ტელერადიომაუწყებლობისათვის სიხშირეთა განაწილების გეგმა (განმარტებითი ბარათი)
ტელერადიომაუწყებლობისათვის (შემდგომში სამაუწყებლო) სიხშირეთა განაწილების გეგმა მოიცავს საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტებისათვის გამოყოფილი სიხშირეების ჩამონათვალს, ინფორმაციას გადამცემი ანტენების განთავსების კოორდინატების, მათი მოქმედების (ტელერადიო გადაფარვის“) საშუალო რადიუსის, ანტენებით გამოსხივებული სიმძლავრისა და გამოსხივების დიაგრამის ტიპის შესახებ. აღნიშნული გეგმის საფუძველს წარმოადგენს სამაუწყებლო სიხშირეთა დაგეგმილი ბადე, რომელიც შემუშავდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ღია ტენდერში მონაწილეობის გზით (გადაწყვეტილება ¹ 487, 26.09.03.) და წარმოდგენილია 19 ფურცელზე.
სიხშირეთა განაწილების გეგმა შეიცავს როგორც რადიო, ასევე სატელევიზიო სამაუწყებლო სიხშირეებს:
· FM (100 – 108 მგჰც) დიაპაზონის რადიოსამაუწყებლო სიხშირული ბადე;
· სატელევიზიო, დეციმეტრული დიაპაზონის სიხშირული ბადე.
FM (100 – 108 მგჰც) დიაპაზონის რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა ბადის შექმნის პროცესში ვეყრდნობოდით შემდეგ მოსაზრებებს:
1. ელექტრომაგნიტური გამოსხივებით საქართველოს ტერიტორიის სრული გადაფარვის (მდგრადი, საიმედო რადიოკავშირის განხორციელება) მიზნით, იმ სამაუწყებლო კომპანიებმა, რომლებიც განახორციელებენ მაუწყებლობას ერთ ან რამოდენიმე პუნქტში, სურვილისა და ეკონომიკური შესაძლებლობის შესაბამისად განახორციელონ მაუწყებლობა;
2. რადიოსამაუწყებლო გადამცემი სისტემების განთავსების პუნქტები ისეა შერჩეული, რომ რადიოგადაფარვის ზონაში აუცილებლად ხვდებოდეს საავტომობილო მაგისტრალებიც;
3. მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს სინქრონული მაუწყებლობის განხორციელება;
4. რადიოსამაუწყებლო FM (100 – 108 მგჰც) დიაპაზონის სიხშირული ბადე შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე რადიოკავშირის რეგლამენტისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანების (ITU) ნორმებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე ამჟამად მოქმედი და უახლოეს მომავალში გასაცემ სიხშირეთა ბადის და ქვეყნის გეოგრაფიული რელიეფის გათვალისწინებით;
5. მაქსიმალურად გათვალისწინებულია დაცვითი თანაფარდობები სამოქმედოთ შერჩეულ სიხშირეთათვის, როგორც ანალოგურ, ასევე ციფრული სისტემებით მაუწყებლობისთვის.
სატელევიზიო დეციმეტრულ დიაპაზონში მაუწყებლობის დაგეგმილი სიხშირული ბადე, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ნორმატივებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით, საშუალებას იძლევა:
1. მოქმედმა ან ახლო მომავალში შექმნილმა ტელე-სამაუწყებლო კომპანიებმა შეძლონ საქართველოს მოსახლეობის ტელესაინფორმაციო მოთხოვნილებათა მაქსიმალური დაკმაყოფილება;
2. სიხშირეთა დაგეგმილი ბადე გათვალისწინებული ქვეყნის ძირითადი ტელე-სამაუწყებლო ქსელისათვის, რომელსაც რეტრანსალაციის საშუალებით, შეიძლება დაუკავშირდეს მცირე სიმძლავრის რეტრანსლატორების მეორადი ქსელი, რომლის სამუშაო სიხშირეთა განსაზღვრა მოხდება ძირითადი ქსელის ამოქმედებისა და სათანადო მონიტორინგის ჩატარების შედეგად მოპოვებულ მასალათა ანალიზის საფუძველზე;
3. დაგეგმილი სიხშირული ბადე ითვალისწინებს როგორც ფართო ქსელის, ისე ერთ რომელიმე კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში, როგორც რეგიონალური, ისე ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებლობის მოწყობის შესაძლებლობას;
4. ნორმატივებით განსაზღვრული დაცვითი კრიტერიუმების გამოყენებით, ურთიერთხელშეშლების გამორიცხვის და მოქმედი და უახლოეს მომავალში გასაცემი ტელე-სამაუწყებლო სიხშირეთა გათვალისწინებით, გამოვლენილია დღეისათვის შესაძლო სამუშაო სიხშირეთა მაქსიმალური რაოდენობა;
წარმოდგენილი სამაუწყებლო სიხშირეთა დაგეგმილი ბადის მიხედვით, ტექნიკური პროექტის მომზადების და გადამცემი სადგურების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
1. გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია არსებული საანძო კონსტრუქციებისათვის. დასაშვებია მითითებული კოორდინატებით განსაზღვრული წერტილიდან 1000 მეტრ რადიუსში გამოყენებული იქნას ანძის ახალი კონსტრუქცია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნება;
2. ITU-ს რეკომენდირებული სტანდარტების (ITU-R, BS, 412-7, 417-4, საკითხი 43/11) თანახმად, სიგნალის მდგრადი მიღებისათვის, აუცილებელია სამაუწყებლო ზონის საშუალო რადიუსი განისაზღვროს ველის დაძაბულობის მინიმალურად დასაშვებ მნიშვნელობაზე დაყრდნობით;
3. გადამცემი სადგურის ტექნიკური პროექტის მომზადება უნდა განხორციელდეს სამაუწყებლო სიხშირეთა დაგეგმილ ბადეში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად;
4. რეალურ პირობებში, როცა გასათვალისწინებელი დაფარვის ზონის რთული რელიეფის გავლენა ელექტრომაგნიტური ველის გავრცელებაზე და აგრეთვე საერთაშორისო კოორდინაციის მოთხოვნები, დასაშვებია გასხივების პარამეტრების შეცვლა აღიარებული ნორმების ფარგლებში.
წარმოდგენილი სამაუწყებლო სიხშირეთა დაგეგმილი ბადე გათვალისწინებულია სიხშირეთა ჩამონათვლის საზღვრებში ცალკეული გადამცემების ერთდროული დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის. ამგვარად, გადამცემი სადგურების წარმოდგენილი რაოდენობის ფარგლებში შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მრავალნაირი კონფიგურაციის სამაუწყებლო ქსელის მოწყობა, როგორც რადიო ასევე სატელევიზიო მაუწყებლობისთვის. წარმოდგენილი სიხშირული ბადე მაქსიმალური შესაძლებლობით არის დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი სპექტრი დატვირთულია და გამოყენებულია ეფექტურად. შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულია სასაზღვრო რაიონებში მეზობელი ქვეყნების ტელე და რადიოგადამცემების გავლენა საქართველოს ელექტროკავშირის სისტემების მუშაობაზე და ისეა შერჩეული სამუშაო სიხშირეები, რომ მინიმალური იყოს ურთიერთზეგავლენა.
საქართველოში ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობა დაინერგება არსებული ანალოგური სისტემის სიხშირულ დიაპაზონებში ეტაპობრივი ჩანაცვლებით. საქართველოში მიწისპირა ციფრული ტელერადიომაუწყებლობისათვის გამართლებულია ევროპული სტანდარტები (DVB-T – ტელემაუწყებლობისათვის და T-DAB - რადიომაუწყებლობისათვის), გამომდინარე შემდეგი მოსაზრებიდან:
· საქართველო ესაზღვრება ევროპულ ქვეყნებს და სასაზღვრო რაიონების მოთხოვნები, ურთიერთხელშეშლების თვალსაზრისით, დაცული იქნება;
· ყველაზე ფართო არჩევანი მიმღებ-გადამცემ და მაფორმირებელ აპარატურაზე მოსალოდნელია დასავლეთ ევროპის მწარმოებელი ფირმებისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფირმებისათვის დამახასიათებელია აპარატურაზე ფასების კლების უწყვეტი ტენდენცია;
· ევროპის ქვეყნებში უახლესი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გათვალისწინებით, წარმოებული აპარატურა უზრუნველყოფს სიგნალის საიმედოდ მიღების უნიკალური შესაძლებლობებს რთული რელიეფის პირობებშიც, რაც საქართველოსთვის მნიშნვნელოვანია;
· ევროპული სტანდარტების კონცეფცია ითვალისწინებს პროგრამების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას და მინიმალური დანახარჯებით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესაძლებლობებს;
· საქართველოში ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობა დაინერგება არსებული ანალოგური სისტემის სიხშირულ დიაპაზონებში ეტაპობრივი ჩანაცვლებით.
შპს საქართველოს ტელერადიოცენტრის“
ტექნიკური დირექტორი ბორის ადამია
შპს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და
ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის
ტექნიკური დირექტორი ნოდარ ასპანიძე
შპს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და
ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის”
მთავარი ინჟინერი თამაზ სვანიძე
თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი
ევრაზიის ფონდი, კავკასიური კვლევების
რესურის ცენტრის დირექტორი ლევან თარხნიშვილი