სექტემბერი 14, 2020 10:15

ისწავლე საუკეთესოსგან - მედიააკადემიამ ონლაინ მასტერკლასი დაიწყო

ამბის თხრობა, ინტერვიუს მომზადება, კითხვის დასმის ტექნიკა,  ფოტოამბის გადაღება, გადასაღებ მოედანზე და სტუდიაში მუშაობა - მედიააკადემიამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის პირველი ონლაინ მასტერკლასი დაიწყო.

ეს არის ექსკლუზიური პროექტი ქართულ მედიასივრცეში, მათთვის, ვისაც ჟურნალისტიკა აინტერესებს, ვინც ამ პროფესიაზე ფიქრობს, ან უბრალოდ უნდა გაიგოს, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი.

მედიააკადემია დაინტერესებულ პირებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ონლაინ ლექციებით ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას,  მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. 

ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი მაყურებელს გაუზიარებენ მრავალწლიან გამოცდილებას და შესთვაზებენ ექსკლუზიურ სალექციო კურსებს,  რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. მასტერკლასის თითოეული ონლაინ კურსი შედგება 10-მდე ვიდეო ლექციისგან, თითო ლექცია კი მაქსიმუმ 10-12 წუთს გრძელდება.

ეს არ არის თეორიაზე დაფუძნებული სწავლება, ავტორები საკუთარი საუკეთესო პრაქტიკით გიყვებიან და გაძლევენ საშუალებას შეიხედოთ კულისებში, უშუალოდ მათგან მოისმინოთ ის, რაც ეთერში არასოდეს ჩანს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ხარისხიანი მედიაპროდუქტის მოსამზადებლად. 

მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე - არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, სად სწავლობ და როგორია შენი გრაფიკი.  ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომელსაც უსმენ და უყურებ შენთვის ხელსაყრელ დროს.

მასტერკლასის კონტენტი მედიააკადემიის იუთუბ არხზეა https://www.youtube.com/channel/UCATu9pm31l8RZTLc9aM8tZg/featured განთავსებული.

ონლაინ მასტერკლასი ახალი ავტორებით მომავალშიც გაგრძელდება, მედიააკადემიას დაგეგმილი აქვს არა ერთი საინტერესო ავტორის მიწვევა, რათა კურსი იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო ფართო აუდიტორიისთვის.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები