ComCom-ის წარმომადგენლებმა BRAF-ის მე-11 წლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თინათინ ჭაჭუკაშვილმა და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, თამარ პოპიაშვილმა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმის (BRAF) მე-11 წლიურ შეხვედრასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიოვიზუალური საბჭოს (ACRA) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმზე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ბავშვთა უფლებების დაცვა მედია მომსახურებებში“, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა BRAF-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნეს მაუწყებლობისა და მედიამომსახურებების სფეროში საქართველოში არსებული სიახლეები და გამოწვევები, ასევე, ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ComCom-ის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი.
სესიის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედია მომსახურებებში ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და განვითარება, ასევე, მედიაწიგნიერებისა და მშობლების კონტროლის როლი ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დისკუსიის ფარგლებში კოლეგა მარეგულირებლებმა განიხილეს მაუწყებლობის რეგულირების სფეროში არსებული სიახლეები და ციფრული წიგნიერების მიმართულებით, მარეგულირებელი ორგანოების როლი. აღსანიშნავია ისიც, რომ BRAF-ის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმის მომავალ თავმჯდომარედ ალბანეთის მარეგულირებელი ორგანო აირჩიეს.
შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმი 2009 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან საქართველოს, თურქეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუმინეთი, რუსეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, უკრაინა და სერბეთი.