საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის № გ-24-19/153 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2024 12:11
მიღების თარიღი ივლისი 18, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის № გ-24-19/153 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 18.07.2024
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) 2024 წლის 28 მარტის № გ-24-19/153 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში, რომლის დანართი 1-ს დაემატა ფორმა 4.17, რომელიც გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებისთვის ადგენს კატალოგის ელექტრონულ ფორმას.
2. კომისიის 2024 წლის 28 მარტის № გ-24-19/153 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომები, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და გადაწყვეტილების დანართში ფორმა 4.17-ის ნაცვლად უნდა ეწეროს - ფორმა 4.18.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“
III. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2024 წლის 28 მარტის № გ-24-19/153 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და გადაწყვეტილების დანართში „ფორმა 4.17“-ის ნაცვლად ჩაიწეროს „ფორმა 4.18“;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი