წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ნომერი: გ-25-21 / 90

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2025 15:48

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

2014 წელს საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - „გაერო“) „შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  პირთა  უფლებების  კონვენციის“  რატიფიკაცია განახორციელა, რითაც, ერთი მხრივ, ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები როგორც ეროვნულ, ასევე  საერთაშორისო დონეზე.  კერძოდ, კონვენცია  წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვისა და გაძლიერების გზით, ისე შესაბამისი   ადმინისტრაციული   ღონისძიებების   გატარებითა   და   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამრღვევი პრაქტიკის შეცვლით.

2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ასევე, მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა  უფლებების  კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირებას. აღნიშნული ოქმით სახელმწიფო მხარე აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა  უფლებების  კომიტეტის  კომპეტენციას, საკუთარი იურისდიქციის  ფარგლებში,  მიიღოს  და განიხილოს  იმ  პირების  ან  პირთა ჯგუფის მიერ ან მათი სახელით წარდგენილი შეტყობინებები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არიან სახელმწიფო მხარის მიერ კონვენციის დებულებების დარღვევის მსხვერპლნი.

გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს    პარლამენტმა    მიიღო    ახალი    კანონი    „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი  მდგომარეობის   მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში გაეროს  „შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა  უფლებების

კონვენციის“ ძირითადი პრინციპებისა  და  ღირებულებების  ასახვაა.  ამისათვის კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში - კომისია) მიმართებით.

საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მთელ რიგ ვალდებულებებს. კერძოდ, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია უზრუნველყოს: არსებული და მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვა ან/და უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, თავისი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა დაწესებულების სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თავის სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი სერვისის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების (მათ შორის, აუდიოწიგნი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) შეთავაზების ჩათვლით.

კომისიამ, აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადაპტირებისა და უნივერსალური დიზაინის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადების მითითებით და განახორციელოს მისი შესრულების ზედამხედველობა. ადმინისტრაციული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას; უზრუნველყოს შესაბამისი კადრების მუდმივი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო ასევე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელი შეუწყოს მათ იმპლემენტაციას. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ასევე საქართველოს მთავრობის 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად, უნდა განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ კომისიას 2021 წლის 22 აპრილის N გ-21-21/240, 2022 წლის 24 თებერვლის N გ-22-21/93, 2023 წლის 6 აპრილის N გ-23-21/160 და 2024 წლის 8 თებერვლის N გ-24-21/48 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021, 2022, 2023 და 2024 წლის სამოქმედო გეგმები და შესრულებული აქვს აღნიშნული გეგმებით გათვალისწინებული ყველა მიზანი. შესაბამისად, ვინაიდან  გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა“  და  „შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა  უფლებების  შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა შესასრულებლად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა დგება ყოველწლიურად, კომისიამ შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა უკვე 2025 წლისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, 2025 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა 2025 წლისთვის“ (დანართი N1).

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

5.   კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები