შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-ს (ს/კ: 204446867) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს (ს/კ: 401993820) მიმართ სსიპ - ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის საჩივრის ნაწილობრივ განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2026 16:41
მიღების თარიღი ივნისი 04, 2026
შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-ს (ს/კ: 204446867) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს (ს/კ: 401993820) მიმართ სსიპ - ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის საჩივრის ნაწილობრივ განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
მომჩივანი მხარე: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოპასუხე: შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ (ს/კ: 204446867). შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“ (ს/კ: 401993820)
დავის საგანი: შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-სთვის და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“- სთვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და ქმედებების დაკისრება
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 28 მაისი და 4 ივნისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) შპს ,,მედია- ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-სა (ს/კ: 204446867) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს (ს/კ:401993820) (შემდგომში - მოპასუხეები/მაუწყებლები) წინააღმდეგ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა (შემდგომში - მომჩივანი/საჩივრის ავტორი) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4890, 6.05.26) მომართა.
2. საჩივრის მიხედვით, მოჩივანი სადავოდ ხდის შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-ს ციფრულ და ინტერნეტ სივრცეებში (ტელემაუწყებლობა - ,,ჯორჯიან თაიმზი”; ინტერნეტ- ტელევიზია - https://gttv.ge/; ‘’Youtube“ არხი - “TV Georgian Times” (https://www.youtube.com/@TVGeorgianTimes) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს პლატფორმებზე (ვებგვერდი - https://gtradio.ge) 2026 წლის 16 თებერვალს გასული გადაცემა -
„დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად”, ჟურნალისტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული ნორმების დარღვევის გამო.
3. მომჩივანი, ასევე სადავოდ ხდის ზემოაღნიშნული გადაცემის კონკრეტული მონაკვეთების ამსახველი ვიზუალური პოსტების (ე.წ. ,,ქარდები“) გავრცელებას ,,ჯორჯიან თაიმზი“-ს სოციალურ ქსელში (‘“Facebook“) - (,,ჯორჯიან თაიმზი . GTTV”: https://www.facebook.com/TVGeorgiantimes1) და რადიომაუწყებლის სოციალურ ქსელში (“Facebook“) - (,,რადიო ჯორჯიან თაიმსი/Radio Georgian Times”:https://www.facebook.com/radioGT92.3/?locale=ka_GE) გავრცელებას ინტერნეტ პლატფორმებზე განთავსებული მასალის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო.
4. მომჩივანი განმარტავს, რომ გადაცემის სადავო მონაკვეთები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტები შეიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ მძიმე, ფაქტობრივი ხასიათის ბრალდებებს, რომელიც არ არის გადამოწმებული, წარმოდგენილია მტკიცებითი ფორმით და აზიანებს უნივერსიტეტის საქმიან რეპუტაციას და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაცემის კონკრეტული მონაკვეთები და სოციალურ ქსელში გავრცელებული ე.წ. „ქარდებით“ მოპასუხეების მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები, 552 მუხლის პირველ პუნქტი, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-14 მუხლის პირველ პუნქტი და მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
5. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საჩივრის განხილვა კომისიის ქვემდებარეა, ვინაიდან დავის საგანი უკავშირდება მისი მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. დავის საგანს წარმოადგენს მაუწყებლების (ტელემაუწყებლობა, რადიომაუწყებლობა) მიერ პირდაპირ ეთერში/რადიო სიხშირეზე და მის ინტერნეტ პლატფორმებზე გავრცელებული პროგრამული შინაარსი, რომლის მიმართაც მოქმედი კანონმდებლობა ადგენს შინაარსობრივ სტანდარტებს, მათ შორის ფაქტობრივი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს. შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (ს/კ:204446867; ავტორიზაციის თარიღი: 08/10/2020, გადაწყვეტილება №გ-20-1/786), ხოლო შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი” ფლობს ლიცენზიას (ს/კ: 401993820; კერძო მაუწყებლობის ლიცენზია №B176). შესაბამისად, ,,ჯორჯიან თაიმსი”, როგორც ტელე-რადიო მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები და პრინციპები (52-ე, 54-ე, 552 მუხლები). 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა ისეთი მოთხოვნები, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის დაცვა. საჩივარი წარდგენილია უფლებამოსილი სუბიექტის - იურიდიული პირის (სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მიერ, რომლის კანონიერ ინტერესზე, მათ შორის საქმიან რეპუტაციაზე, პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. როგორც გადაცემის მოწვეული სტუმარი, ასევე ჟურნალისტი, პირდაპირ ახდენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტიფიცირებას გადაცემის მიმდინარეობისას, შესაბამისად, სადავო არ არის ის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს პირს (სუბიექტს), რომელსაც აქვს უფლება მიმართოს კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიერ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპებისა და სიძულვილის ენის აკრძალვის დარღვევის დადგენის მიზნით.
6. საჩივრის მიხედვით, 2026 წლის 16 თებერვალს შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-ს ტელემაუწყებლის (,,ჯორჯიან თაიმზი”) ეთერში, ინტერნეტ-ტელევიზიის (https://gttv.ge /) Live რეჟიმში, Youtube არხზე (“TV Georgian Times”) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს რადიო სიხშირეზე და რადიომაუწყებლობის ვებგვერდზე (https://gtradio.ge/) Live რეჟიმში გავიდა გადაცემა „დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად”, რომელშიც მოწვეული იყო ისტორიკოსი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. აღნიშნული გადაცემის ერთ-ერთი თემა ჟურნალისტის (ეკა სეხნიაშვილის) განცხადებით გახლდათ - ,,განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”, რომლის ჭრილშიც საუბარი მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ.
7. მომჩივანის განცხადებით, გადაცემის კონკრეტულ მონაკვეთებში (08:04-13:07 წუთები) ჟურნალისტის, ეკა სეხნიაშვილისა და მოწვეული სტუმრის, ედიშერ გვენეტაძის მიერ გაკეთდა შემდეგი განცხადებები1:ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ეხლა მაინტერესებს, აი ილიაუნს აქვს შფოთვები ხო, ყველაზე მეტად დარჩა მას, მეტი არავის, რა ხდება, არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან ?“ (08:04 წთ.-08:16 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: ,, … “
ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი…“ (10:43-10:53 წთ.).
სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა, პოლიტიკაზე საერთოდ არ ყოფილა“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ხო, კიბატონო და ბოდიშით, უკაცრავად უნდა გაგაწყვეტინოთ ...“სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ჩვენთან, ჩვენთან…“ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „დიახ, ხო ამას ვგულისხმობ, თქვენთან და რამოდენიმე სხვა ფაკულტეტზეც, უნივერსიტეტშიც მათ შორის ხომ, სახელმწიფო უნივერსიტეტში…“ (10:59 11:05 წთ.)
სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქვე ესწრებოდნენ.“ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „კი ბატონო, კი ბატონო და ანუ ეს ძალიან ისეთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ანუ მუდმივად არის ეს, პრემიერმა ბრძანა დისკუსიაზე, პირდაპირ უთხრა ტელე, საჯარო დისკუსიის დროს, რომ თქვენო ახლა რასაც საუბრობთო ქალბატონო ნინო ჩვენ რომ რამოდენიმეჯერ და ჯეროვნად ეს არგუმენტები თქვენ არ, საერთოდ არ გაგიჟღერებიათ იმ შეხვედრაზეო…“ (11:06-11:29 წთ.სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „პირიქით მიტინგი ჩაატარეთო…“ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ?! “ (11:30-11:40 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ეკა, ვერც იქნება, ვერც იქნება, რატომ ვერ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გახსოვს კადრები…“ სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „იგივე ის ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და ილიას, ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს, ისა, შებურვილი… ვინაიდან თავიდან ბოლომდე, მოდი ვთქვათ, გულწრფელად რა, ესენი, ეს უნივერსიტეტის, აბსოლიტური უმრავლესობა, ყველაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია, არა მაქვს, ესენი არიან ნაც, ეგრეთწოდებული „იაიჩკებს“, ბრჭყალებში ვლაპარაკობ ამას, აქედან იჩეკებიან...“ (12:05-12:57 წთ.) ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ანუ რას გულისხმობთ, აა, რუსული ტერმინი არ გვინდა, გასაგებია, ინკუბატორი… “ (ჟურნალისტი ამ მონაკვეთში იცინის; 12:55-13:03 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „შემთხვევით არ მითქვამს კიდე “იაიჩკა”, რატომ და მაგასაც ავხსნი…“ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „კი ბატონო, ააჰა, კი ბატონო…“ (ჟურნალისტი ამ მონაკვეთში იცინის; 13:05-13:07 წთ.). ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ჯერ ერთი, ძალიან ცალმხრივად მოაზროვნეა, სამწუხაროდ, პროფესორების გარკვეული ნაწილი, ვინც პრეტენზიებს გამოთქვამს და საჯარო სივრცეში ოპერირებს…“ (17:44 წთ.)
8. მომჩივანის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფრაზები, რომელიც კომენტარების, რეპლიკების, შეკითხვებისა თუ პასუხების ფორმით გაჟღერდა გადაცემის მიმდინარეობისას, საჩივრის ავტორს წარმოაჩენს იდეოლოგიურად მართულ, პოლიტიკურად მიკერძოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რაც წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას და ლახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან რეპუტაციას. გადაცემის მიმდინარეობისას ჟურნალისტი
1 იხ. მაუწყებლის “ჯორჯიან თაიმსის” Youtube არხზე (“TV Georgian Times”) 2026 წლის 16 თებერვალს გასული გადაცემა, https://www.youtube.com/live/OALfj9-HtTk .
ეკა სეხნიაშვილი გადაცემის სტუმარს უსვამს ერთგვარად მაპროვოცირებელ, რიტორიკული ფორმის შეკითხვებს (მაგ., „არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან ? “; „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული?!“), რომელთა მიზანსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურად მიკერძოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად წარმოჩენა და იმ ნარატივის გაგრძელება/გაძლიერება წარმოადგენს, რომელსაც მოწვეული სტუმარი საჩივრის ავტორის შესახებ ავითარებს. ჟურნალისტის მიერ სტუმრისთვის დასმული შეკითხვები მხოლოდ მითითებული ფორმატით შემოიფარგლება. რაც შეეხება ეკა სეხნიაშვილის სტუმართან ინტერაქციის სხვა ფორმებს, ჟურნალისტი ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ნათქვამ ცრუ ინფორმაციას და მადისკრედიტირებელ ფრაზებს კომენტარებისა და რეპლიკების ფორმით ეთანხმება და არ უსვამს სტუმარს დამაზუსტებელ შეკითხვებს. ეკა სეხნიაშვილი გადაცემის მონაკვეთში (10:43 წთ.) სტუმარს აწყვეტინებს საუბარს და მტკიცებითი ფორმით, ერთგვარი დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ, როდესაც ვინმე არ არის „პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული“, „ის განგრძობითობა აღარ ეცემა…“. ჟურნალისტის აღნიშნული კომენტარი მოჰყვა უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების მიმართ უნივერსიტეტების დამოკიდებულებაზე სტუმრის საუბარს და ედიშერ გვენეტაძის მიერ იმის აღნიშვნას, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მსჯელობა თითქოს არ იყო საგნობრივი. შესაბამისად, ცხადია, რომ ეკა სეხნიაშვილის კომენტარი მიემართებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელსაც მან დაუსაბუთებლად და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული უწოდა. ჟურნალისტმა თავისი მდგომარეობა და წამყვანის ამპლუა გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება ფაქტის ფორმით გაევრცელებინა, რითაც დაარღვია პროგრამის მიუკერძოებლობის სტანდარტი.
9. საჩივარში მითითებულია, რომ, გარდა ზემოაღნიშნული მაპროვოცირებელი შეკითხვებისა და კომენტარისა, საყურადღებოა ჟურნალისტის საპასუხო რეაქცია, როდესაც სტუმარი ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების, პროფესორების მიმართ აჟღერებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და თუ როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება. ედიშერ გვენეტაძის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულის, კერძოდ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის პირდაპირ დაბრალებას, რაც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენასა და დასაბუთებას საჭიროებს. მის მიერ გადაცემის მიმდინარეობისას გაჟღერებული ბრალდება იარაღისა და ხელისუფლების დამხობის სწავლების შესახებ არ ეყრდნობოდა მტკიცებულებებს, თუმცა მის ჭეშმარიტებაში გადაცემის წამყვანს ეჭვი არ შეუტანია და სტუმრისთვის არ დაუსვამს დამაზუსტებელი კითხვა. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად ისეთი მნიშვნელობის თემისა, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო უსაფრთხოება, რაზეც გადაცემის სტუმარი აპელირებდა, გადაცემაში არ ყოფილა წარმოდგენილი ალტერნატიული მოსაზრება, ,,ჯორჯიან თაიმსს” არ მიუმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის პოზიციის მისაღებად, რათა გადაემოწმებინა გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე და უტყუარობა - გაემყარებინა ან გაებათილებინა უნივერსიტეტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ობიექტური და გადამოწმებული ფაქტებით.
10. მომჩივანი განმარტავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი ადასტურებს, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი სტუდენტთა თუ დასაქმებულთა უსაფრთხოებას განუხრელად იცავს. არა თუ იარაღის გამოყენება და სწავლება, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შემოტანაც კი აკრძალულია. შინაგანაწესის მსგავსი დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად იწყება დისციპლინური საქმისწარმოება, ვინაიდან ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა ამისა, აბიტურიენტთა ცნობარში, სადაც გამოქვეყნებულია ინფორმაცია ყველა იმ პროგრამის შესახებ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება, არ გვხვდება ისეთი ფაკულტეტი, რომელიც მსგავსი შინაარსის სწავლებას შეიძლება მოიცავდეს. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებზე პროფესორ-მასწავლებლებზე გაჟღერებული ინფორმაცია მცდარი და უსაფუძვლო იყო, რომლის გავრცელების პრევენცია არ მოახდინა ჟურნალისტმა ეკა სეხნიაშვილმა. მას უნდა მიეღო შესაბამისი გონივრული ზომები, რათა არ დაეშვა ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და გადაცემის მიმდინარეობისას გადაემოწმებინა იგი. მაგ. მოწვეული სტუმრისთვის დაესვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდა მას აღნიშნული ინფორმაცია, რომელ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა და ა.შ. გარდა განხილული ბრალდებისა, აღსანიშნავია ის, რომ მოწვეული სტუმარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი სიტყვებით/ფრაზებით. მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია („ნაც, ეგრეთწოდებული „იაიჩკებს“...“) მოიცავს სტიგმატიზაციის ელემენტებს, რომელიც მიმართულია ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მიმართ, არის სიძულვილის ენის შემცველი და ემსახურება უნივერსიტეტის დისკრედიტაციას. საყურადღებოა, რომ ჟურნალისტი ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას სიცილით ეხმაურება (12:55-13:03 წთ.) და მიმართვის ფორმად (13:05 წთ.) იყენებს შემდეგ სიტყვებს - „კი ბატონო, ააჰა, კი ბატონო…“, რაც ასევე უსვამს ხაზს ეკა სეხნიაშვილის მიკერძოებულობას.
11. მომჩივანის განცხადებით, სტუმრის ფრაზებზე ვერბალურად დათანხმების, რიტორიკული შეკითხვების დასმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული დაწესებულების წოდების გარდა, საყურადღებოა ეკა სეხნიაშვილის მიერ თავისი პოზიციის დაფიქსირების არავერბალური ფორმებიც. მაგ., ედიშერ გვენეტაძის მიერ ნათქვამ სიტყვებზე, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატებში მონაწილეობა იყო პოლიტიკური აქტივობა (08:25- 08:26 წთ.), თავის დაკვრით დათანხმება; სტუმრის მიერ გაჟღერებულ ფრაზაზე - „სუსის მიერ გავრცელებული კადრები“ (რასაც მოსდევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ იარაღისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის სწავლების მძიმე ბრალდება) - ასევე თავის დაკვრით დათანხმება (11:58-11:59 წთ.) დამაზუსტებელი კითხვის დასმის გარეშე, თუ რომელ კადრებზე იყო საუბარი. როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური ფორმებით ეკა სეხნიაშვილის დათანხმება სტუმრის მიერ ნათქვამ ბრალდებებზე და შეურაცხმყოფელ ფრაზებზე, გაჟღერებულ ინფორმაციას ფაქტის სახით წარმოაჩენს. ამგვარ ქმედებებს კი მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს და ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოსდა გადაცემაში ნათქვამი ცრუ ბრალდებები სიმართლე ყოფილიყოს.
12. საჩივრის ავტორის განმარტებით, ყოველივე ზემოგანხილულიდან გამომდინარე, გადაცემაში დომინირებდა ერთი, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. უნივერსიტეტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი ფრაზებით მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას გადაცემის წამყვანი აქტიურად უწყობდა ხელს, როგორც თავისი კომენტარებით („როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა…“), ასევე მაპროვოცირებელი, რიტორიკული შეკითხვების დასმითა და სტუმრის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე/შეურაცხმყოფელ ფრაზებზე დათანხმებით. სწორედ ამიტომ, როგორც დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე მაუწყებლობის სხვადასხვა პრინციპების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა მაუწყებელს ეკისრება.
13. მომჩივანის განცხადებით, საყურადღებოა თავად გადაცემის თემის სათაურიც, რომელიც ჟურნალისტმა გააჟღერა: ,,განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”. ვინაიდან გადაცემის მიმდინარეობისას ნეგატიურ კონტექსტში მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებზეა საუბარი და როგორც სტუმრის, ასევე ჟურნალისტის მიერ აღნიშნულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებულია, ცალსახაა, რომ მითითებული გადაცემის წინასწარ განსაზღვრულ თემას და მიზანს, სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, როგორც სტუმრის, ასევე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი ფრაზები და თავად გადაცემის თემის სათაურიც იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც სათაურის შემთხვევაში თითქოს ფორმით ნეიტრალურია, მაგრამ, გადაცემის შინაარსიდან გამომდინარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიემართება. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ასევე ფორმით თითქოს ნეიტრალურ ფრაზას იყენებს, როდესაც ამბობს შემდეგს: „ჯერ ერთი, ძალიან ცალმხრივად მოაზროვნეა, სამწუხაროდ, პროფესორების გარკვეული ნაწილი, ვინც პრეტენზიებს გამოთქვამს და საჯარო სივრცეში ოპერირებს…“ (17:44 წთ.), თუმცა მთელი გადაცემის მიმდინარეობისას უარყოფით კონტექსტში მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების მოხსენიება, გვიქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ „ცალმხრივად მოაზროვნეებს“ წამყვანი სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს უწოდებს, რაც შეურაცხმყოფელია უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის და ლახავს თავად დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და სახელს. ნიშანდობლივია ისიც, რომ მიუხედავად უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების აქტუალურობისა, გადაცემაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე მიიწვიეს, რაც საბოლოო ჯამში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე თავდასხმის საშუალებად იქნა გამოყენებული.
14. საჩივრის მიხედვით, 2026 წლის 16 თებერვალს, როგორც ,,ჯორჯიან თაიმსი“-ს “Facebook“ გვერდზე2, ასევე რადიომაუწყებლობის “Facebook“ გვერდზე3 გავრცელდა ზემოგანხილული გადაცემიდან ედიშერ გვენეტაძის მიერ ნათქვამი ფრაზის („ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და თუ როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება.“) ამსახველი ვიზუალური პოსტი, ე.წ. „ქარდები“. გარდა ე.წ. „ქარდებისა“, ,,ჯორჯიან თაიმსი“-ს “Facebook“ გვერდზე ასევე გავრცელდა ის მოკლე ვიდეოები, სადაც ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ იარაღისა და ხელისუფლების დამხობის სწავლების მძიმე ბრალდებაზე საუბრობდა4, ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურად ანგაჟირებულობას უსვამდა ხაზს5. ის არგუმენტი, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა და წამყვანს შესაძლებელია არ ჰქონოდა ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, ამ ნაწილში არ არის რელევანტური, ვინაიდან სწორედ გადაცემის დასრულების შემდეგ განთავსდა სოციალურ ქსელ “Facebook“-ზე ზემოხსენებული ე.წ. „ქარდები“. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ წამყვანის მხრიდან რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ ფრაზებზე დათანხმება და აღნიშნულის შესაბამისად თავისი მსჯელობის განვითარება, არ იყო გამოწვეული იმ გარემოებით, რომ ამ ფორმატში მას ინფორმაციის დაზუსტება არ შეეძლო. პირიქით, გადაცემის დასრულების შემდგომ ,,პროვოკაციული” სათაურით ე.წ. „ქარდის“ გამოქვეყნება ადასტურებს, რომ მაუწყებელმა განახორციელა მცდარი ინფორმაციის რედაქციულად კონტროლირებადი, მიზანმიმართული და განმეორებითი გავრცელება. შესაძლოა აღნიშნული ე.წ. „ქარდი“ უფრო მეტად საზიანოც კი იყოს, ვიდრე ეთერში გასული სიუჟეტი, ვინაიდან სოციალურ ქსელებში ინფორმაცია მეტი სისწრაფით ვრცელდება ფართო მასებზე, განსაკუთრებით ე.წ. „ქარდების“ შემთხვევაში, როდესაც ადამიანების უმეტესობა არა სრულ სტატიას თუ გადაცემას ეცნობა, არამედ მხოლოდ მოკლე და ,,სკანდალური” სათაურით შემოიფარგლება, რაც ხელს უშლის ინფორმაციის სწორად და საფუძვლიანად მიღებასა და აღქმას. მოცემულ შემთხვევაშიც ,,ჯორჯიან თაიმსისა” და რადიომაუწყებლის “Facebook” გვერდებზე გამოქვეყნებულმა ე.წ. „ქარდებმა“ აუდიტორიის ნაწილი ,,ილიაუნის” წინააღმდეგ განაწყო და ფაქტობრივად დაარწმუნა, რომ უნივერსიტეტში მართლაც ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და ხელისუფლების დამხობას6. მომჩივანის განმარტებით, ,,ჯორჯიან თაიმსი“-ს “Youtube” არხზე განთავსებულ სრულ გადაცემას მხოლოდ 7 კომენტარი აქვს, ,,ჯორჯიან თაიმსი“-ს “Facebook”
2,,ჯორჯიან თაიმსი GTTV“ (Facebook გვერდი), 2016 წლის 16 თებერვლის პოსტი, ე.წ. „ქარდი“ - https://www.facebook.com/photo/?fbid=951301817418682&set=pb.100076166163964.-2207520000
3 ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio Georgian Times“ (Facebook გვერდი), 2016 წლის 16 თებერვლის პოსტი, ე.წ. ქარდი - https://www.facebook.com/photo/?fbid=930844182672017&set=pb.100072393321802.-2207520000&locale=ka_GE
4,,ჯორჯიან თაიმსი“. GTTV (Facebook გვერდი), 2016 წლის 16 თებერვლის ვიდეო - https://www.facebook.com/reel/26276793611933587
5,,ჯორჯიან თაიმსი.GTTV“ (Facebook გვერდი), 2016 წლის 16 თებერვლის ვიდეო - https://www.facebook.com/reel/1732894124358515?locale=ka_GE
6 იხ. დანართი N2, დანართი N3 (კომენტარების ამსახველი ფოტოასლი, ე.წ. “Screenshot”).
გვერდზე განთავსებულ მოკლე ვიდეოს - 83, ხოლო, ამავე გვერდზე დადებულ ე.წ. „ქარდს“ ყველაზე მეტი - 201 კომენტარი. ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ერთი წინადადების შემცველი საჯარო პოსტი ბევრად უფრო რეზონანსული იყო, ვიდრე სრულ გადაცემა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ე.წ. „ქარდზე“ გადაცემაში გაჟღერებული ყველაზე ,,სკანდალური” სიცრუე (ბრალდება) ეწერა, რაც აუდიტორიის ნაწილმა, სამწუხაროდ, დაიჯერა, რასაც მათი აღშფოთება მოჰყვა. ზემოაღნიშნული ე.წ. „ქარდებისა“ და ვიდოების სოციალურ ქსელში გავრცელება ასევე ადასტურებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვა და საზოგადოების თვალში მისი ნეგატიურად წარმოჩენა მაუწყებლის მიერ გამიზნულად მოხდა.
15. მომჩივანის განცხადებით, გადაცემის სადავო მონაკვეთებმა დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“; ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლი - „მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)“; ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლი - „სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ“.
16. მომჩივანის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებას, თუმცა იგი არ არის შეუზღუდავი. აღნიშნული უფლება თავისი ბუნებით მოითხოვს პასუხისმგებლიან გამოყენებას და მისი რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დასაშვებ შეზღუდვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის წინააღმდეგობაში მოდის სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებთან. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ინტერესთა სამართლიანი ბალანსის დაცვა, რათა დაცული იქნეს როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე სხვა პირთა უფლებები ან საზოგადოებრივი ინტერესი. ანალოგიურ მიდგომას ავითარებს კომისია Nგ-25-16/392 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ, სადაც მიუთითებს, რომ „მთელ რიგ შემთხვევებში, დადგენილი წინაპირობების არსებობისას, სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან და ინტერესებთან შეპირისპირებისას, ინტერესთა ბალანსის დასაცავად დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“7. თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში მასმედია წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს, რომელიც გავლენას ახდენს როგორც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ასევე კონკრეტული დაწესებულებებისა თუ პირების შესახებ საზოგადოებაში აღქმების ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტური საქმიანობისას, განსაკუთრებით კი ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, უპირატეს მნიშვნელობას იძენს პროფესიული და ეთიკური სტანდარტების განუხრელი დაცვა. ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტე, ობიექტურობა და კონტექსტთან შესაბამისობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა ღირსების ან დაწესებულებათა რეპუტაციის შელახვა. ჯეროვანი სიზუსტე წარმოადგენს როგორც მაუწყებლობის, ისე მთლიანად მედიის საქმიანობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მედიის ძირითად დანიშნულებას - საზოგადოებისთვის ზუსტი, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას. ამ პრინციპის დაცვა უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ და წარმოადგენს მაუწყებელსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობის მთავარ საფუძველს. სწორედ ნდობის შენარჩუნება და ფაქტობრივ სიზუსტეზე დაფუძნებული მაუწყებლობა წარმოადგენს იმ ბირთვს, რომელზეც დემოკრატი საზოგადოებაში მედიის რეპუტაცია და პასუხისმგებლობა დგას. ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. თავის მხრივ, ფაქტებზე 7 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება Nგ-25-16 / 392 - ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ, პარაგრაფი 24. იხ. ბმული: https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-392.page დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს8. მიუხედავად იმისა, რომ „დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად” წარმოადგენს საავტორო პროგრამას, წამყვანის მიერ სტუმრებთან განხილული საკითხები ძირითადად ეხება მიმდინარე მოვლენებს, რაც თავისთავად მოიცავს აღნიშნული გადაცემის ფარგლებში ფაქტობრივი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებასაც. 2026 წლის 16 თებერვლის გადაცემის თემას წარმოადგენდა ,,განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გადაცემის ფარგლებში ჟურნალისტისა და წამყვანის მიერ მოხდებოდა მიმდინარე მოვლენების, აქტუალური საკითხების განხილვა და აქედან გამომდინარე, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება. გადაცემის მიმდინარეობისას როგორც გადაცემის წამყვანი, ასევე სტუმარი, ავრცელებდნენ სხვადასხვა ინფორმაციას არა მოსაზრების ან შეხედულების, არამედ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სახით (მაგ., „იგივე ის ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და ილიას, ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს, ისა, შებურვილი…“ (ედიშერ გვენეტაძე); „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი…“ (ეკა სეხნიაშვილი). შესაბამისად, ზემოაღნიშნული ინფორმაციისა და წარმოდგენილი სადავო განცხადებების სიზუსტის უზრუნველყოფის ვალდებულება, განსხვავებით მოსაზრებებისა და შეფასებებისა, ვრცელდებოდა მაუწყებელზე.
17. საჩივრის ავტორის განმარტებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული პუნქტი მაუწყებელს ვერ დაავალდებულებს, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია იყოს აბსოლუტურად ზუსტი9. მითითებული ნორმის მოთხოვნას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ სათანადო ძალისხმევის გაწევა, რათა ეს უკანასკნელი დარწმუნდეს გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში. სათანადო ძალისხმევის გაწევა შესაძლებელია მოიცავდეს ალტერნატიული პოზიციის მოძიებას და მეორე მხარის არგუმენტების მოსმენას, პირებისგან ინფორმაციის მიღებას, შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილს არ გაუწევია შესაბამისი ძალისხმევა, რათა მის საავტორო პროგრამაში ფაქტების ფორმით გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნებულიყო. მაგალითად, ჟურნალისტს არ დაუსვამს სტუმრისთვის დამაზუსტებელი შეკითხვები, როდესაც ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლების მიერ იარაღის ხმარებისა და ხელისუფლების დამხობის სწავლებაზე საუბრობდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ფრაზის („ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას…“) გაჟღერების შემდეგ, ედიშერ გვენეტაძე სვამს შეკითხვას - „ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო?“ - რასაც ეკა სეხნიაშვილი ფაქტობრივად დუმილით ეთანხმება - იგი სტუმარს არ ეწინააღმდეგება, არ უსვამს მას დამაზუსტებელ შეკითხვას თუ კონკრეტულად რომელ კურსზე ან რომელ პროფესორებზე საუბრობს. გარდა ამისა, გადაცემის 11:58-11:59 წუთებზე ჟურნალისტი თავის დაკვრით ეთანხმება სტუმარს, როდესაც იგი „სუსის მიერ გავრცელებულ კადრებზე“ საუბრობს და მას არ ეკითხება, თუ რომელ კადრებზეა საუბარი. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ცალსახაა, რომ ეკა სეხნიაშვილმა არ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა მის საავტორო გადაცემაში სტუმრის მიერ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სახით გაჟღერებული ბრალდებები გადაემოწმებინა და შესაბამისად, უზრუნველეყო მათი ჯეროვანი სიზუსტით გავრცელება.
18. საჩივარში აღნიშნულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მისი პროფესორ- მასწავლებლების მიერ არასდროს ისწავლებოდა და არც ახლა ისწავლება ისეთი პროგრამა ან საგანი, რომელსაც რაიმე შემხებლობა ექნება იარაღის ხმარების ან ხელისუფლების დამხობის სწავლებასთან. შესაბამისად, ედიშერ გვენეტაძის მიერ გაჟღერებული ბრალდება წარმოადგენს
8 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, „გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე“, გვ. 6. იხ. ბმული: https://www.comcom.ge/uploads/other/16/16180.pdf
9 იქვე.
ცრუ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ნიშანდობლივია, რომ გადაცემის სტუმრის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები ჟურნალისტმა მოცემულობად მიიღო და არ გაიღო არავითარი ძალისხმევა, რათა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით არ გავრცელებულიყო ისეთი ინფორმაცია, რომლის ჭეშმარიტება გადაცემის მიმდინარეობისას არ გადამოწმებულა/არ დადასტურებულა არც სტუმრის და არც თავად ეკა სეხნიაშვილის მიერ.
19. მომჩივანის განმარტებით, პრობლემურია არამხოლოდ საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არამედ მისი დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული მცდარი ინფორმაციის როგორც ,,ჯორჯიან თაიმზი“-ს და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის” ‘’Facebook’’ გვერდებზე ე.წ. „ქარდის“ სახით გავრცელება10, ასევე ედიშერ გვენეტაძის ბრალდებების ამსახველი მოკლე ვიდეოების (ე.წ. რილსის ფორმის ვიდეოები) ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ‘’Facebook’’- გვერდზე დადება11. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მაუწყებელს არც კი ჰქონდა სურვილი გადაემოწმებინა გადაცემაში გაჟღერებული ცრუ ინფორმაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების ამსახველი ე.წ. ქარდები/ვიდეოები მიზანმიმართულად განათავსა სოციალურ ქსელებში. ,,ჯორჯიან თაიმსს” არ მიუმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რათა “post factum’’ მაინც მოესმინა მისი პოზიცია საავტორო გადაცემაში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მაუწყებელს არც გადაცემის დასრულების შემდეგ გაუწევია გონივრული ძალისხმევა, რათა მის პლატფორმებზე არ გავრცელებული ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, პირიქით - გადამოწმების გარეშე, გადაცემის დასრულების შემდეგ განთავსდა “Facebook’’ გვერდებზე ე.წ.
„ქარდები“ და მოკლე ვიდეოები. საგულისხმოა ისიც, რომ ვინაიდან უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს წარმოადგენდა/წარმოადგენს, აღნიშნულთან დაკავშირებით კი მოქმედებს ჯეროვანი სიზუსტის მკაცრი მოთხოვნები, რაც გასათვალისწინებელია ,,ჯორჯიან თაიმსის” მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის პრინციპის შესაძლო დარღვევის შეფასებისას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს მიაჩნია, რომ საავტორო გადაცემის წამყვანმა ეკა სეხნიაშვილმა და შესაბამისად, მაუწყებელმა - ,,ჯორჯიან თაიმზი” დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. გარდა ამისა, ჟურნალისტისა და მაუწყებლის მიერ ასევე დაირღვა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს აუდიტორიას მიაწოდოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, და მე-14 მუხლის პირველი პუნქტი. ვინაიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ჯეროვანი პასუხის გაცემის უფლებით, ,,ჯორჯიან თაიმსის” მიერ ჯეროვანი სიზუსტით ინფორმაციის გადაცემის ვალდებულების დარღვევა ცალსახად ანიჭებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, “post factum’’.
21. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემის სადავო მონაკვეთებმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“; მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-17 მუხლი - „საავტორო პროგრამების გადაცემისას მაუწყებლისადმი წაყენებული მოთხოვნები“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვის ვალდებულებას. აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს, რომ აუდიტორიისთვის
10 ,,ჯორჯიან თაიმსი . GTTV“ (Facebook გვერდი), 2016 წლის 16 თებერვლის პოსტი, ე.წ. ქარდი. იხ. ბმული:https://www.facebook.com/photo/?fbid=951301817418682&set=pb.100076166163964.-2207520000 ; ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio Georgian Times“ (Facebook გვერდი), 2016 წლის 16 თებერვლის პოსტი, ე.წ. ქარდი. იხ. ბმული:https://www.facebook.com/photo/?fbid=930844182672017&set=pb.100072393321802.-2207520000&locale=ka_GE
11 ,,ჯორჯიან თაიმსი . GTTV“ (Facebook გვერდი), 2016 წლის 16 თებერვლის ვიდეოები, იხ. ბმულები:
https://www.facebook.com/reel/26276793611933587 ; https://www.facebook.com/reel/1732894124358515?locale=ka_GE
მიწოდებული ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით, სხვადასხვა მხარის პოზიციის გათვალისწინებით. მართალია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა, რომელიც ეხება მაუწყებლის მიერ პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქების აკრძალვას, არ ვრცელდება საავტორო პროგრამებზე, თუმცა აღნიშნულ პროგრამაში სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა მაინც ექვემდებარება შესაბამის კონტროლს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს საავტორო პროგრამის ვალდებულებას აუდიტორიას მიაწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან აიცილოს ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. გარდა ამისა, დაუშვებელია საავტორო პროგრამის წამყვანის მიერ საკუთარი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. საავტორო პროგრამის მიუკერძოებლობას ასევე განსაზღვრავს ალტერნატიული პოზიციებისა და შეხედულებების წარმოდგენა. ეს უკანასკნელი მხოლოდ ზედაპირულად არ უნდა იყოს წარმოჩენილი და წამყვანის მხრიდან ნიველირებული12. ასევე, „თუ წამყვანს ცალკეულ საკითხებზე აქვს მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები და არსებობს ამ შეხედულებების საწინააღმდეგო, ალტერნატიული შეხედულებები, მაუწყებელს უნდა ჰქონდეს შემუშავებული სათანადო სისტემა, რათა ერთიანობაში არ დაირღვეს ბალანსი და დაცული იყოს მიუკერძოებლობის პრინციპი.“13
22. მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაცემის წამყვანი არ მოქმედებდა აღნიშნული ნორმებისა და პრინციპების დაცვით, ვინაიდან გადაცემის სადავო მონაკვეთებში იგი არა თუ მიუკერძოებლობის დაცვას ცდილობდა, არამედ თავად უსვამდა რესპონდენტს მაპროვოცირებელ, რიტორიკულ შეკითხვებს, რომლებიც სწორედ მის პოზიციას ადასტურებდა (მაგ., „ეხლა მაინტერესებს, აი ილიაუნს აქვს შფოთვები ხო, ყველაზე მეტად დარჩა მას, მეტი არავის, რა ხდება, არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან?“; „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული?!“). გარდა მაპროვოცირებელი შეკითხვების დასმისა, ჟურნალისტი თავადვე ავრცელებდა საკუთარ მიკერძოებულ შეხედულებებს საჩივრის ავტორის შესახებ, რომელთაც არა მოსაზრების, არამედ ფაქტის შემცველი ინფორმაციის სახით აწვდიდა აუდიტორიას (მაგ., „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ, უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი…“). შესაბამისად, ცალსახაა, რომ ეკა სეხნიაშვილმა გამოიყენა თავის მდგომარეობა საკუთარი მოსაზრებების ისეთი ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც ეჭქვეშ დააყენა საავტორო გადაცემის მიუკერძოებლობა, მათ შორის იმიტომ, რომ პროგრამაში ალტერნატიული შეხედულებები ზედაპირულადაც კი არ იყო წარმოდგენილი.
23. მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია მოსაზრებათა ფართო სპექტრის მიწოდების ვალდებულებაც, ვინაიდან მოწვეული სტუმარი და წამყვანი ცალსახად ერთ პოზიციაზე იმყოფებოდნენ და მოვლენებს არა ფართო სპექტრით, არამედ მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან განიხილავდნენ, რის შედეგადაც აუდიტორიას უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის დანახვის შესაძლებლობა მიეცა. ეკა სეხნიაშვილმა გადაცემის მიმდინარეობისას (17:53-18:03 წთ.) განაცხადა: „ჩემი, როგორც ჟურნალისტის გადასაწყვეტია გადაცემაში სტუმრად ვინ მოვა.“ საავტორო გადაცემის წამყვანს აღნიშნული პრეროგატივა არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან პროგრამაში უზრუნველყოს ალტერნატიული შეხედულებებისა და მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენა. ჟურნალისტმა კი დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და გადაცემის ფორმატი იმისთვის გამოიყენა, რომ მაყურებლისთვის არა მრავალფეროვანი შეხედულებები, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ მიმართული ერთიანი, სუბიექტური ნარატივი მიეწოდებინა. გადაცემის
12 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, „გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე“, გვ. 21. იხ. ბმული: https://www.comcom.ge/uploads/other/16/16180.pdf
13 იქვე
წამყვანს წინასწარ უნდა მიემართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და უნდა უზრუნველეყო მათი წარმომადგენლების მოწვევა საავტორო პროგრამაში განსხვავებულ მოსაზრებებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით. აღნიშნულის საჭიროება არსებობდა, ვინაიდან გადაცემის თემა წინასწარ იყო განსაზღვრული და სწორედ უნივერსიტეტებს ეხებოდა რელევანტურ კონტექსტში. ვალდებულება წარმოიშვა აგრეთვე გადაცემის ფორმატის გამოც - საავტორო პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, საჭირო იყო აუდიტორიისათვის განსახილველ საკითხზე მოსაზრებების ფართო სპექტრის მიწოდება და ფაქტების დამახინჯებისა და განსხვავებული აზრის არასწორად ინტერპრეტირების მაქსიმალურად თავიდან არიდება. გადაცემის წამყვანი პროგრამის მიუკერძოებლობას ასევე ხელყოფს ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური ფორმებით დათანხმებით (08:25-08:26 წთ.; 11:58-11:59 წთ.) და სიცილით გამოხატული ემოციით (12:55-13:03 წთ.).
24. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2026 წლის 16 თებერვლის საავტორო გადაცემის თემა (,,განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”) წინასწარ იყო განსაზღვრული, შესაბამისად, პროგრამის წამყვანს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო შესაბამისი ზომები, რათა ერთი მხრივ, დაებალანსებინა პროგრამა მოსაზრებათა ფართო სპექტრით, ხოლო მეორე მხრივ, თუნდაც მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მიწვევის პირობებში, საავტორო გადაცემა არ გამოეყენებინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე თავდასხმის საშუალებად. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, “როდესაც პროგრამაში არ მონაწილეობს ამა თუ იმ პოზიციის მხარდამჭერი დაინტერესებული მხარე, მაუწყებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ხერხებს, რათა ბალანსი არ დაირღვეს მათი პოზიციის საზიანოდ და მხოლოდ ის მოსაზრება არ გახმოვანდეს, რომლის მხარდაჭერებიც მონაწილეობენ პროგრამაში.”14 აღსანიშნავია, რომ საავტორო გადაცემის წამყვანა არ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა დაეცვა ბალანსი და არ დარღვეულიყო ეს უკანასკნელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზიანოდ. გადაცემის განმავლობაში ნეგატიურ კონტექსტში მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე იყო საუბარი, რაც ადასტურებს, რომ საავტორო პროგრამა გამოყენებულ იქნა აღნიშნულ უნივერსიტეტზე და მის საქმიან რეპუტაციაზე თავდასხმის საშუალებად, რაც არღვევს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტს. საავტორო გადაცემაში როგორც სტუმრის, ასევე წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები ლახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან რეპუტაციას, ქმნის დეზინფორმაციულ გარემოს და არღვევს მედიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის საფუძვლებს. გადაცემის პროგრამული შინაარსი ცალსახად სცილდება ინფორმაციის სამართლიანად და ობიექტურად გადმოცემის მიზანს/ვალდებულებას. პროგრამის სადავო მონაკვეთები არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან მათში ნათლად იკვეთება მხოლოდ ერთი, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც მიზანმიმართულად წარმოაჩენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებულ, პოლიტიზირებულ და მართულ ძალას. ყოველივე ზემოგანხილული ვალდებულების უგულებელყოფით მაუწყებელმა დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები, ასევე ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
25. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემის სადავო მონაკვეთებმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი - „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი კრძალავს ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვა ვრცელდება როგორც
14 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, „გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე“, გვ. 19-20. იხ. ბმული: https://www.comcom.ge/uploads/other/16/16180.pdf
ჩანაწერზე, ასევე პირდაპირ ეთერში განთავსებულ მასალაზე, ,,იმის მიუხედავად, აკრძალული შინაარსის გამოხატვას ავრცელებს მედიამომსახურების წარმომადგენელი თუ მესამე პირი მედიამომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით.”15 ამ მხრივ საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Delfi AS v. Estonia16 სადაც დადგენილია, რომ მედია საშუალება პასუხისმგებელია მის პლატფორმაზე გავრცელებულ შინაარსზე, მათ შორის მესამე პირების მიერ გავრცელებულ განცხადებებზეც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც აღნიშნული შინაარსი შეიცავს სიძულვილის ენას და აშკარად უკანონო ბრალდებებს. აღსანიშნავია, რომ მაუწყებელს ასევე აქვს სარედაქციო კონტროლის შესაძლებლობაც, გააკონტროლოს მის სოციალურ ქსელებში შესაბამის პოსტებზე დატოვებული კომენტარები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავს. ნიშანდობლივია, რომ საავტორო გადაცემაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალადობასთან, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირება (,,ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას…მერე შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება…”) წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ვინაიდან, ასეთი კომენტარი არა მხოლოდ სიძულვილის ენის ელემენტებს შეიცავს, არამედ ქმნის მტრულ და საფრთხის შემცველ გარემოს უნივერსიტეტის პროფესორებისთვის/სტუდენტებისთვის და აღვივებს აგრესიას მათ მიმართ.
26. საჩივარში აღნიშნულია, რომ საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს მოიხსენიებდა არაერთი შეურაცხმყოფელი სიტყვით/ფრაზით, რაც არსებული კონტექსტის გათვალისწინებით სიძულვილის ენის გამოყენებას წარმოადგენს. გადაცემის სტუმარი ერთ-ერთ მონაკვეთში (12:05-12:57 წთ.) აკეთებს შემდეგ განცხადებას: „ვინაიდან თავიდან ბოლომდე, მოდი ვთქვათ, გულწრფელად რა, ესენი, ეს უნივერსიტეტის, აბსოლუტური უმრავლესობა, ყველაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია, არა მაქვს, ესენი არიან ნაც. ეგრეთწოდებული „იაიჩკები“, ბრჭყალებში ვლაპარაკობ ამას, აქედან იჩეკებიან...“. აღნიშნული ფრაზით ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს უკავშირებს იმ ჯგუფს (პარტიას), რომელიც დისკრედიტირებულია საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში, მასთან რაიმე ფორმით კავშირი კი იწვევს სტიგმატიზაციას. მითითებული მიზეზიდან გამომდინარე მიმართვა ,,ნაც, ეგრეთწოდებული „იაიჩკები“ უარყოფითი კონოტაციის მატარებელია. ედიშერ გვენეტაძე მიზანმიმართულად იყენებს ზემოხსენებულ ფრაზას, რათა ერთი მხრივ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მოახდინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვა, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტის პროფესორების პარტიასთან აფილირების ბრალდებით, გააღვივოს სიძულვილი როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე მისი პროფესორებისა და სტუდენტების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში სიძულვილის ენის ნიშანს სხვა შეხედულება წარმოადგენს, ვინაიდან გადაცემის თემის გათვალისწინებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ედიშერ გვენეტაძის კრიტიკის სავარაუდო საფუძველს უნივერსიტეტის მიერ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირება წარმოადგენდა.
27. მომჩივანი განმარტავს, რომ მოწვეული სტუმრის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მაუწყებელს ეკისრება, ვინაიდან იგი ვალდებულია გაატაროს გონივრული და ეფექტიანი ღონისძიებები სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად, რაც პირდაპირ ეთერში გადაცემის მიმდინარეობისას შესაძლებელია იყოს პროგრამის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც წამყვანი შეაწყვეტინებს სტუმარს სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას და გაემიჯნება მის შინაარსს17. აღსანიშნავია, რომ ეკა სეხნიაშვილმა არათუ შეაწყვეტინა გადაცემის სტუმარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი პროფესორების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება, არამედ პირიქით - წამყვანი თავადვე უსვამდა ედიშერ გვენეტაძეს მაპროვოცირებელ კითხვებს უნივერსიტეტის პოლიტიკურად ანგაჟირებულობის 15 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, „მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ სახელმძღვანელო“ - პროექტი, გვ. 11. იხ. ბმული: https://www.comcom.ge/uploads/other/13/13050.pdf 16 Delfi AS v. Estonia, no. 64569/09, §159, ECHR 2015. იხ. ბმული: https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-155105 17 იქვე. გვ.12.
შესახებ, რითიც ხელს უწყობდა გადაცემის სტუმრის მიერ სიძულვილის ენის გავრცელებას. გარდა ამისა, ეკა სეხნიაშვილი თავადვე მტკიცებით ფორმაში აღნიშნავდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებულია (10:43-10:53 წთ.), რითიც ეთანხმებოდა ედიშერ გვენეტაძის მიერ განვითარებულ ნარატივს უნივერსიტეტის პარტიასთან აფილირების შესახებ. საყურადღებოა, რომ ჟურნალისტი ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შეურაცხმყოფელი სიტყვებით (,,ნაც, ე.წ.„იაიჩკები“) მოხსენიებას სიცილით გამოეხმაურა (12:55-13:03 წთ.) და მიმართვის ფორმად (13:05 წთ.) გამოიყენა შემდეგი სიტყვები - „კი ბატონო, ააჰა, კი ბატონო…“. სწორედ ამიტომ, ცალსახაა, რომ გადაცემის წამყვანმა არათუ აღკვეთა სიძულვილის ენის გავრცელება, არამედ პირიქით - თავად მიიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნულში. როგორც ედიშერ გვენეტაძის, ასევე გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული სიტყვები/ფრაზები მოიცავს სტიგმატიზაციის ელემენტებს, რომელიც მიმართულია ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მიმართ, არის სიძულვილის ენის შემცველი და ემსახურება უნივერსიტეტის დისკრედიტაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მომჩივანს მიაჩნია, რომ ,,ჯორჯიან თაიმსმა” დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტი.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კომისიისგან ითხოვს:
1. ცნოს საჩივარი დასაშვებად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაადგინოს, რომ ტელე-რადიო მაუწყებელმა ,,ჯორჯიან თაიმსმა” 2026 წლის 16 თებერვლის საავტორო გადაცემის („დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად”) მონაკვეთებში, ასევე, გადაცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებში სადავო ე.წ. „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების გამოქვეყნებით, დაარღვია: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები, 552 მუხლის პირველი პუნქტი, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი და მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. დაავალოს ტელე-რადიო მაუწყებელ ,,ჯორჯიან თაიმსს” 2026 წლის 16 თებერვლის საავტორო გადაცემის („დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად”) სადავო მონაკვეთების (ის მონაკვეთები, რომლებიც შეიცავს ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებს და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს) ამოღება:
ა),,ჯორჯიან თაიმსის” “Youtube“ არხიდან (“TV Georgian Times”; https://www.youtube.com/live/OALfj9-HtTk);
ბ) ,,ჯორჯიან თაიმსის” ინტერნეტ-ტელევიზიიდან (https://gttv.ge );
გ) ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის” ვებგვერდიდან (https://gtradio.ge /);
დ) ,,ჯორჯიან თაიმსის” “Facebook“ გვერდიდან (,,ჯორჯიან თაიმსი . GTTV“ - https://www.facebook.com/TVGeorgiantimes1?locale=ka_GE), თუკი გადაცემის სრული ვერსია განთავსებულია Live ვიდეოების არქივში;
ე) ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის” “Facebook“ გვერდიდან (,,რადიო ჯორჯიან თაიმსი/Radio Georgian Times“ - https://www.facebook.com/radioGT92.3?locale=ka_GE), თუკი გადაცემის სრული ვერსია განთავსებულია Live ვიდეოების არქივში.
4. დაავალოს ტელე-რადიო მაუწყებელს შემდეგი სადავო ე.წ. „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების წაშლა:
ა) ,,ჯორჯიან თაიმსი . GTTV“ (Facebook გვერდი) - 2016 წლის 16 თებერვლის პოსტი, ე.წ. ქარდი
(https://www.facebook.com/photo/?fbid=951301817418682&set=pb.100076166163964.-2207520000);
ბ) ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი/Radio Georgian Times (Facebook გვერდი)“ - 2016 წლის 16 თებერვლის პოსტი, ე.წ. ქარდი. (https://www.facebook.com/photo/?fbid=930844182672017&set=pb.100072393321802.2207520000&loc ale=ka_GE );
გ) ,,ჯორჯიან თაიმსი . GTTV“ (Facebook გვერდი) - 2016 წლის 16 თებერვლის მოკლე ვიდეო
(https://www.facebook.com/reel/26276793611933587 );
დ) ,,ჯორჯიან თაიმსი . GTTV (Facebook გვერდი)“ - 2016 წლის 16 თებერვლის მოკლე ვიდეო
(https://www.facebook.com/reel/1732894124358515?locale=ka_GE ).
5. დაავალოს ტელე-რადიო მაუწყებელ ,,ჯორჯიან თაიმსს”, როგორც იმავე საავტორო გადაცემაში („დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად”), ასევე ,,ჯორჯიან თაიმსისა” და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის” “Facebook“ გვერდებზე (პოსტით ან/და ე.წ. ქარდით) ახსნა- განმარტების გაკეთება, რომ 2026 წლის 16 თებერვალს საავტორო გადაცემაში და შესაბამისად, აღნიშნული გადაცემის საფუძველზე განთავსებულ ე.წ. ,,ქარდებში“/მოკლე ვიდოებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები (სადავო მონაკვეთები) წარმოადგენდა გადაუმოწმებელ, დაუზუსტებელ, ცრუ ინფორმაციას.
6. უზრუნველყოს საჩივრის ავტორის პასუხის უფლების რეალიზება “post factum“ (,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე), ვინაიდან, საჩივრის ავტორს არ მისცემია შესაძლებლობა ზემოაღნიშნულით ესარგებლა ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე - მაუწყებელს დაავალოს საჩივრის ავტორის პოზიციის გამოქვეყნება/გაჟღერება გონივრულ ვადაში და სათანადო ფორმით.
7. აუკრძალოს ტელე-რადიო მაუწყებელ ,,ჯორჯიან თაიმსს” გადაცემის სადავო მონაკვეთების, შესაბამისი ე.წ. ,,ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების გამოყენება ნებისმიერ სხვა გადაცემაში ან პლატფორმაზე, რომელმაც შესაძლოა კვლავ შექმნას საჩივრის ავტორის დისკრედიტაციის შთაბეჭდილება.
8. დაავალოს ტელე-რადიო მაუწყებელ ,,ჯორჯიან თაიმსს”, მომავალში თავი შეიკავოს დაუდასტურებელი, დისკრედიტაციული და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.
9. დააკისროს ტელე-რადიო მაუწყებელ ,,ჯორჯიან თაიმსს” კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
29. 2026 წლის 19 მაისს, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კომისიის 2026 წლის 11 მაისის Nგ-26-03/3163 წერილის პასუხად, კომისიაში წარმოადგინა (Nშ-26-6/5219, 19.05.26) საჩივარში მითითებული დანართებისა და სადავოდ ქცეული გადაცემის ამსახველი ვიდეომასალა ელექტრონულ მატარებელზე (CD)და განმარტა, რომ ,,ჯორჯიან თაიმზის“ ინტერნეტ- ტელევიზიისა და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის“ რადიომაუწყებლობის ვებგვერდზე “Live” რეჟიმში 2026 წლის 16 თებერვალს გასული გადაცემა (,,დროული დიალოგი“ ეკა სეხნიაშვილთან ერთად) მათთვის ხელმისაწვდომი იყო “Live” რეჟიმში მიმდინარეობისას, რაც ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ვებგვერდებზე არ იძებნება გადაცემის არქივი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ტელე-რადიო მაუწყებელმა ,,ჯორჯიან თაიმსმა“ წარმოადგინოს “Live” ვიდეოების არქივში განთავსებული გადაცემის (,,დროული დიალოგი“ ეკა სეხნიაშვილთან ერთად) სრული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
30. 2026 წლის 28 მაისს მოპასუხემ საჩივარზე წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/5404, 28.05.26), სადაც აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფაქტად ან/და აზრად მიჩნევა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევის გამოვლენა კომისიის ფუნქციას წარმოადგენს. საჩივარი ეხება მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის განხილვაც კომისიის კომპეტენციას არ წარმოადგენს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მსგავსი დავების მიღებისა და განხილვის საკითხს, არის ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგა პირს გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ საჩივარში საერთოდ არ არის მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანი მიადგა საჩივრის ავტორს მაუწყებლის მხრიდან. არ არის წარმოდგენილი რეალური და კონკრეტული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე არ არის მითითებული, თუ რა ფორმით დადგა ზიანი და რა მიზეზობრივი კავშირია გადაცემაში ნათქვამ ფრაზებსა და სავარაუდო ზიანს შორის. გარდა იმისა, რომ გადაცემაში მოხდა აზრის და არა ფაქტების გავრცელება, ჟურნალისტის მხრიდან არცერთი ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს მისთვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტს. მოპასუხის განმარტებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, პირს „უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით“. მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოცემული საკითხის დადგენა უწყებრივად არ ექვემდებარება კომუნიკაციების კომისიას.
31. მოპასუხის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. სადავო გადაცემა იწყება შემდეგი შესავლით: „შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ, და პასუხები, რომლებსაც ელით, მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 16:10 საათზე, ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა „დროული დიალოგი“. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის დარღვევას ადგილი არ აქვს.
32. მოპასუხის განცხადებით, მომჩივანი არასწორად წარმოაჩენს ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს გადაცემა - „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ შეეხებოდა მხოლოდ განათლების მიმდინარე რეფორმას. გადაცემის ანონსი ადასტურებს, რომ გადაცემა სხვადასხვა თემას ეხებოდა, კერძოდ: „ქიმიური ნივთიერების სკანდალი - საია სამართალწარმოებას იწყებს“; „რუსეთი ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობს“; „პოლიტიკური პროფესურა“; „დღეს, 16:10 საათზე, „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ წარმოგიდგენთ ედიშერ გვენეტაძეს“. იგივეა მითითებული გადაცემის დასაწყისში თემების მიმოხილვისას, და არცერთ ანონსში გადაცემის თემა არ უკავშირდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. შესაბამისად, ედიშერ გვენეტაძე გადაცემაში სტუმრად არა მხოლოდ განათლების რეფორმაზე, არამედ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით სასაუბროდ იყო მოწვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ არ იყო განსაზღვრული გადაცემის ინტერვიუ და სტუმრის სასაუბრო თემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდებოდა, ვერ იქნებოდა მოწვეული აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მით უფრო, რომ ამას არც გადაცემის ფორმატი ითვალისწინებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ გადაცემაში რესპონდენტი საუბარს იწყებს განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით საკუთარ უარყოფით პოზიციაზე.
33. მოპასუხის განმარტტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-19 მუხლისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის თანახმად, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიღების მიზანია საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და მედიის, ჟურნალისტებისა და თითოეული მოქალაქის დაცვა ხელისუფლების ან კერძო პირების მხრიდან უსაფუძვლო სამართლებრივი დევნისგან (განსაკუთრებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სამოქალაქო დავების კუთხით). „მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების უნივერსალური აღიარებისა, არც საერთაშორისო სამართალი და არც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მას აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას არ მიაკუთვნებს, და ის შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
34. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად მიჩნევისა და, შედეგად, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სპეციალურ წესს არეგულირებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად: (1) სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. (2) ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.
35. მოპასუხის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, მოცემული გამონათქვამი წარმოადგენს აბსოლუტური პრივილეგიით დაცულ აზრს, თუ იგი წარმოადგენს ცილისწამებას და შეიცავს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ მონაცემს/ბრალდებას. აზრი - რომელიც არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს - დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით ცილისწამება განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. ამდენად, გადაცემაში ჟურნალისტის მიერ კითხვების, აზრისა და შეფასების სახით გაჟღერებული ინფორმაცია დავის საგანს ვერ წარმოადგენს.
36. მოპასუხის განცხადებით, სიტყვა „აზრი“ გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებას თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. ფაქტი კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას - იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და დავადგინოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ ფაქტის გადამოწმება და მისი ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში აზრი და ფაქტი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად ჭარბობს ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ისე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტი კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომაც, საკამათო გამონათქვამის - როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის - კვალიფიცირებისას შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად - ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად - და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ.).
37. მოპასუხის განცხადებით, აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ საქმე №ას-569-540-2014, 11.03.2016; საქმე №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (იხ. Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, §61, ECHR 1999- IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, §46, ECHR 2007- IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, §90, ECHR 2012). საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (იხ. E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§79-80, 07.02.2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, §57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (იხ. Paturel v. France, no. 54968/00, §42, 22.12.2005). საქმეში ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 08.07.1886, §46) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria (no. 1), 23.05.1991, §63) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებული იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაეკისროს. ეს ეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (იხ. De Haes and Gijsels v. Belgium, 24.02.1997, §42). იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (იხ. Brasilier v. France, no. 71343/01, 11.04.2006, §37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (იხ. Paturel v. France, no. 54968/00, 22.12.2005, §37) (იხ. სუსგ საქმე №ას-836-2020, 16 მარტი, 2023 წელი).
38. მოპასუხის განცხადებით, გადაცემის წამყვანი სტუმრის წარდგენის შემდეგ ინტერვიუს იწყებს შემდეგნაირად: „თქვენ, როგორც პროფესორის, როგორც ისტორიკოსის მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესში წარმოიშვა, პირველ რიგში და მინდა, რომ შეაფასოთ იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, რამდენად ნეიტრალურები იყვნენ ის ადამიანები, თქვენი კოლეგები, პროფესორები, რექტორები,
რომლებიც, ამ შემთხვევაში, პრემიერის პირისპირ და განათლების მინისტრის პირისპირ ისხდნენ ტელეეთერში“. ამდენად, ვიდრე საჩივარში მითითებული ფრაზების უშუალო შეფასებაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერვიუს დასაწყისშივე აღნიშნავს გადაცემის წამყვანი, თუ რას ითხოვს და რას ელის სტუმრის პასუხებიდან - რესპონდენტის მოსაზრებებს და შეფასებებს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც, იმთავითვე გამორიცხავს აღნიშნულ გადაცემაში ფაქტების გავრცელების საკითხს და უკავშირდება მოსაზრებების და შეფასებების გავრცელებას. ამავე მტკიცებას ადასტურებს გადაცემის მსვლელობისას განვითარებული ინტერვიუ, სადაც ჟურნალისტი გამოთქვამს ინტერესს და სვამს კითხვას: „ეხლა მაინტერესებს, აი, ილიაუნის აქვს შფოთვები ხო, ყველაზე მეტად დარჩა მას, მეტი არავის, რა ხდება, არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტისგან“. ერთ-ერთი სწორედ აღნიშნული ფრაზაა გამხდარი სადავო საჩივრის ავტორის მიერ. გარდა ამისა, რომ აღნიშნულ ფრაზაში საერთოდ არ არის მითითებული კონკრეტული ინფორმაცია, ჟურნალისტი სვამს ზოგად კითხვას, რომელიც შეეხება ასევე ზოგადად „პროფესურის“ დამოკიდებულებას პოლიტიკასთან და არა კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, მით უფრო, კონკრეტულად რომელიმე პროფესორზე საერთოდ არ არის საუბარი. სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მათ წარმოთქმის მთლიანი კონტექსტის მხედველობაში მიღების გარეშე. ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს (შად. სუსგ-ებს: №ას-547-2020, 14.12.2021წ.; №ას-501-2020, 20.06.2023წ.).
39. მოპასუხის განმარტავს, რომ გადაცემის ფარგლებში ხდება არა ცილისმწამებლური ფაქტების გაჟღერება, არამედ სტუმრის მიერ აზრის გამოხატვა და შეფასების გაკეთება, რასაც ადასტურებს ასევე კითხვაზე მისი პასუხი: „მე რაც ვნახე, ეს იყო შაბათს, ხომ, ორი საათის განმავლობაში როდესაც ვუსმენდი მათ. ე.წ. როგორ გითხრათ, პოლიტიკურ აქტივობებს. სხვა ფრაზას ვერ დავარქმევ. ვინაიდან ბატონი სიმონ ჯანაშია გამოვიდა და პირდაპირ, პირველად ააფრიალა იმ სტუდენტების სურათები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან“. აღნიშნული ფრაზები საჩივრის ავტორს საჩივარში მითითებული არ აქვს. თუმცა, ისინი ცალსახად ადასტურებენ, რომ რესპონდენტი ახორციელებს საკუთარ შეფასებას მის მიერვე შაბათს ნანახი გადაცემიდან გამომდინარე. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა სიტყვები „მე რაც ვნახე“, „როგორ გითხრათ“, „სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ“. აზრის თავისუფლება კი, თუნდაც ეს იყოს კრიტიკული აზრი, ისევე, როგორც კომენტარისა და შეფასების გაკეთება კონკრეტული პირის შეხედულებიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეიზღუდოს, მით უფრო, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულისთვის არ არსებობს კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძველი.
40. მოპასუხის განცხადებით, არასწორია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „ფრაზები, რომლებიც კომენტარების, რეპლიკების, შეკითხვებისა თუ პასუხების ფორმით გაჟღერდა გადაცემის მიმდინარეობისას, საჩივრის ავტორს წარმოაჩენს იდეოლოგიურად მართულ, პოლიტიკურად მიკერძოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად“... და რომ „ჟურნალისტმა საკუთარი მოსაზრება ფაქტის ფორმით გაევრცელებინა, რითაც დაარღვია პროგრამის მიუკერძოებლობის სტანდარტი“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტაცია. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრებების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. „მაუწყებლის ქცევის კოდექსის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილების მე-17 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრებების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. ფრაზით - „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი“ - ზოგად შეფასებას აკეთებს ჟურნალისტი. აღნიშნულს ადასტურებს, ასევე სიტყვები „დიახ, ხო, ამას ვგულისხმობ“.. ამასვე ადასტურებს საჩივრის ავტორი წარმოდგენილი საჩივრით, როდესაც აღნიშნავს, რომ „საკუთარი მოსაზრება ფაქტის ფორმით გავრცელდა“, ანუ, ის გარემოება, რომ გადაცემის წამყვანი ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, მისთვისაც ცნობილია. შესაბამისად, საავტორო პროგრამის წამყვანის მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს.
41. მოპასუხის განმარტებით, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, ხოლო მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ხოლო აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდვის ინიციატორს წარმოადგენს რა საჩივრის ავტორი, მისი მტკიცების ტვირთია აღნიშნული გარემოებების დადასტურება, რასაც იგი ვერ ახორციელებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არასწორია საჩივრის ავტორის პოზიცია ჟურნალისტის არავერბალურ ფორმებთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ გარკვეულ სადავო საკითხებს თავის დაქნევით ეთანხმება. კონკრეტულად, რასთან დაკავშირებითაც საჩივარში უთითებს, რომ ჟურნალისტი თავს უკრავს, აღნიშნულ დროს მხოლოდ რესპონდენტის გამოსახულებაა ეთერში. რაც შეეხება თავის დაქნევით თანხმობას, ჟურნალისტი ეთანხმება რესპონდენტის რეპლიკას როდესაც აღნიშნავს „მაგასაც ავხსნით“ და გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს, როგორც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. ამასთან, არცერთი ნორმატიული აქტით ჟურნალისტს ემოციების გამოხატვა არ ეკრძალება.
42. მოპასუხე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. როგორც აღინიშნა, ამავე კანონის 54-ე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტაცია. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრებების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში. იგივე დებულებებია რეგლამენტირებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“, რომლის დარღვევასაც მაუწყებელს ედავება საჩივრის ავტორი. კერძოდ, მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად კი, საავტორო პროგრამის შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამებში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტაცია. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრებების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა ტელეკომპანიის მხრიდან ცრუ და შეცდომაში შემყვანი პოზიციის გავრცელებას. ჟურნალისტის არცერთი კითხვა არ უკავშირდება დისკრედიტაციას ვინმეს, მით უფრო საჩივრის ავტორის მიმართ. ყველა კითხვა დასმულია ზოგად კონტექსტში და გაკეთებულია გარკვეული შეფასებები. რაც შეეხება გადაცემის ფარგლებში რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, კანონი არ ანიჭებს ჟურნალისტს იმის უფლებას, რომ რესპონდენტს შეუზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მოელის მისი „როგორც პროფესორის, როგორც ისტორიკოსის მოსაზრებებს“ და „შეფასებებს“ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით.
43. მოპასუხის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო ვერ ჩაითვლება ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად. მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტის მიერ საჩივარში მითითებული არცერთი ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. შესაბამისად, არ არსებობს გადაცემის სადავო მონაკვეთების ამოღების, ე.წ. „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების წაშლის ან განმარტებების გაკეთების საფუძველი.
44. კომისიის 2026 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა, ნ. მირზაშვილმა, აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და 71-ე მუხლის საფუძველზე. „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია, ხოლო „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს. შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ამავე კანონის 52-ე, 54-ე და 55² მუხლების მოთხოვნები. წარმომადგენლის განმარტებით, დავის საგანი არ არის შეფასებითი მოსაზრება - ეს ფაქტის მტკიცებითი ფორმით გადმოცემული ინფორმაციაა, რომელიც გავრცელდა “YouTube“ -სა და სხვა პლატფორმებზე, აგრეთვე მაუწყებლების სოციალურ ქსელში ვიდეორგოლებითა და ე.წ. ქარდებით. საჩივრის ავტორი დაინტერესებული პირია, ვინაიდან საავტორო გადაცემაში გაჟღერებულმა ფრაზებმა და ჟურნალისტის ქცევამ სადავო მონაკვეთებში გავლენა მოახდინა მის კანონიერ ინტერესზე, კონკრეტულად, მის საქმიან რეპუტაციაზე. კომისიის გზამკვლევის თანახმად, დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირია ის, ვის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ გავლენას ახდენს მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის დადგენილი შინაარსობრივი მოთხოვნები. მაუწყებლის საქმიანობით შესაძლოა დაირღვეს როგორც პროგრამის მონაწილეთა, ისე აუდიტორიის უფლებები. პროგრამის მონაწილე არა მხოლოდ ის პირია, ვინც უშუალოდ მონაწილეობს, არამედ ისიც, ვისი სახელიც ან მონაწილეობაც ნახსენებია გადაცემაში. ამ შემთხვევაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს იმ პროგრამის მონაწილეს, რომლის სახელიც იქნა გაჟღერებული არაერთხელ როგორც ჟურნალისტის, ასევე მოწვეული სტუმრის მიერ და შესაბამისად იდენტიფიცირებადია მოცემულ სადავო მონაკვეთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ამ საჩივრის სუბიექტი. გარდა მისა, მაუწყებლის აუდიტორიის უფლებები შეიძლება იმ შემთხვევაში დაერღვეს, როდესაც მათ არ მიეწოდებათ ზუსტი და სრული ინფორმაცია და გზამკვლევი ასევე აკეთებს დადგმას, რომ შესაძლებელია მაუწყებლის კონკრეტული პროგრამით დაირღვეს არა მხოლოდ პროგრამის მონაწილის უფლებები, არამედ აუდიტორიის უფლებებიც. ანუ ორივე სუბიექტი იყოს ერთი და იგივე პირი, ან პირთა ჯგუფი. მოცემულ შემთხვევაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს როგორც პროგრამის მონაწილეს, რომლის უფლებებიც დაირღვა, რადგან მის საქმიან რეპუტაციას ზიანი მიადგა და მისი დისკრედიტაცია მოხდა, ხოლო მეორე მხრივ, ასევე წარმოადგენს მაუწყებლის აუდიტორიას, რომლის უფლებები დაირღვა იმ კუთხით, რომ საზოგადოებას არ მიეწოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ სწორი და დაზუსტებული ინფორმაცია, რომელიც იყო გადამოწმებული და შესაბამისად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მოხდა. მომჩივანმა განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაცია შეილახა და დისკრედიტაცია მოხდა, სწორედ ამიტომ დავობენ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის, ასევე მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის მოთხოვნის კუთხით და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
45. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, სიძულვილის ენა შესაძლოა მიემართებოდეს როგორც ერთ პირს, ისე პირთა ჯგუფს. ამ შემთხვევაში იურიდიული პირი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - წარმოადგენს იმ პირთა ჯგუფს, რომელიც საავტორო გადაცემაში სიძულვილის ენის ობიექტი გახდა, და უნდა გაიგივდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირთა ჯგუფთან. იგი დაინტერესებული პირია, ვინაიდან სადავო მონაკვეთებმა გავლენა მოახდინა მის კანონიერ ინტერესზე - საქმიან რეპუტაციასა და, აგრეთვე, სტუდენტთა და ლექტორთა უსაფრთხოებაზე. წარმომადგენლის განმარტებით, სიძულვილის ენის გავრცელება ამ საფრთხესაც მოიცავს, რადგან პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ გავრცელებულ სიძულვილის ენას შესაძლოა ძალადობრივი ქმედებებიც მოჰყვეს. შესაბამისად, კანონიერი ინტერესია სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ და ეს არის ,,არა მხოლოდ საქმიანი რეპუტაცია, არამედ მისი უსაფრთხოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირთა ჯგუფის ცნებაში ერთიანდება ამ შემთხვევაში, რომლის მიმართაც გავრცელდა სიძულვილის ენა“ და ამიტომ უნდა იყოს საჩივარი დასაშვები ამ ნაწილშიც. წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი გადაცემაში მიმდინარე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული პოზიციების გამო მოხდა მისი დისკრედიტაცია, ვინაიდან უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები არ ეთანხმებოდნენ რეფორმას და კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ, სწორედ ამ განსხვავებული შეხედულების ნიშნით მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დისკრედიტაცია.
46. კომისიის 2026 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ 2026 წლის 16 თებერვალს გასული სადავო გადაცემა - ,,დროული დიალოგი“ ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ გადაიცემოდა ,,ჯორჯიან თაიმზის“ ინტერნეტ-ტელევიზიისა და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის“ რადიომაუწყებლობის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში პირდაპირ (“Live”)ვებრეჟიმშიც. მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ წერილობით პოზიციას და აღნიშნა, რომ საჩივარი არ უნდა იქნეს განსახილველად მიღებული.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კომისია განიხილავს, მიაჩნია, რომ ეს არ არის კომისიის განსასჯელი. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფაქტად ან აზრად მიიჩნევა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევის გამოვლენა კომპეტენციას წარმოადგენს. ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მსგავსი დავების მიღებისა და განხილვის საკითხს, არის ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგა პირს და რომლის გაჟღერებით მან რაიმე ფორმით განიცადა აღნიშნული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში მხარემ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორი იყო უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეიძლება აღნიშნული საჩივარი შემოეტანა. თუმცა, ამ ნაწილშიც არ ეთანხმებიან, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, არცერთი დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიის მიერ ეთერში გაჟღერებული კითხვის შემდგომ მან პირდაპირ და უშუალო ზიანი განიცადა. პირდაპირ და უშუალო ზიანის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ამავდროულად, მხარე, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს. და მოცემულ შემთხვევაში მხარე, თუ რაიმე ფორმით სადავოდ ხდიდა და ამბობდა, რომ მაუწყებელმა რაიმე ფორმით მათი უფლება დაარღვია, ეს იყო სასამართლოს კომპეტენცია, რომელიც დღეის მდგომარეობით არის ხანდაზმული, ვინაიდან 100 დღის განმავლობაში შედავების უფლება მხარეს არ გამოუყენებია. აღნიშნული არის ამ ნაწილშიც ხანდაზმული. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივანის განცხადება იმის შესახებ, რომ გადაცემა იყო სიძულვილის სცენის მატარებელი და მასში გაჟღერებული ფრაზები მიმართული იყო პირთა ჯგუფის მიმართ და სხვა ხასიათის პირთა ჯგუფად უნდა მოიაზრონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლებრივ ნორმებს სცილდება და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 552 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმგვარ შეფასებად, რის წარმოჩენასაც ცდილობს მხარე.
47. კომისიის 2026 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გადაცემის წამყვანმა, ეკა სეხნიაშვილმა აღნიშნა, რომ გადაცემა არ შეიცავს სიძულვილის ენას და არც ვინმეს დისკრედიტაციის სურვილით შექმნილა. ეს არის საავტორო გადაცემა. პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ჟანრი სხვადასხვა მოქმედი პირის თანადროულ მოწვევას არ ითვალისწინებს, ეს ჟურნალისტიკის მკაცრად განსაზღვრული პრინციპია. ვინაიდან „დროული დიალოგის“ ფორმატი მხოლოდ ერთ სტუმართან საუბარს გულისხმობს, მასში ფიზიკურად ვერ ჩაერთვებოდნენ რესპონდენტის მიერ ხსენებული პირები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შესაბამისად, ჟანრობრივი თვალსაზრისით, ჟურნალისტიკის პრინციპები არ დარღვეულა. გადაცემაში განიხილებოდა მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმა და სხვა აქტუალური თემები, რისთვისაც სტუმარი იყო მოწვეული. როდესაც რესპონდენტმა ეს საკითხი ახსენა, ჟურნალისტის კითხვის ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო: „პროცესი დასრულდა; ვხედავთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუტს თავისი პოზიცია აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დარჩა შფოთვები. არის თუ არა დაცლილი პოლიტიკური კომპონენტისგან პროფესურა?“. წამყვანმა განმარტა, რომ კითხვა კონკრეტული მისამართით კი არ დასმულა, არამედ ზოგად ჭრილში და იგი განპირობებული იყო არსებული ფაქტობრივი გარემოებითა და ობიექტური მოცემულობით. კითხვის შინაარსის თვითნებური გადასინჯვა არღვევს ევროპულ კონვენციებს, მათ შორის, საერთაშორისო ნორმებს ჟურნალისტისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ჟურნალისტის მოსაზრებით, მომჩივანი ამ საჩივრით მასზე ზეწოლას ახორციელებს მისთვის სასურველი კითხვების დასასმელად, რაც მედიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მიზანმიმართული მცდელობაა. არსებული ობიექტური გარემოებებისა და საჯარო სივრცეში მანამდე გაჟღერებული მოსაზრებების გათვალისწინებით, ჟურნალისტის კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. ეთერში დასმული არცერთი შეკითხვა არ ემსახურებოდა ვინმეს წინასწარ განზრახულ დისკრედიტაციას. ისინი დასმული იყო ზოგად კონტექსტში, განათლების რეფორმის ირგვლივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
48. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის ბრალდება, თითქოს მათი პოზიცია არ გაჟღერდა და ამით მათ ზიანი მიადგათ, დაუსაბუთებელია და სუბიექტური განზრახვითაა მოტივირებული. ჟურნალისტს არანაირი ბოროტი ზრახვა არ ჰქონია. პროფესურის საჯარო პოზიციებიდან გამომდინარე, კითხვა - „არის თუ არა დაცლილი პროფესურა პოლიტიკური მიდრეკილებისგან?“ - წარმოადგენს კითხვით წინადადებას. ჟურნალისტს კი აქვს კითხვის დასმის უფლება, თუკი იგი არ ლახავს სხვის უფლებებს, არ არის ცილისმწამებლური და არ შეიცავს მადისკრედიტირებელ შინაარსს. წამყვანს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ ჰქონია წინასწარი განზრახვა ან მიკერძოებული დამოკიდებულება ამ უნივერსიტეტის მიმართ. მის მიერ ეთერში არცერთი სიძულვილის შემცველი სიტყვა არ გაჟღერებულა და არც მომავალში გაჟღერდება, რადგან ეს მისი პროფესიული პრინციპია. წამყვანს ჟურნალისტიკაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს და მიიჩნევს, რომ ამ კონტექსტში მასთან შედავება მხოლოდ ჟურნალისტისგან ლოიალობის მოპოვებისა და მის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაა.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
49. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
50. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
51. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ,,ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში“.
52. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.
53. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.
54. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს 552 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
55. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 59-ე მუხლის მოთხოვნების, აგრეთვე იმ ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება, რომლებიც მხოლოდ ქცევის კოდექსით არის დადგენილი, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
56. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
57. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
58. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
59. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
60. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
61. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას დაიცვას გადაცემული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის პასუხის უფლება კანონით დადგენილი წესით, 54-ე მუხლი - მაუწყებლის მიერ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის სტანდარტს, ხოლო 552 მუხლი კრძალავს სიძულვილის ენის შემცვლელი პროგრამის გავრცელებას.
62. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
63. მოჩივანი სადავოდ ხდის შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-ს ციფრულ და ინტერნეტ სივრცეებში (ტელემაუწყებლობა - ,,ჯორჯიან თაიმზი”; ინტერნეტ-ტელევიზია - https://gttv.ge/;
‘’Youtube“ არხი - “TV Georgian Times” (https://www.youtube.com/@TVGeorgianTimes) და შპს
,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს პლატფორმებზე (ვებგვერდი - https://gtradio.ge) 2026 წლის 16 თებერვალს განთავსებულ გადაცემას - „დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად” და აღნიშნული გადაცემის კონკრეტული მონაკვეთების ამსახველი ვიზუალური პოსტებისა (ე.წ.,,ქარდები“) და ვიდეორგოლების სოციალურ ქსელში (‘’Facebook”) მაუწყებლების გვერდზე განთავსებას, რომელიც, მისივე განცხადებით, წარმოადგენს მცდარ, შეცდომაში შემყვან და მიკერძოებულ ინფორმაციას, რომლის გავრცელებით მიადგა რეპუტაციული ზიანი. მაუწყებლებს არ მიუმართავს მისთვის მისი პოზიციის მოსმენის მიზნით და არ მიეცა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. საჩივრის ავტორის განცხადებით, ზემოაღნიშნული ინფორმაციის განთავსებით, ტელე-რადიო მაუწყებლის მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებითა და 552 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
64. შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია, ხოლო, შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“ - ლიცენზირებული პირი. ისინი, როგორც მაუწყებლები, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებული არიან ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვან „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 52- ე, 54-ე, 541 და 552 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
65. კომისიის მიერ, ასევე უნდა შემოწმდეს რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.
66. კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის18 მიხედვით, ,,მაუწყებლის ეთერში პროგრამის განთავსებით შესაძლებელია დაირღვეს შემდეგი პირის ან პირთა ჯგუფის უფლებები: ა) პროგრამის მონაწილეების - პირის ან პირთა ჯგუფის, რომელსაც უშუალოდ მიემართება პროგრამა, რომელიც მოხსენიებული არიან პროგრამაში, რომელთა ხმა ან გამოსახულება არის გამოყენებული პროგრამაში, რომელთა სახელი, სახელწოდება ან ბრენდული დასახელებაა პროგრამაში მოხსენიებული და ა.შ.“.
67. შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-სა და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს მიერ ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებული სადავოდ ქცეული გადაცემა, ასევე მიემართება მომჩივანს, და როგორც მომჩივანი აცხადებს, გადაცემაში გაკეთებული განცხადებებით დაირღვა მისი კანონიერი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი წარმოადგენს საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს მაუწყებლების მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების დარღვევასთან მიმართებით.
68. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
69. სიძულვილის ენის გავრცელების ამკრძალავი ნორმა დასახელებული ნიშნების ჩამონათვალით,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილია კანონის ,,აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან“ (2010/13/EU) ჰარმონიზების მიზნით19. დირექტივის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადამიანის ღირსების დაცვის და პატივისცემის ვალდებულებების შეუზღუდავად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ აუდიოვიზუალური მედიამომსახურებები არ შეიცავდეს ძალადობის ან სიძულვილის წახალისებას პირთა ჯგუფის ან ასეთი ჯგუფის წევრის მიმართ, ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ქარტიის 21-ე მუხლში მითითებული რომელიმე საფუძვლით20. ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ქარტიის 21-ე მუხლის შესაბამისად, რომლითაც მოხდა ევროპული კავშირის ფარგლებში არსებული ადამიანის ღირსებასთან დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებებისა და პრინციპების ერთ კოდიფიცირებულ აქტში კონსოლიდაცია, აკრძალულია დისკრიმინაცია სქესის, რასის, კანის
18 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio- dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page
19 იხ. განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (22.12.2022, N2482-Xრს-Xმპ) https://www.parliament.ge/legislation/24615
20 Audiovisual Media Services Directive (AVMSD) 2010/13/EU, Article 6 - “1.Without prejudice to the obligation of Member States to respect and protect human dignity, Member States shall ensure by appropriate means that audiovisual media services provided by media service providers under their jurisdiction do not contain any: (a) incitement to violence or hatred directed against a group of persons or a member of a group based on any of the grounds referred to in Article 21 of the Charter”. https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2018/1808/oj
ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, საკუთრების, დაბადების, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკისა ან სექსუალური ორიენტაციის გამო21. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიძულვილის ენის რეგულირების მიზანია ფიზიკური პირის ან პირთა ჯგუფის ღირსების დაცვა, მაშინ, როდესაც იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის სამართლებრივი დაცვა მოკლებულია ამგვარ მორალურ საფუძველს და კომერციულ თუ ფუნქციურ ინტერესებს ემსახურება22. ამდენად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55² მუხლით გათვალისწინებული სიძულვილის ენის აკრძალვა ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით, მიემართება ფიზიკურ პირს ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშნით გაერთიანებულ ფიზიკურ პირთა ჯგუფს, და არა იმ ორგანიზაციას, რომელშიც ისინი დასაქმებული არიან.
70. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სსიპ - ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/4890, 6.05.26), შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-სა (ს/კ: 204446867) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს (ს/კ: 401993820) მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან მიმართებით მიიღოს განსახილველად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 764 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-სა (ს/კ: 204446867) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს (ს/კ: 401993820) მიმართ სსიპ - ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4890, 6.05.26) ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების დარღვევის ნაწილში განსახილველად იქნეს მიღებული.
2. შპს ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“-სა (ს/კ: 204446867) და შპს ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“-ს (ს/კ: 401993820) მიმართ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/4890, 6.05.26) ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ნაწილში განსახილველად არ იქნეს მიღებული.
3. დავის განხილვა დაინიშნოს 2026 წლის 18 ივნისს, 15:00 საათზე.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის
21 https://fra.europa.eu/en/eu-charter/article/21-non-discrimination
22 UJ v. Hungary, no. 23954/10, § 22. https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-105715%22]}
მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
