სექტემბერი 09, 2016 14:37

რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის პროექტი და განმარტებით ბარათი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.“

„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა (შემდგომში „გეგმა“) პირველად გამოქვეყნდა 2006 წელს. დროთა განმავლობაში ახალი რადიო სისტემების, რადიოსიხშირეთა სპექტრის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე მიღწეული შეთანხმებების, ან ეროვნულ დონეზე ქვეყნის სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად გეგმა განიცდიდა მოდიფიცირებას და მასში შედიოდა ცვლილებები და დამატებები. გეგმის წარმოდგენილი ვარიანტი ძირეულად (როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად) განსხვავდება მისი თავდაპირველი 2006 წლის ვერსიისაგან. 

გეგმა შეიცავს ცხრილებს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების შესახებ. ეს ცხრილები დაფუძნებულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლამენტზე (2012 წლის გამოცემა), თუმცა, ამასთან, მასში შესულია ის გადაწყვეტილებებიც, რომლებიც მიღებული იქნა 2015 წლის მსოფლიო რადიოსაკომუნიკაციო კონფერენციაზე. გეგმა მოიცავს სიხშირულ დიაპაზონებს 9 კილოჰერციდან (კჰც) 1000 გიგაჰერცამდე (გჰც) და თითოეული სიხშირული დიაპაზონისთვის განიხილულია რადიოსაკომუნიკაციო სამსახურების ტიპები, რომლებიც განსაზღვრულია ITU-ს რადიორეგლამენტით და ის აპლიკაციები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ან მომავალში იქნება გამოყენებული საქართველოში. ITU-ს რადიორეგლამენტის გარდა, ცხრილები, ასევე, დაფუძნებულია სიხშირეების განაწილებისა და გამოყენების ევროპულ ცხრილზე (ERC Report 25), რომლის ბოლო ვარიანტიც გამოქვეყნდა 2016 წლის ივნისში.

გეგმაში მოცემული ცხრილები სტრუქტურულად წარმოდგენილია შემდეგნაირად:

პირველი სვეტი - სიხშირული დიაპაზონი.

ამ სვეტში მოცემული მნიშვნელობები აღნიშნავენ სიხშირულ დიაპაზონებს. განხილულია შემდეგი სიდიდეები: კჰც (კილოჰერცი), მეგაჰერცი (მჰც) და გიგაჰერცი (გჰც).

მეორე სვეტი - პირველი რეგიონისათვის RR განაწილება.

ამ სვეტში მოცემულია  რადიოკავშირის სამსახურების მიხედვით განაწილება  რადიორეგლამენტიდან (RR) ITU-ს პირველი რეგიონის ქვეყნებისათვის (საქართველო განეკუთვნება ამ რეგიონს), შესაბამისი ფუტნოტებით (შენიშვნებით), რომლებიც განსაზღვრულია ამ რეგიონის ქვეყნებისათვის. ჩვეულებრივი შრიფტით წარმოდგენილია ITU-ს რადიორეგლამენტით განსაზღვრული განაწილებები პირველად საფუძველზე, ხოლო კურსივით (დახრილი შრიფტით) - განაწილებები მეორად საფუძველზე. გეგმის ბოლოს ცხრილით წარმოდგენილია ITU-ს რადიორეგლამენტის ის ფუტნოტები, რომლებშიც მითითებულია საქართველო.

მესამე სვეტი - საერთო ევროპული განაწილება (ERC report 25).

ამ სვეტში მოცემულია მონაცემები საერთო ევროპული განაწილების ცხრილიდან (ERC Report 25). აქაც ჩვეულებრივი შრიფტით წარმოდგენილია განაწილებები პირველად საფუძველზე, ხოლო კურსივით (დახრილი შრიფტით) - განაწილებები მეორად საფუძველზე. საერთო ევროპული განაწილების ცხრილის ფუტნოტები წარმოდგენილია ECA აღნიშვნით.

მეოთხე სვეტი - გამოყენება ეროვნულ დონეზე.

ამ სვეტში მოცემულია სიხშირეების გამოყენება ეროვნულ დონეზე, როგორც დღევანდელი მდგომარეობით, ასევე პერსპექტიული გამოყენების კუთხით. თითოეული რადიოსიხშირული დიაპაზონისათვის მეოთხე სვეტში წარმოდგენილი სიხშირეების განსხვავებული დანიშნულებებით  გამოყენების პრიორიტეტებს და წესს განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კონკრეტული სიხშირეების სარგებლობის უფლების გაცემის პროცესში.

მეხუთე სვეტი - შენიშვნები.

ამ სვეტში წარმოდგენილია  შესაბამისი ევროპული სტანდარტები (EN აღნიშვნით), ასევე ევროკავშირის (EU), ევროკომისიის (EC),  ევროპის საფოსტო და ტელეკომუნიკაციების კონფერენციის (CEPT), ევროპის კომუნიკაციების კომიტეტის (ECC) და ევროპის რადიოსაკომუნიკაციო კომიტეტის (ERC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები.

გეგმა, ასევე, შეიცავს გამოყენებული აბრევიატურების სიას განმარტებით და თარგმანით.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები