და გონივრული ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს არასრულწლოვნებზე  მავნე  ზეგავლენის  მომხდენი ინფორმაციის ეთერში გავრცელება, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლების (მაგალითად, წამყვანის), ისე - მესამე პირების (მაგალითად, რესპონდენტების) მიერ“ (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის თაობაზე" (N გ-21-16/475; 12.08.2021), ასევე იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „სეზონი ტვ“- ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“ (N გ-22-18/523; 01.12.2022). განსახილველ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება მოხდა როგორც წამყვანის, ისე პროგრამის სტუმრის მხრიდან, ხოლო წამყვანს არ გაუტარებია ეფექტური და გონივრული ღონისძიებები რომ შეეჩერებინა სტუმრის მხრიდან შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება.

28.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, შპს „სეზონი ტვ“-ს მიერ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ გადაცემაში 21:17-დან 21:32 საათამდე განთავსდა 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს არ იყო კონტექსტით გამართლებული. ამასთან, დარღვევა სრულად შეერაცხება მაუწყებელს, ვინაიდან, ერთ მხრივ, გადაცემის წამყვანი თავად იყენებდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და მეორე მხრივ, მან არ შეაჩერა სტუმრის მხრიდან შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

4.პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

29.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

30.გამომდინარე  იქიდან,  რომ  შპს  „სეზონი  ტვ“-ს   მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის ჩადენისთვის არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე,   შპს „სეზონი ტვ“-ს მიმართ გამოყენებული უნდა იყოს წერილობითი გაფრთხილება.

IV.სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 96-ე და 98-ე მუხლების, VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, 561 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.შპს „სეზონი ტვ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სეზონი  ტვ“-სთვის გაგზავნა და კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „სეზონი ტვ“- სთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სეზონი ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;

5.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ .ხუხუნაიშვილი) შპს „სეზონი ტვ“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები