შპს „სმარტ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2024 13:02
მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2024
შპს „სმარტ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „სმარტ ტვ“
სამართალდარღვევა: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382; 16.12.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 19 დეკემბერი, 26 დეკემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1.ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382;16.12.2024) საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სმარტ ტვ“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის მიზნით.
2.სამსახურის წერილის მიხედვით, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის, შპს „სმარტ ტვ“-ს სამსახურისთვის არ წარუდგინია 2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3.შპს „სმარტ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 19 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ შპს „სმარტ ტვ“-ს გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4.შპს „სმარტ ტვ“-ს შეტყობინება არ ჩაბარდა და საკითხის განხილვა გადაიდო 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომისთვის.
5.კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სმარტ ტვ“-ის წარმომადგენელი. კომპანიას კომისიის შეტყობინება არ ჩაბარდა მის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე და კომისიისთვის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, თუმცა კომისიის სატელეფონო შეტყობინება ჩაბარდა შპს „სმარტ ტვ“-ს დირექტორს თათია გიორგაძეს ამასთან, კომისიის შეტყობინება გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეტყობინებების განყოფილებაში. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „სმარტ ტვ“-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე. კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ სამსახურის წარმომადგენლები დ. დათუსანი და გ. ჯმუხაძე.
6.სამსახურის წარმომადგენელმა დ.დათუსანმა განმარტა რომ შპს „სმარტ ტვ“-ს არ წარუდგენია 2023 წლის ანგარიშგება სამსახურისთვის.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
8.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
10.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო განმარტებულია როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო;
11.„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს მიეკუთვნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
12.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა;
13.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.
14.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
15.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16.სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში შემოსვლის N შ-24- 6/5382; 16.12.2024);
17.შპს „სმარტ ტვ“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2024 წლის 19 და 26 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ.
18.შპს „სმარტ ტვ“-ის დირექტორისთვის თათია გიორგაძისთვის კომისიის სატელეფონი შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება (აუდიო ჩანაწერი).
19.სამსახურის წარმომადგენლის დ.დათუსანის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე.
20.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სმარტ ტვ“-ის შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
21.შპს „სმარტ ტვ“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სმარტ ტვ“-ის შესახებ.
22.შპს „სმარტ ტვ“ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო.
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/5382; 16.12.2024);
23.შპს „სმარტ ტვ“-ს სამსახურისთვის 2024 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც გადაწყვეტილების მიღების დღისთვის სამსახურისთვის არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგება (2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება).
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/5382; 16.12.2024); სამსახურის წარმომადგენლის დ.დათუსანის ახსნა- განმარტება გაკეთებული კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე.
3. სამართლებრივი შეფასება
24. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „სმარტ ტვ“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, შპს „სმარტ ტვ“ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტია, შესაბამისად, კომპანიის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე რეაგირებას ახორციელებს კომისია.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ, სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული სუბიექტის კომისიის მიერ სანქცირების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
26.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა გამოიწვევს მეოთხე კატეგორიის საწარმოს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს“.
27.ვინაიდან შპს „სმარტ ტვ“-ის მიერ დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი (2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრამდე სამსახურისთვის წარუდგენლობა), კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „სმარტ ტვ“-ის უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
28.ამასთან, შპს „სმარტ ტვ“-ს უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს „სმარტ ტვ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2.შპს „სმარტ ტვ“-მ უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების წარდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „სმარტ ტვ“-სა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სმარტ ტვ“- სთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
7.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი