ოქტომბერი 20, 2020 16:18

სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები

რეკომენდაციების მიღების მიზანს წარმოადგენს სოციალური რეკლამის  განთავსების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონისმიერი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) უფლებამოსილებების თაობაზე მაუწყებელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა ინფორმირება;

1. მოქმედი კანონმდებლობა იცნობს რეკლამის სამ სახეს: კომერციული, პოლიტიკური/წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამა, ხოლო კომერციული კომუნიკაციების სხვა სახეებს განეკუთვნება ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება.

1.1. კომერციული რეკლამა არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

1.2. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

1.3. სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

1.4. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

2. მიუხედავად იმისა, რომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს სოციალური რეკლამის შინაარსზე და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს, წარდგენილი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებამდე, მნიშვნელოვანია მაუწყებელმა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

2.1. მაუწყებელმა უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული კომერციული და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებებით და უნდა იმსჯელოს მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას. აღნიშნულის გათვალისწინებით მაუწყებელი ამოწმებს:

2.1.1. ხომ არ შეიცავს წარმოდგენილი ვიდეო რგოლი კომერციული რეკლამის ნიშნებს;

2.1.2. ხომ არ შეიცავს წარმოდგენილი ვიდეო რგოლი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნებს;

2.1.3. ხომ არ შეიცავს წარმოდგენილი ვიდეო რგოლი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

2.2. ამავე დროს მაუწყებლის მიერ უნდა გადამოწმდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. მიმართულია თუ არა მასთან წარმოდგენილი ვიდეო რგოლი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ;

2.2.2. ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს;

2.2.3. ხომ არ შეიცავს წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არასათანადო რეკლამის ნიშნებს.

3. სოციალური რეკლამის, როგორც რეკლამის ერთ-ერთი სახეობის მაუწყებლის მიერ გავრცელება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობასთან, საქველმოქმედო მიზნების მიღწევასთან, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებული იდეებისა და წამოწყებებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, ანუ ასეთი იდეებისა და წამოწყებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას.

4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებით, რეკლამა უნდა იყოს ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია რეკლამირებადი პროდუქტის თაობაზე. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ მისთვის წარდგენილი ვიდეო რგოლის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შეიცავს თუ არა მისთვის მიწოდებული ვიდეო რგოლი რაიმე კონკრეტული პროდუქტის, პროცესის, აქტივობის თაობაზე ინფორმაციას, რომლის საზოგადოებისათვის მიწოდებაც ემსახურება საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას, საქველმოქმედო მიზნების მიღწევას, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობას.

5. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხშირია მაუწყებლების ეთერში განთავსებულ სოციალურ რეკლამასთან  დაკავშირებით კომისიისთვის მომართვის და კომისიის მიერ შეფასებების გაკეთების მოთხოვნის ფაქტები, კომისია განმარტავს შემდეგს:

5.1. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დავა რეკლამის დამკვეთსა და რეკლამის გამავრცელებელს შორის სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით გავრცელებასთან დაკავშირებით და კომისიას განცხადებით მომართავს პირი, რომელიც არ წარმოადგენს  კონკრეტული სოციალური ვიდეო კლიპის დამკვეთს ან/და რეკლამის გამავრცელებელს (მაუწყებელს), არამედ წარმოადგენს პირს, რომელიც დაინტერესებულია მაუწყებლის საქმიანობით, მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამით და მოითხოვს კონკრეტული მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებული ვიდეო მასალის შესწავლას, კომისია, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, შემოიფარგლება სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილის) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე, „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვაზე, ზედამხედველობითა და კონტროლით, იხელმძღვანელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური, კომერციული და წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებებით და იმსჯელებს ზემოაღნიშნული პირის მიერ გასაჩივრებული სარეკლამო რგოლი ხომ არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო  სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას და აღნიშნული ვიდეო მასალა ხომ არ წარმოადგენს კომერციულ ან წინასაარჩევნო რეკლამას.

5.2. მაუწყებელი უფლებამოსილია საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლი/რგოლები განათავსოს ისე, რომ ამ რგოლის/რგოლების განთავსებით არ დაირღვეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით  (განთავსების მიზნით მაუწყებლისთვის წარდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად უნდა დაეთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა) გათვალისწინებული მოთხოვნები სხვა რეკლამის დამკვეთთა მიმართ.

5.3. პირს, რომელსაც მაუწყებელმა დროის ლიმიტის ამოწურვის მიზეზით სოციალური ვიდეო რგოლის განთავსებაზე უარი განუცხადა და რომელსაც მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ განთავსებული კონკრეტული  ვიდეო რგოლი/რგოლები არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით სოციალური რეკლამისათვის განსაზღვრულ დეფინიციას, უფლება აქვს მიმართოს კომისიას აღნიშნული ვიდეო რგოლის შესწავლის მოთხოვნით, რომელსაც კომისია აფასებს კანონით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.

6. კომისიის მიერ ვიდეო რგოლის შეფასება – მიმართულია თუ არა იგი საზოგადოებრივი სიკეთისა და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ, მნიშნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, ხორციელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 661 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა დავა რეკლამის დამკვეთსა და რეკლამის გამავრცელებელს შორის.

7. კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს მაუწყებელთა მიერ სამაუწყებლო ბადეში  სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ ვიდეო რგოლებზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები