რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2024 16:54
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2024
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
კომისიის სხდომის თარიღი: 24.10.2024წ.
I.აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2024 წლის 22 ოქტომბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ და შპს „სელფი მობაილმა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/4618) 800 მჰც დიაპაზონში სიხშირეთა მიმდევრობითი გადანაწილების უზრუნველყოფის მიზნით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე. კერძოდ კომპანიები ითხოვენ ლიცენზიების იმგვარად მოდიფიცირებას, რომ შპს „სელფი მობაილს“ სარგებლობაში განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრი: 811-821 მჰც და 852-862 მჰც (სულ 20 (2x10) მჰც), ხოლო შპს "მაგთიკომის" სარგებლობაში იყოს 801-811 მჰც და 842-852 მჰც (სულ 20 (2x10) მჰც) რადიოსიხშირული სპექტრი. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული მე-4 თაობის LTE ტექნოლოგიაში გადამტანი სიხშირის (Carrier) ზოლის სიდიდე (Bandwidth) პირდაპირ დამოკიდებულებაშია მობილური ქსელის ხარისხთან, როგორიცაა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე (Data Throughput), დაყოვნება (Latency) და საბაზო სადგურის (ფიჭის) გამტარუნარიანობა. რაც უფრო დიდია ზოლის სიგანე, დროის ერთეულში მით მეტი მონაცემის გადაცემის შესაძლებლობა არსებობს რადიო ეთერის საშუალებით. ორი ცალკე მდგომი (ფრაგმენტირებული) 5 მჰც-იანი გადამტანის შემთხვევაში სერვისის ხარისხი მკვეთრად უარესდება. რთულდება მომხმარებლების ორ დამოუკიდებელ გადამტანს შორის დინამიური გადანაწილება, რათა თავიდან იყოს აცილებული ფიჭაზე მოსული გადატვირთვები მათი სიმრავლის დროს. მოცემულ დიაპაზონში 2x5 მჰც-იანი სიხშირული ბლოკების უწყვეტი, მიმდევრობითი განაწილება სიხშირული რესურსის ეფექტური გამოყენების აუცილებელი პირობაა, რაც პირდაპირ აისახება სერვისის ხარისხზე და მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ფიჭაზე მოსულ გადატვირთვებს მომხმარებელთა სიმრავლის დროს, ასევე გადამტანი არხების ქსელური მართვის კომპლექსურობას.
II.სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სელფი მობაილი“ 2015 წლის 29 იანვრის №56/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიას რომელიც მოიცავს შემდეგ სიხშირულ რესურსს: 806 -816 მჰც და 847 -857 მჰც (სულ 20 (2x 10) მჰც). ხოლო შპს “მაგთიკომი” კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F113 ლიცენზიას, რომელიც მოიცავს შემდეგ სიხშირულ რესურსს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 816-821 მჰც (Up-link) და 857-862 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში.
3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
4.კომისია აღნიშნავს რომ კომპანიების მოთხოვნა ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე დასაბუთებულია და სპექტრის უწყვეტობის და თანმიმდევრულობის პრინციპის გათვალისწინებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად,
III.სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად,
გადაწყვიტა:
1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2.ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2024 წლის 28 ნოემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა)საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს “სელფი მობაილისთვის” გაგზავნა;
4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი